GIP კომენტარი: საქართველოს შელახული იმიჯი და ბეწვის ხიდზე გამავალი ურთიერთობები თურქეთთან და აზერბაიჯანთან

მარიამ გრიგალაშვილი და ჯოზეფ ლარსენი*

საერთაშორისო ურთიერთობებში ქვეყნის იმიჯი მნიშვნელოვანი ელემენტია. ის განსაკუთრებულ დატვირთვას პატარა ქვეყნებისთვის ატარებს. საქართველოს იმიჯი აზერბაიჯანელი საგამოძიებო ჟურნალისტის აფგან მუხტარლის თბილისის ცენტრიდან 29 მაისს გაუჩინარების შემდეგ სერიოზულად დაზიანდა. რადიო თავისუფლების სტატიის მიხედვით, მუხტარლის კვალი ბაქოში მისი დაკავების შემდეგ გამოჩნდა. მუხტარლის ადვოკატი ელჩინ სადიღოვი რადიოსთან ინტერვიუში აცხადებს რომ ჟურნალისტი გაიტაცეს თბილისიდან მისივე სახლის სიახლოვეს. ადვოკატი დასძენს, რომ მისი რწმენით გატაცება მოხდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების მიერ. სადიღოვის მიხედვით, უცნობმა პირებმა მუხტარლის ტომარა ჩამოაცვეს და რამდენიმე საათის სიარულის შემდეგ აზერბაიჯანის საზღვარი გადააკვეთინეს, სადაც მისი ყოფნა 31 მაისს დასტურდება.

მეორე შემთხვევა, რომელმაც დააზიანა საქართველოს რეპუტაცია, მუსტაფა ემრე ჩაბუქს უკავშირდება.  თურქული სკოლის მასწავლებელი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთის მთავრობის თხოვნით ტერორიზმის მხარდაჭერის ეჭვის საფუძველზე საქართველოს პოლიციამ დააპატიმრა. მას წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს 25 მაისს.  “ამნესტი ინთერნეიშენალი”  გამოქვეყნებულ ანგარიშში იტყობინება, რომ ჩაბუქის ექსტრადიციის საფრთხე ძალიან დიდია. ანგარიშში ნათქვამია, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში, ჩაბუქს თურქეთის ხელისუფლების მიერ წამებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის საფრთხე ემუქრება. ჩაბუქს ბრალად ედება  აშშ-ი მოღვაწე ფეთჰულაა გულენთან კავშირი, რომელსაც თავის მხრივ თურქეთის მთავრობის მიერ ბრალად აქვს წაყენებული გასულ წელს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა.

ზემოხსენებულის გავლენა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობაზე:

  • მუხტარლის ინციდენტმა საქართველოს რეპუტაცია დააზიანა, როგორც  ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საქმე ეხება საქართველოს იმიჯს მედიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების სფეროში. მარგველაშვილმა ეს ინციდენტი “სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის სერიოზულ გამოწვევად” მოიხსენია.ლევან ასათიანმა“ამნესტი ინთერნეიშენალის” სამხრეთ კავკასიის წარმომადგენელმა საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულა ინციდენტში თანამონაწილეობაში.  აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა თავი შეიკავა საქართველოს ხელისუფლების უშუალო კრიტიკაზე, თუმცა, მიუხედავად ამისა, მომხდარით შეშფოთება გამოხატა.
  • შემთხვევა ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს შესაძლებლობას, გაუძლოს სტრატეგიული პარტნიორის ზეწოლას. წლის დასაწყისში საქართველომ და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერა ბუნებრივი გაზის შეთანხმებას საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ. ხელშეკრულების პირობების თანახმად, აზერბაიჯანი 2017 წელს ქვეყნის შიდა მოთხოვნილებას სრულად დააკმაყოფილებს, რაც ხელს უშლის რუსეთისგან დამატებითი მომარაგების შეძენას. მუხტარლის შემთხვევამ კიდევ უფრო გააძლიერა სპეკულაციები რომ საქართველოს მთავრობა თანამშრომლობს აზერბაიჯანის სახელისუფლებო სტრუქტურებთან ხელსაყრელ ფასში მოწოდებული გაზის სანაცვლოდ. ამგვარი კრიტიკის საფუძველს იძლევა ის ფაქტიც, რომ წლის დასაწყისში მთავრობამ უარი თქვა რამდენიმე აზერბაიჯანელი დისიდენტისთვის უსაფრთხო თავშესაფრის მინიჭების შესახებ.
  • აზერბაიჯანის მიდგომა კონტრპროდუქტიულია, რადგან ის ძირს უთხრის ბაქოსა და თბილისს შორის სტრატეგიულ ურთიერთობების განმტკიცებას. გარდა ამისა, ინცინდენტი კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მოსახლეობას, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების გაუცხოების ტენდენციას – ორივე მთავრობის მიმართ. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული ვალდებულებები რეალურია და მისი ვადლებულებების შესრულება ლიტონი სიტყვა არაა.
  • ინციდენტი ნებისმიერ შემთხვევაში უარყოფით გავლენას მოახდენს საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო რეიტინგზე და ქვეყნის იმიჯზე. იკვეთება ორი შესაძლოა ვარიანტი: საუკეთესო შემთხვევაში ეს ინციდენტი განხორციელდა ქართული მხარის დაუდევრობით, საზღვრის გამშვები პუნქტის გვერდის ავლით. უარეს შემთხვევაში, კი საქმე გვაქვს თანამონაწილეობასთან.

 

გავლენა საქართველო-თურქეთის ურთიერთობაზე

  • მუსტაფა ემრე ჩაბუქის შემთხვევა ხაზს უსვამს უფრო დიდი სტრატეგიული პარტნიორის მიერ განხორციელებული ზეწოლის ფონზე საქართველოს მოწყვლადობას/დაუცველობას. ჩაბუქის დაკავება თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის ვიზიტის მეორე დღეს განხორციელდა, რაც გარკვეულ ეჭვებს ბადებს ქვეყნის უნარზე ეფექტურად გაუძლოს საგარეო ზეწოლის შემთხვევებს. მომხდარი უხერხული დილემის წინაშე აყენებს საქართველოს: ერთის მხრივ, არსებობს თურქეთის მთავრობის მიერ ექსტრადიციის ოფიციალური მოთხოვნა; მეორეს მხრივ, არსებობს საფუძვლიანი ალბათობა, რომ ჩაბუქის ექსტრადირების შემთხვევაში მას სასტიკად გაუსწორდებიან. თუ საქართველოს მთავრობა არ განახორციელებს ჩაბუქის ექსტრადირებას, ორ ქვეყანას შორის შესაძლოა ურთიერთობა დაიძაბოს. ანკარის მოთხოვნის უარყოფა თურქეთის მთავრობამ შესაძლოა აღიქვას, როგორც დიპლომატიური დემარში ან მინიმუმ როგორც  გასული წლის გადატრიალების მცდელობის მონაწილეების ჩუმი მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ თუ საქართველო ექსტრადირებას მოახდენს, ეს იქნება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევა, რაც სერიოზულ ზიან მიაყენებს ქვეყნის იმიჯსა და სანდოობას.
  • საქართველოსა და თურქეთს შორის გაუარესებული ურთიერთობების შედეგად შესაძლოა ზიანი მიადგეს: 1) ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის განხორციელების შესახებ თანამშრომლობას; 2) თურქეთის მხარდაჭერას საქართველოს ნატოში გაწევრიანებისათვის; 3) თურქეთის დიპლომატიურ მხარდაჭერას საქართველოსთვის საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორიცაა გაერო და ეუთო; 4) სავიზო რეჟიმს თურქეთსა და საქართველოს შორის; და 5) ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებს.
  • სამომავლო რისკ-ფაქტორებიდან გამომდინარე, საქართველო უნდა შეეცადოს ჩაბუქის საქმეში ჩართოს საერთაშორისო ორგანიზაციები (ევროპის საბჭო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და სხვადასხვა დიპლომატიური მისიები) და ამ კონსულტაციების საფუძველზე მიიღოს შეჯერებული გადაწყვეტილება. ამასთანავე, თითოეული გადადგმული ნაბიჯი უნდა იყოს ძალიან დელიკატური, რათა ერთი მხრივ შევინარჩუნოთ ქვეყნის რეპუტაცია და პატივი ვცეთ ადამიანის უფლებებს, ხოლო მეორე მხრივ შევინარჩუნოთ თურქეთთან სტრატეგიული პარტნიორობა.

 


 *მარიამ გრიგალაშვილი და ჯოზეფ ლარსენი  – საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსები

Related Posts