Covid-19 -ით გამოწვეული კრიზისის გავლენა ქართულ პოლიტიკაზე: რისკები და შესაძლებლობები

გივი სილაგაძე[1]

ახალი კორონავირუსის პანდემია, მსოფლიო მასშტაბის პანიკა და პანდემიის საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯები ყოველდღიურ რეჟიმში ცვლის არამარტო აქამდე ფესვგადგმულ სოციალურ ურთიერთობებს, არამედ პოლიტიკურ ცხოვრებასაც. ისევე, როგორც ევროპისა და მსოფლიოს მრავალ სახელმწიფოში, საქართველოშიც უკვე შემოღებულია საგანგებო მდგომარეობა და მრავალი სოციალური თუ ეკონომიკური ხასიათის შეზღუდვა. კორონავირუსის მიერ გამოწვეულ კრიზისს დიდი გავლენა აქვს არამარტო საზოგადოებრივ ცხოვრებასა და საქართველოს ეკონომიკაზე, არამედ პოლიტიკაზეც. სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ, „ქართული ოცნება“ მწვავე პოლიტიკურ კრიზისში იყო და ძლიერ წნეხს განიცდიდა როგორც საერთაშორისო თანამეგობრობისგან, ისე ერთიანი ქართული ოპოზიციური სპექტრისგან. მაშინ, როდესაც საქართველოში არსებული ძირითადი ოპოზიციური პარტიები მმართველი ძალის ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ, ახლა, მათი უმრავლესობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და, შესაბამისად, მმართველი პარტიის გაზრდილი ძალაუფლების მომხრეა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, დაისვას კითხვა: რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაზე პოსტ-კრიზისულ პერიოდში?

“Rally around the flag effect”

მოკლევადიან პერსპექტივაში, შექმნილი კრიზისი „ქართული ოცნებისთვის“, დიდი ალბათობით, პოლიტიკურად მომგებიანი იქნება. ამის რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული მიზეზი არსებობს, რომელთა შორის უმთავრესია საზოგადოების კონსოლიდაცია საერთო საფრთხის წინაშე (ე.წ. “rally around the flag effect”). ამგვარი კრიზისების დროს, როგორც წესი, ნაკლებად ხდება სიტუაციის პოლიტიზირება და მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს იმ ძალას, რომელსაც მართვის სადავეები აქვს ხელში.  მართალია, ეს კანონზომიერება სამხედრო კონფრონტაციის კონტექსტში უფრო ხშირად განიხილება, თუმცა, შესაძლებელია, სხვა ისეთი მნიშვნელობის კრიზისებზეც გავრცელდეს, როგორიც კორონავირუსის ეპიდემიაა. ამ მასშტაბის კრიზისის დროს, მოსახლეობაში ჩნდება საერთო განცდა, რომ ერი საფრთხის წინაშეა, რაც ხელს უწყობს საზოგადოების კონსოლიდაციასა და ლიდერების პოპულარობის მკვეთრ ზრდას. შესაბამისად, რადგან კორონავირუსის მიერ გამოწვეული კრიზისის დროს მართვის სადავეები „ქართული ოცნების“ ხელშია, მოსალოდნელია, რომ მოსახლეობაში მათი პოპულარობა გაიზრდება. სწორედ ამგვარი სცენარით ვითარდება მოვლენები ევროპის ბევრ სახელმწიფოში; განურჩევლად იმისა, თუ რამდენი კორონავირუსით დაინფიცირებული ან გარდაცვლილი ფიქსირდება ამა თუ იმ ქვეყანაში, მოსახლეობა, მეტწილად, მხარდაჭერას უცხადებს მმართველ პოლიტიკურ ძალას.

მოსახლეობის გარდა, ამგვარი ეფექტი, პოლიტიკურ პარტიებშიც იჩენს თავს.  შედეგად, პარტიები ოპონირების რეჟიმში ნაკლებად არიან ჩართული და პოლიტიკური პროცესიც მინიმუმამდე დადის. სწორედ ამ კანონზომიერების გამოხატულებაა  ოპოზიციის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისადმი მხარდაჭერა და განცხადებები იმის თაობაზე, რომ „ახლა კრიტიკის დრო არ არის“. თუ გავითვალისწინებთ, რომ ოპოზიციური სპექტრი მწვავედ აკრიტიკებდა მმართველ პარტიას გასული თვეების განმავლობაში, პოლიტიკური ოპონირების შერბილება, ერთი შეხედვით, „ქართულ ოცნებას“ აძლევს ხელს.

ამასთანავე, მმართველი ძალის წარმომადგენლებისთვის ამგვარი კრიზისები ლიდერობის გამომჟღავნებისა და ინიციატივის ხელში აღების კარგი საშუალებაც არის; მითუმეტეს იმის ფონზე, რომ ხელისუფლების ეპიდემიაზე რეაგირებას  ექსპერტები დადებითად აფასებენ. პოლიტიკური ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში რთულად მოიძებნება სიტუაცია, სადაც პოლიტიკურ ლიდერს ინიციატივის ხელში აღება შეეძლოს  ისე, რომ მწვავე კრიტიკისგან იმუნური დარჩეს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, შესაძლებელია ითქვას, რომ, ერთი შეხედვით, შექმნილი კრიზისი „ქართული ოცნებისთვის“ პოლიტიკურად მომგებიანი იქნება. თუმცა, თუ მოვლენებს უფრო ფართო ჭრილში შევხედავთ, შეიძლება, განსხვავებული სცენარი მივიღოთ.

რატომ შეიძლება აღმოჩნდეს შექმნილი კრიზისი პოლიტიკურად წამგებიანი ხელისუფლებისთვის?

თავდაპირველი წარმატების მიუხედავად, არსებობს სხვადასხვა ფაქტორი, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო მწვავედ იჩენს თავს. საქართველოში, ისევე, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებში, ჯანდაცვის სისტემა ძირეულ რეფორმას საჭიროებს და, სავარაუდოდ, გართულდება არაპროგნოზირებად და განგრძობით კრიზისთან გამკლავება. ასევე, სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელსაც მოსახლეობა ნაკლებად ენდობა, კიდევ უფრო გაართულებს ხელისუფლების მდგომარეობას გრძელვადიან პერიოდში.

ასევე, აღსანიშნავია, რომ სოციალურ-ეკონომიკური საკითხები ქართველი ამომრჩევლისთვის, როგორც წესი, უპირველესი მნიშვნელობისაა. ხოლო, იმის გათვალისწინებით, რომ სოციალურ-ეკონომიკური პირობები გარდაუვლად გაუარესდება არსებული კრიზისის შედეგად, მოსალოდნელია, რომ კორონავირუსის ეპიდემია პოლიტიკურად არამომგებიანი აღმოჩნდეს „ქართული ოცნებისთვის“ საშუალო და/ან გრძელვადიან პერსპექტივაში.

აშკარაა, რომ კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულ კრიზისს და მასზე საპასუხოდ გადადგმულ შემზღუდავ ზომებს მკვეთრად უარყოფითი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკაზე. მაგალითად, მკვეთრად გაუფასურდა ეროვნული ვალუტა. ასევე, მოსალოდნელია უმუშევრობის დონისა და სიღარიბის მაჩვენებლის ზრდა,  ტურისტების ნაკადისა და საერთაშორისო გზავნილების კლება.

საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის, ქვეყნის წინაშე არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევები სოციალურ-ეკონომიკურ სფეროს უკავშირდება (იხ. დიაგრამა 1). 2013 წლიდან დღემდე, მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი თვლის, რომ უმუშევრობა საქართველოს პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა.

დიაგრამა 1. სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მნიშვნელობა მოსახლეობისთვის

წყარო: კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი. (2013, 2015, 2017, 2019) „კავკასიის ბარომეტრი“. ჩამოტვირთულია  http://www.crrccenters.org/caucasusbarometer/-დან (ჩამოტვირთვის თარიღი: 26 მარტი, 2020)

შენიშვნა: დიაგრამაზე მოცემულია რესპონდენტთა პასუხების პროცენტული განაწილება შემდეგ კითხვაზე: „თქვენი აზრით, რა არის ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა საქართველოში?“

კიდევ ერთი საკითხი, რამაც, შესაძლოა, გრძელვადიან პერიოდში მმართველი ძალის საწინააღმდეგოდ იმუშაოს, არის კრიზისის მართვისას დაშვებული გადაცდომები ან შესაძლო ჩავარდნები, რადგან ისეთი ფორსმაჟორული სიტუაციისას, რაც კორონავირუსის გავრცელებას ახლავს თან, ნაკლებად ხდება ხელისუფლების ყველა ნაბიჯის რაციონალურად გააზრება.  როგორც სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, კრიზისული სიტუაციის დროს დაშვებული შეცდომების პოლიტიკური ფასი მმართველმა პარტიამ, შეიძლება, რამდენიმე წლის შემდეგაც კი გადაიხადოს.  

კრიზისის მართვისას შესაძლო ჩავარდნებთან ერთად სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუარესება, შეიძლება, კიდევ უფრო დამაზიანებელი აღმოჩნდეს „ქართული ოცნებისთვის“, რადგან ამ ეტაპზე მმართველი ძალა ნაკლებად ცდილობს ოპოზიციასთან თანამშრომლობას და, შესაბამისად, არც ერთ სხვა ოპოზიციურ აქტორს არ უზიარებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ მოკლევადიან პერიოდში, ახალი კორონავირუსის გავრცელების შედეგად წარმოქმნილი კრიზისი, სავარაუდოდ, პოლიტიკურად მომგებიანი აღმოჩნდება მმართველი პარტიისთვის, რადგან საზოგადოება მსგავს სიტუაციებში, როგორც წესი, კონსოლიდირდება საერთო საფრთხის წინაშე და მართვის სადავეებთან მყოფ ძალას უცხადებს მხარდაჭერას (“rally around the flag effect”). მეტიც, პოლიტიკური პროცესი აღარ არის ისეთი აქტიური, რაც თავისთავად გულსიხმობს ნაკლებ კრიტიკასა და პოლიტიკურ ზიანს „ქართული ოცნებისთვის“.

მეორე მხრივ, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში, არაა გამორიცხული, მმართველ პარტიას მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუხდეს, რადგან სიღარიბისა და უმუშევრობის ზრდა, რაც გარდაუვალია ეპიდემიისა და მთავრობის მიერ შემოღებული შეზღუდვების ფონზე, გარკვეულწილად, „ქართული ოცნების“ მიმართ საზოგადოების უკმაყოფილებაში გადაიზრდება. ამას ემატება ისიც, რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე, უფრო გართულდება მოცულობითი საერთაშორისო დახმარების მიღება, რადგან საქართველოს პარტნიორების უმრავლესობა საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე იქნება კონცენტრირებული. კრიზისის მართვისას დაშვებული შესაძლო გადაცდომები კი, რომლებსაც ამ ეტაპზე ნაკლები ყურადღება ეთმობა, მმართველი გუნდის საწინააღმდეგოდ ამუშავდება დროის გასვლასთან ერთად.  საბოლოო ჯამში, რამდენად დიდ გავლენას მოახდენს ეს კრიზისი მმართველ ძალასა და ზოგადად ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე, მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დროულად წარმოადგენს ხელისუფლება კრიზისული პერიოდიდან გამოსვლის თანმიმდევრულ და შედეგზე ორიენტირებულ გეგმას და რამდენად წარმატებით მოახერხებს მის განხორციელებას უახლოესი თვეების განმავლობაში.

_________________________________________________________________________________________________

[1] გივი სილაგაძე საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) უმცროსი ანალიტიკოსია.

Related Posts