21 წლამდე საპარლამენტო ასაკის დაწევა: რა ფაქტორების გათვალისწინებაა საჭირო ამ ცვლილების შეტანისას?

[ბლოგი მომზადდა “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო თემატური ჯგუფის – “ახალგაზრდების პოლიტიკური ჩართულობა””  წევრის, ანი გოგიშვილის მიერ. პროექტი ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, USAID/Georgia-ის ფინანსური მხარდაჭერით]. 

პარლამენტის, როგორც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს გამართულად ფუნქციონირება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია პარლამენტში სამართლიანად დაკომპლექტებული შემადგენლობა, რომელიც ითვალისწინებს უმცირესობების, განსხვავებული იდეოლოგიებისა თუ ასაკის წარმომადგენლების აქტიური ჩართულობასაც.

მნიშვნელოვანია იმის გაანალიზებაც, თუ რამდენად აქვთ სათანადო განათლები მქონე ახალგაზრდეს საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის შესაძლებლობა.

საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლით საქართველოს პარლამენტის წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი 25 წლის ასაკიდან. დემოკრატიის მშენებლობისა და სამართლებრივი რეფორმის მოცემულ ეტაპზე, მიზანშეწონილია გადაიხედოს მოცემული და გაიმართოს მსჯელობა იმაზე, თუ რამდენად შესაძლებელია საპარლამენტო ასაკის დაწევა, რა შედეგის მომტანი შეიძლება იყოს მსგავსი ცვლილება.

ბლოგში, მიმოხილულია 21 წლის ასაკიდან პირისთვის საპარლამენტო მანდატის მინიჭების სარგებელი მოკლევადიან თუ გრძელვადიან პერსპექტივაში, მისი პოტენციური  უარყოფითი მხარეები და ის, თუ რა პერსპექტივა, შეიძლება, ჰქონდეს მის დანერგვას საქართველოში.

მდგომარეობა საქართველოში

ხშირადაა იმაზე საუბარი, რომ ქართული პოლიტიკა დაბერდა და მას ახალი სისხლი, სახეები ჭირდება.ცხადია, პოლიტიკაში ახალი, ახალგაზრდა სახეების გამოჩენა, თავისთავად პოზიტიურ მოვლენად უნდა შეფასდეს, თუმცა  ასაკობრივი ცენზის დაწევისას მნიშვნელოვანია მსჯელობა იმაზე:

თუ რამდენად საკმარისია 21 წლის მოქალაქის  კომპეტენცია და გამოცდილება გაუმკლავდეს სახელმწიფოს წინაშე  არსებულ გამოწვევებს.

არის თუ არა ამ ასაკის ახალგაზრდა სრულფასოვანი უმაღლესი განათლების მფლობელი.

არის თუ არა სათანადოდ მომწიფებული იმისათვის, რომ გადაწყვეტილებები თავსმოხვეული არ იყოს და ა.შ

პირველ რიგში, მნივნელოვანია მსჯელობა იმაზე, თუ რამდენად არის 21 წლის ახალგაზრდა სათანადო განათლებისა და კომპეტენციის მქონე, რათა გაუმკლავდეს სახელმწიფოს წინაშე არსებულ გამოწვევებს.  ამ ასაკის ახალგარდა არ არის სრულფასოვანი უმაღლესი განათლების მფლობელი, სათანადოდ არ აქვს შესწავლილი არც თავისი მომავალი პროფესია და ხშირად, არც შესაბამისი სამსახურეობრივი გამოცდილება.  განათლების გარდა, ქვეყანაში არსებული სოციალური ფონი, უმუშევრობა, პოლიტიკური ნიჰილიზმის და სხვა დიდ პრობლემას წარმოადგენს. ახალგაზრდა შესაძლოა იყოს განათებული, თუმცა ზემოხსენებული მდგომაროების გამო ვერ დაიმკვიდროს პოლიტიკაში თავი.

ყველაფრის თავი და თავი არის განათლება და ის შესაძლებლობები რაც ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას განვითარდნენ. ყოველივე ეთმანეთთან არის დაკავშირებული და საერთო ჯამში გვაძლევს იმის ვარაუდს, რომ გარკვეული დაშვებები გავაკეთოთ. მსჯელობა იმაზე, რომ შესაძლოა ასაკობრივი ცენზის დაწევა გამართლებული იყოს უნდა გამომდინარეობდეს ფონიდან რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს. თუმცა არსებული მდგომარეობა სხვარამეს მეტყველებს.  საქართველოში ახალაზრდების ნიჰილისტური დამოკიდებულება პოლიტიკური ჩართულობის კუთხით ცალსახაა. ეკნომიკური დამოუკიდებლობის არქონა და შრომის  ბაზარზე არსებული გამოწვევები, ნეპოტიზმი და ის , რომ მათ არავის უსმენს ნიჰილისტური დამოკიდებლების მთელ ჯაჭვს ქმნის. ახალგაზრდების ძალიან დიდი ნაწილის პესიმისტური განწყობები და მოლოდინები, უმოქმედობის ტოლფასი ხდება. სივრცის არ არსებობა რეალიზებისთვის, რეგიონისა და დედაქალაქის კონტექსტი-არათანაბარი შესაძლებობები, ფინანსური დამოუკიდებლობის არქონა  და სხვა საერთო ჯამში დიდი პრობლემაა, რომელიც ახალგაზრდას არ აძლვს საშუალებას განვითარდეს იმ დონეზე, რომ 21 წლის ასაკში ისინი პარლამენტის წევრებად მოვიაზროთ.

როდესაც ვსაუბრობთ ქვეყანაში არსებულ ფონზე, მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად არის ახალგაზრდების მხრიდან პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის სურვილი. რამდენად ექნება ახალგაზრდას შესაძლებლობა გაუმკლავდეს ქვეყანაში არსებულ გამოწვევბს და მისი გადაწყვეტილებები არ იყოს თავს მოხვეული. საყურადღებო და ნიშანდობლივია საქართველოს მასშტაბით 2016 და 2020 წელს ჩატარებული კვლევის შედეგები. ფრიდრიხ ებერტის ფონდმა 2016 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელა მნიშვნელოვანი კვლევა „თაობა გარდამავალ პერიოდში“. შედეგების თანახმად ახალგაზრდებში სამოქალაქო აქტივიზმის დონე მინიმალურია და ის მხოლოდ 6% შეადგენს, პოლიტიკურ დემონსტრაციაში მონაწილეობის მაჩვენებელი 1%-4% შორის მერყეობს.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ქართველ ახალგაზრდებს ზოგადად პოლიტიკის და პოლიტიკური პარტიების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში ისინი სრულყოფილ ინფორმაციას ფლობენ ამა თუ იმ საკითხის შესახებ, ისინი პოლიტიკურ პროცესებში ფაქტობრივად არ ერთვებიან და ცდილობენ მაქსიმალურ დისტანცირებას.

საკანონმდებლო ორგანოს დაკომპლექტების ასაკობრივი ზღვარი სხვადასხბა ქვეყანაში

მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში, საკანონმდებლო ორგანოში არჩევის ასაკი განსხვავდება, ზოგ ქვეყანაში პირს არჩევნებში მონაწილეობა 18 წლიდან შეუძლია, ზოგგან ასაკობრივი ქვედა ზღვარი 21,25 ან – 30 წლის ასაკიდან იწყება. თითოეული ქვეყანა პარლამენტარის ასაკის განსაზღვრისას რამდენიმე ფაქტორს ეყრდნობა: ქვეყნის ისტორიულ მეხსიერებას, არსებულ სოციალურ სისტემას, მოქალაქეთა რაოდენობას, პირთა ქონებრივ მდგომარეობას, არჩეულ მმართველობით ფორმას და სხვა. საქართველოში წარმომადგენლობით ორგანოებში  არჩევითობის ასაკი გონივრულ ვარაუდს ეფუძნება, დადგენილი ასაკის მიღწევის შემდეგ სავარაუდოა, რომ პირს შესაძლოა ჰქონდეს საკმარისი კომპეტენცია დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად.  

ევროკავშირის ქვეყნებში ახალგაზრდა კანონმდებლის არჩევის მაგალითები არც თუ ისე მწირია. ევროპის პარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა წევრი ამელია ანდერსდოტერი, რომელიც შვედეთის მეკობრეთა პარტიას წარმოადგენს, 24 წლის ასაკში იქნა არჩეული; სიმონ ჰარისი, ირლანსიის პარლამენტის ქვედა პალატის ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატის 24 წლის იყო, როდესაც პირდაპირი არჩევნების გზით მოიპოვა მანდატი; ფლორიან ბერნშნაიდერი  კი 22 წლის აირჩიეს გერმანიის ბუნდეტრაგში.

საინტერესო ვითარებაა საქართველოს სამეზობლოშიც. რუსეთში ქვეყნის ორპალატიანი ფედერაციული კრება აირჩევა 21 წლის ასაკიდან, სასომხეთში ერთპალატიანი კრება აირჩევა 25 წლის ასაკიდან, აზერბაიჯანში ერთპალატიანი მილი-მეჯლისი 25 წლის ასაკიდან, უკრაინაში ერთპალატიანი უმაღლესი რადა 21 წლის ასაკიდან, ბელორუსიაში წარმომადგენელთა პალატა კონპლექტდება 21 წლიდან,  ხოლო თურქეთის რესპუბლიკაში ერთპალატიანი დიდი ეროვნული კრება ეფუძნება კონსტიტუციის 76-ე მუხლის მთავარ პრინციპს, რომლის თანახმადაც, ყოველ თურქს 30 წლის ასაკიდან აქვს დეპუტატობის უფლება.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ  ქვეყნებში, სადაც ასაკობრივი ცენზი დაბალია, მრავალრიცხოვანი პარლამენტია. საქართველოში კი, სადაც 150 კაციანი პარლამენტია შესაძლოა ამ დაშვებამ პოზიტიური შედეგი ვერ გამოიღოს, რადგან ისეთ პატარა სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა ნაკლებადაა იმის საფრთხე, რომ რომელიმე სოციალური ჯგუფის ხმა დაიკარგოს.

როგორია  რეფორმის მოწინააღმდეგეთა და მომხრეთა არგუმენტები საქართველოში?

კონსტიტუციონალისტები და ექსპერტები განსაკუთრებულ აქცენტს ცვლილების შედეგად ქართული პარლამენტარიზმის დასუსტებაზე აკეთებენ. როდესაც ესა თუ ის ქვეყანა ამ ტიპის ასაკობრივ ცენზს ადგენს, ითვალისწინებს კონკრეტული ერის პოლიტიკურ კულტურას, ადამიანების ფსიქოტიპს, იმას, თუ რა ასაკში ყალიბდება  მოქალაქე იმ პიროვნებად, რომელსაც დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება შეუძლია. რეფორმის ერთ-ერთი მოაწინააღმდეგე მიიჩნევს, რომ პარლამენტისათვის საქართველოში 21 წლის ახალგაზრდები მომწიფებულები არ არის, ისინი რეალურად დამოკიდებულნი იქნებიან იმ პარტიის ლიდერების გადაწყვეტილებებზე, რა გადაწყვეტილებებსაც ეს ლიდერები მიიღებენ.

დიმიტრი გეგენავამ, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის, ელსა საქართველოს გენერალური მდივანი ამბობს, რომ „სამართლებრივად, არ არის გაუმართლებელი პარლამენტის წევრის ასაკის გაახალგაზრდავება,“ მით უმეტეს, რომ „ეს პროცესი ახალ დემოკრატიებს ახასიათებს, რომელიც უკვე მოხდა აღმოსავლეთ ევროპაში.“ კიდევ ერთი საკითხია, რომ პარლამენტის წევრს არ მოეთხოვება, აკმაყოფილებდეს ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა განათლება და სამუშაო გამოცდილება, რაც ელსა საქართველოს გენერალური მდივნის აზრით, სამართლიანია, რადგან პარლამენტში წარმოადგენილია საზოგადოების სხვადასხვა ნაწილი, მათ შორის არააკადემიური სფეროებიდან, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, სპორტი და „გარკეულწილად, შეიძლება დისკრიმინაციადაც კი ჩაითვალოს, თუ მსგავსი მოთხოვნები იქნება წაყენებული.”

აზრი ორად არის გაყოფილი, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია მსჯელობა არსებული ფონის გათვალისწინებით, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს. საქართველოს შემთხვევაში , დღესდღეობით ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა, არსებული განათლების სისტემა, 21 წლის ადამიანის სამუშაო პრაქტიკა არ გვაძლევს იმის საშუელბას, რომ ახალგაზრდა პარლამენტის წევრად მოვიაზროთ. საქართველოში. 21 წლამდე საპარლამენტო ასაკის დაწევა, რიგ გამოწვევეთან არის დაკავშირებული და შესაძლოა არ იყოს ამ ეტაპზე მიზანშეწონილი. საკანონმდებლო ხელისუფლება არ წარმოადგენს ექსპერიმენტულ ორგანოს, სადაც სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრას შეიძლება ჰქონდეს არასტაბილური გარემო. საქართველოში 18 წლის ასაკიდან გარანტირებულია არჩევნებში მონაწილეობის უფლება, რაც თავისთავად ნიშნავს ახალგაზრდების ჩართულობას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრების მონაწილეობაში, ჩართულობას დემოკრატიაში, სამოქალაქო პასუხისმგებლობასა და ვალდებულებების ჩამოყალიბებაში, თუმცა ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის საგანმანათლებლო გარემო დახვეწილი იმ დონეზე, რომ 21 წლის ახალგაზრდამ თავისუფლად შეძლოს საპარლამენტო და საკანონმდებლო საქმიანობის სრულფასოვნად გაძღოლა.

Related Posts