3+3 დილემა საქართველოსთვის: რეგიონულ ლიდერობაზე ფიქრი თუ აგრესორი მეზობლის ხაფანგი?

ნინო სამხარაძე[1]

2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ თურქეთის მიერ გაჟღერებული ინიციატივა 3+3 რეგიონული თანამშრომლობის შესახებ საქართველოში არასასურველ პროექტად იქნა მიჩნეული, რადგან ეს ფორმატი აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან და ირანთან ერთად რუსეთსაც აერთიანებს. თუმცა, თითქმის ერთი წლის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სატელევიზიო ინტერვიუში მსგავს ინიციატივებში მონაწილეობის მნიშვნელობის საკითხი წამოჭრა, რამაც საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია.

თეორიულად, დიდი და პატარა სახელმწიფოების რეგიონული თანამშრომლობის იდეა, შესაძლოა, მიმზიდველად ჟღერდეს.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პოზიციის მიხედვით, ინიციატივაში მონაწილეობა არ განიხილება, აუცილებელია დისკუსია, თუ რამდენად შედის საქართველოს ეროვნულ ინტერესებში  3+3 ფორმატში მონაწილეობა და ხომ არ უქმნის ეს საფრთხეს ჩვენ სტრატეგიულ ინტერესებს რეგიონში.

3+3 ინიციატივა და პოტენციური რისკები საქართველოსთვის

3+3 ფორმატი თანამშრომლობაზე ორიენტირებული ინიციატივაა და საქართველოსთვის, ერთი მხრივ, სასარგებლო იქნებოდა დამატებით ინფრასტრუქტურულ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ პროცესებში ამ თანამშრომლობების გააქტიურება ინიციატივის წევრ ქვეყნებთან. შესაძლოა, გაიზარდოს შანსი, რომ საქართველოს ენერგეტიკული ფუნქცია, აზერბაიჯანის და თურქეთის გარდა სხვა დიდი სახელმწიფოების ჩართვით, წინ წამოიწიოს. მეორე მხრივ, თანამშრომლობის გაფართოებულ პლატფორმებზე თბილისს შეეძლება გამოიყენოს შესაძლებლობა ისეთი საკითხების წინ წამოსაწევად ინიციატივის მონაწილე ქვეყნებთან, რაც ორმხრივ ფორმატებში არ გვარდება. და ბოლოს, დიდი აქტორების ჩართვა გაამარტივებს სამხრეთ კავკასიის ორ კონფლიქტურ მხარეს შორის მედიაციას საქართველოსთვის, როგორც ორივე ქვეყანასთან კეთილმეზობლური ურთიერთობების მქონე სახელმწიფოსთვის. ეს კი, თბილისის, როგორც მედიატორის, პოზიციების და სანდოობის გამყარებას შეუწყობს ხელს. თუმცა, ამ და ყველა სხვა სარგებლის განხილვისას, აუცილებელია, ვისაუბროთ იმ რისკებზეც, რომლებსაც პოტენციურად 3+3 ფორმატი წარმოშობს საქართველოსთვის.

რუსეთის ფაქტორი

მნიშვნელოვანი საკითხი, თუ რატომ არ განიხილავს 3+3 ფორმატში ჩართულობას საქართველო და რატომ უნდა გაგრძელდეს ასე მომავალშიც, არის მოსკოვი, რომელთანაც თბილისს არ აქვს ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგრესიის და დღემდე აქტიური მცოცავი ოკუპაციის გამო. ამ თვალსაზრისით, თბილისისთვის რაიმე სახის ოფიციალურ სახელმწიფოთაშორის გაერთიანებაში შესვლა, სადაც რუსეთია, შესაძლოა, იყოს უმთავრესი ეროვნული ინტერესის – სუვერენიტეტისთვის ბრძოლის დათმობა: იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად საქართველოსა და რუსეთის ინტერესები ფუნდამენტურ წინააღმდეგობაშია, ოფიციალური ფორმატის ვალდებულებებით დატვირთულ თბილისს კიდევ უფრო გაუჭირდება მოსკოვის ამბიციებთან და მისგან მომავალ მრავალფეროვან საფრთხეებთან გამკლავება. ამას ისიც ემატება, რომ  3+3 ფორმატი რუსეთისთვის კარგი შანსია რეგიონში თავისი წარმომადგენლობის გასაძლიერებლად. ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების შემდეგ სწორედ მოსკოვი აღიქმება წამყვან მშვიდობისმყოფელ მოთამაშედ და, სავარაუდოდ, ის ამ ფორმატშიც არ დათმობს ლიდერის როლს, რაც დამატებითი საშიშროებაა თბილისისთვის.

ამავდროულად, მინისტრ ზალკალიანის ინტერვიუს შემდეგ გამოჩნდა, რომ რუსეთი მუდამ მზადაა, სწრაფად აამუშაოს საინფორმაციო ინსტრუმენტები, როცა საქმე საქართველოში გაჟღერებულ მისთვის სასარგებლო საჯარო განცხადებების ინტერპრეტირებასა და გავრცელებას ეხება. აჟიოტაჟის შექმნა იმის შესახებ, რომ თბილისი თითქოს თანახმაა, ანდაც ფიქრობს 3+3 ფორმატში მონაწილეობაზე, რუსეთისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციული იარაღია.

საქართველოს ტრადიციული სტრატეგიული ალიანსების ფაქტორი

3+3 ინიციატივის ამოქმედების შემთხვევაში, შესაძლოა,დამატებითი კითხვის ნიშნები გაჩნდეს საქართველოს ტრადიციული სტრატეგიული თანამშრომლობების ძირითადი მიმართულებების შესახებ. ქვეყნის საგარეოპოლიტიკური ვექტორი, უმთავრესად, დასავლურ სამყაროსთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე და შიდა დემოკრატიის გაძლიერების გზით, ამ პარტნიორობების გაღრმავებაზეა დაფუძნებული. ექვსეულის ოფიციალურ ფორმატად ჩამოყალიბების შემთხვევაში კი, არალიბერალურ ინტერნაციონალში გაწევრება ისედაც ხარვეზიანი შიდადემოკრატიული პროცესების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, ეჭვებს კიდევ უფრო გააღრმავებს.

გარდა ამისა, მხედველობაში უნდა მივიღოთ ისიც, რომ თეირანთან აშშ-ს დაძაბული ურთიერთობები აქვს და, უფრო მეტიც, ირანი ვაშინგტონის მიერ სანქცირებულ ქვეყნებს მიეკუთვნება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო-ირანის ორმხრივი ურთიერთობები ამ მიმართულებით განსაკუთრებულ წნეხს არ განიცდის, თბილისისთვის მაინც საგულისხმო უნდა იყოს ირანთან დამატებით თანამშრომლობით პლატფორმებში შესვლის საკითხი და აშშ-სთან სტრატეგიულ ურთიერთობებში პოტენციურად სადავო კომპონენტის შეტანა.

3+3 ფორმატის პერსპექტივის ფაქტორი

გარდა უშუალოდ საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და სტრატეგიული ურთიერთობების თვალსაზრისით არსებული რისკ-ფაქტორებისა, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ 3+3 ფორმატის ამ სახით არსებობა და შედეგიანობა არაერთ კითხვის ნიშანს ბადებს. ინიციატივაში პოტენციურად მონაწილე ექვს ქვეყანას შორის განვითარებულია სხვადასხვა სიმძაფრის კონფლიქტური ურთიერთობა რამდენიმე მიმართულებით. განსაკუთრებით საყურადღებოა აზერბაიჯან-ირანის საზღვართან განვითარებული დაძაბულობა, რომელშიც აზერბაიჯანის მხარეს ჩაბმულია თურქეთიც.

თანაც, ჯერ-ჯერობით არსად ჩანს არგუმენტი, რით შეიძლება განსხვავდებოდეს 3+3 ინიციატივა კონფლიქტების შესახებ მოლაპარაკებების სხვა, დროში გაწელილი ფორმატებისგან, როგორიცაა მინსკის და ჟენევის ფორმატები. ამ მოცემულობით საქართველოსთვის 3+3 ინიციატივაში შესვლა მაინცდამაინც პერსპექტიულად არ გამოიყურება მაშინაც კი, როდესაც ფორმატი საერთო ინტერესების პოვნას და მათზე ერთობლივად მუშაობას ემსახურება. შესაბამისად, თბილისისთვის ამ, ერთი შეხედვით, „მკვდრადშობილ“ თანამშრომლობაში შესვლა მეტი დანაკარგი იქნება სახელმწიფოსთვის, ვიდრე სარგებელი.

სად არის გამოსავალი?

ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რატომაც, მინისტრ ზალკალიანის თქმით, საჭიროა მსგავს რეგიონულ პროექტებში ჩართვაზე ფიქრი, არის ის, რომ საჭიროა, საქართველომ შეინარჩუნოს თავისი ფუნქცია რეგიონში. თუმცა, თბილისის ამჟამინდელი სამეზობლო პოლიტიკა მას საკმარისად მომგებიან პოზიციაში აყენებს იმისთვის, რომ რუსეთთან ალიანსში შესვლის გარეშეც ეს ამოცანა წარმატებით შეასრულოს.

პირველ რიგში, თბილისმა დაამტკიცა, რომ უშუალოდ სომხეთთან და აზერბაიჯანთან თანამშრომლობით შეუძლია, სარგებლისმომტანი აქტორი იყოს აშშ-სთან ერთად. შედეგად, კონფლიქტში ჩართული ორივე სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს დიდი ნდობის რესურსი გააჩნია. ამ ეტაპზე, სასურველი იქნება, თუ თბილისი გააგრძელებს მუშაობას მედიატორის როლის უფრო მეტად გაძლიერებაზე. 2021 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ეს პროცესი ლიდერების ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს, რაც დადებით ტენდენციად უნდა მივიჩნიოთ. თუმცა, საქართველოსთვის მთავარი ისაა, რომ წინასწარი ორმხრივი და მედიაციის სამმხრივი მოლაპარაკებები გამოიყენოს, როგორც უალტერნატივო საშუალება რეგიონში საკუთარი ფუნქციის შენარჩუნებისთვის. ეს, შეიძლება, იყოს თბილისის დიალოგის არენად უფრო აქტიურად შეთავაზება უშუალოდ სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის. ასევე, ომისშემდგომი ჰუმანიტარული დავების გადაჭრაში მედიატორის ფუნქციის გახანგრძლივებაზე მუშაობა.

ამასთან, მთავრობამ უნდა იფიქროს გაფართოებული თანამშრომლობების პარალელურ ფორმატებზე ისე, რომ შეინარჩუნოს რეგიონში დიდ მოთამაშეებთან ერთად ჩართულობის შესაძლებლობა. თბილისს შეუძლია, ამის რესურსი გამოძებნოს, განსაკუთრებით, თურქეთთან სხვადასხვა მიმართულებით ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით და თამამად თქვას უარი 3+3 ინიციატივაში მონაწილეობაზე. ფაქტია, რომ თურქეთისთვის, როგორც ინიციატორი აქტორისთვის, გასაგებია საქართველოს ფრთხილი პოზიცია, რაც იმას ნიშნავს, რომ მასთან, როგორც რეგიონის ერთ-ერთ დიდ მოთამაშესთან, ორმხრივ ურთიერთობებზე განსაკუთრებით ნეგატიურ გავლენას არ უნდა ველოდოთ. შესაბამისად, ხელისუფლებას, შეიძლება ითქვას, რომ აქვს საკმარისი სივრცე და რესურსი რეგიონში იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს რუსეთთან საერთო ფორმატში მოქმედების აუცილებლობა.

დასკვნა

ამგვარად, ფართო რეგიონული თანამშრომლობის ნაწილად ყოფნა, შესაძლოა, მიმზიდველად და სტრატეგიულად გამართლებულად აღიქმებოდეს საქართველოში: ლოგიკურია, რომ თბილისს სურს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მნიშვნელოვანი როლის თამაში გაფართოებულ ფორმატებში მონაწილეობის გზით. თუმცა, ამ ეტაპზე, არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველოსთვის 3+3 ინიციატივა ერთადერთი შესაძლებლობაა, შეინარჩუნოს აქტუალობა რეგიონში. ზემოთ განხილული რისკები ბევრად სჭარბობს იმ სარგებელს, რაც საქართველოს ამ პროექტში მონაწილეობით შეუძლია, მიიღოს.

ამ რისკების თავიდან ასაცილებლად, თბილისს ორმხრივი და სამეზობლო ურთიერთობების სტრატეგიის კიდევ უფრო გაძლიერება და მოქმედების გააქტიურება შეუძლია. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა მოახერხებს და ამ ორი მიმართულებით გააგრძელებს ხელშესახები შედეგების მიღწევას – მედიაციის პროცესის ახალი მიღწევებით წარმართვას, მოლაპარაკებების ნეიტრალური და ეფექტიანი პლატფორმის მიწოდებას, და შემდგომ უკვე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული თუ ეკონომიკური პროექტების ორმხრივ რეჟიმში გააქტიურებას, თბილისისთვის მაქსიმალურად შემცირდება რისკი და შიში იმისა, რომ ქვეყანა ჩამორჩეს მნიშვნელოვან პროცესებს რეგიონში და გარკვეული ფუნქციის გარეშე დარჩეს.

[1] საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) უმცროსი ანალიტიკოსი.

Related Posts