GIP-ის მომავალ ლიდერთა სკოლამ (ELS) დაიწყო განაცხადების მიღება 2020 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის

GIP იწვევს აქტივისტებს, ახალგაზრდა პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და სოციალურ-პოლიტიკური თემატიკით დაინტერესებულ სტუდენტებს – თბილისიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან, აჭარიდან და ქვემო ქართლიდან – მომავალ ლიდერთა სკოლაში (Emerging Leaders School – ELS) მონაწილების მისაღებად. 

ELS-ის მიზანია, ახალგაზრდების სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის წახალისება მათთვის ცნობიერების ამაღლებისა და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარების გზით.

ტრენინგების კურსი ფოკუსირდება ისეთ თემებზე, როგორებიცაა:

  • პოლიტიკური კომუნიკაცია და სოციალ-პოლიტიკური კამპანიები;
  • სამართლიანი არჩევნების პრინციპები და ინფორმირებული ამომრჩეველი;
  • ადგილობრივი თვითმმართველობა;
  • საგარეო უსაფრთხოების გამოწვევები;
  • სამოქალაქო ჩართულობა და აქტივიზმი; თემის მობილიზება;
  • მედიაწიგნიერება; სოციალური მედიის როლი პარტიულ პოლიტიკასა და სამოქალაქო აქტივიზმში;
  • ქალების ჩართულობა პოლიტიკაში;
  • პროექტის მენეჯმენტი; ფონდების მოძიება; დებატები და საჯარო გამოსვლები;

 

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

იმისთვის, რომ გახდეთ ELS-ელი, საჭიროა:

  • იყოთ 18-დან 35 წლამდე;
  • გქონდეთ გამოხატული ინტერესი ქვეყანაში მიმდინარე სოციალური და პოლიტიკური პროცესების, საარჩევნო სისტემების, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივიზმის მიმართ.
  • შეგეძლოთ დასწრება ELS-ის სესიებზე 2020 წლის თებერვლიდან ამავე წლის ივლისის ჩათვლით, ჩამოთვლილი ქალაქებიდან ერთ-ერთში – თბილისი, რუსთავი, ზუგდიდი, ბათუმი. 

 

აპლიკაციის პროცესი:

იმისთვის, რომ ELS-ის შესარჩევმა კომისიამ თქვენი აპლიკაცია განიხილოს, გთხოვთ 2019 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით ელ.ფოსტაზე ELS@gip.ge გადმოგვიგზავნოთ – CV (ქართულ ენაზე) და სამოტივაციო წერილი (მაქს.200 სიტყვა), რომელიც უპასუხებს შემდეგ კითხვებს:

  • რატომ ხართ დაინტერესებული გახდეთ მომავალ ლიდერთა სკოლის მონაწილე?
  • რატომ არის დემოკრატიული პროცესების გაღრმავება მნიშვნელოვანი საქართველოსთვის?
  • როგორაა შესაძლებელი დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება საქართველოში?

გთხოვთ, ელ. ფოსტის აღწერაში მიუთითეთ თქვენი ასაკი და ქალაქი, სადაც გსურთ იყოთ მომავალ ლიდერთა სკოლის მონაწილე. 

აპლიკაციების მიღების პროცესი იყოფა ორ ეტაპად:

  1. ძირითადი ეტაპი –  15 ნოემბრიდან – 15 დეკემბრამდე
  2. საბოლოო ეტაპი – 15 დეკემბრიდან20 დეკემბრამდე

წარმატებულ კანდიდატებს დავუკავშირდებით 2019 წლის 31 დეკემბრამდე.

 

პროექტის ფორმატი:

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის პროექტი – „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“ – ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC საქართველოსთან) თანამშრომლობით. პროექტი მიზნად ისახავს, ახალგაზრდების სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის წახალისებას მათთვის ცნობიერების ამაღლებისა და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარების გზით.

პირველი ეტაპი – მომავალ ლიდერთა სკოლა – მოიცავს ტრენინგების სერიას, რომელსაც გაუძღვებიან დარგის სპეციალისტები და ექსპერტები როგორც სამეცნიერო სფეროდან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებიდან. ტრენინგების სერია ფოკუსირდება პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ თემებზე, უსაფრთხოებისა და ეფექტური კომუნიკაციის საკითხებზე (მაგ. საჯარო პოლიტიკა; ადგილობრივი თვითმმართველობა; საგარეო უსაფრთხოების გამოწვევები; პოლიტიკა, როგორც პროფესია; სამართლიანი არჩევნების პრინციპები და ინფორმირებული ამომრჩეველი; სამოქალაქო ჩართულობა და აქტივიზმი; თემის მობილიზება; პოლიტიკური კომუნიკაცია; მედიაწიგნიერება; პოლიტიკური და სოციალური კამპანია; სოციალური მედიის როლი პარტიულ პოლიტიკასა და სამოქალაქო აქტივიზმში და ა.შ.). ამასთანავე, ტრენინგების ნაწილი ორიერტირებული იქნება სხვადასხვა სახის სამოქალაქო ჩართულობისათვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიიცაა პროექტის მენეჯმენტი; ფონდების მოძიება; ლობირება და ადვოკატირება; დებატები და საჯარო გამოსვლები; ემოციური ინტელექტი და ა.შ.

მეორე ეტაპზე კი შეიქმნება თემატური ჯგუფები, სადაც მომავალ ლიდერთა სკოლის წარმატებულ მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ, იმუშაონ კონკრეტულ პროექტებზე გამოცდილ ექსპერტებთან ერთად და ამ მუშაობის პროცესში, შეიძინონ სხვადახვა სახის პრაქტიკული გამოცდილება, მაგალითად, პოლიტიკის დოკუმენტის მომზადება, აუდიო-ვიზუალური მასალის შექმნა, ბლოგის ან სტატის მომზადება და გამოქვეყნება და ა.შ.

ELS-ის მონაწილეებს, ასევე, ეძლევათ დამატებითი შესაძლებლობები, ჩაერთონ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებში:

  1. მიიღონ მონაწილეობა არაფორმალურ გარემოში გამართულ ღია ტიპის დისკუსიებში სივრცე დებატებისთვის;
  2. თემატური ჯგუფებში მუშაობის შედეგად შექმნილი ნამუშევრები წარადგინონ დემოკრატიის ახალგაზრდულ ფორუმზე, რომელიც ყოველწლიურად გაიმართება პროექტის ფარგლებში.

 

დამატებითი დეტალები:

მომავალ ლიდერთა სკოლის ტრენინგები გაიმართება 2020 წლის თებერვლიდან ამავე წლის ივლისის ჩათვლით ყოველ მეორე შაბათ-კვირას. ტრენინგები პარალელურ რეჟიმში წარიმართება თბილისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბათუმში. იმისთვის, რომ შესაბამისი რეგიონების სხვა ქალაქებსა თუ სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეექმნათ თანაბარი პირობები და პროექტში ჩართვის შესაძლებლობა, ELS უზრუნველყოფს ტრანსპორტის და, საჭიროების მიხედვით, სასტუმროში განთავსების ხარჯებს. მონაწილეები, ასევე უზრუნველყოფილნი იქნებიან კვებით ტრენინგის განმავლობაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით: ნინო ჯიბუტი (პროექტის ოფიცერი) jibuti@gip.ge ან მარიამ ახალკაცი  (კომუნიკაციების კოორდინატორი) info@gip.ge 

Related Posts