“საქართველოს ინტეგრაცია ნატო-ში: წარმატების გზა” – GIP-იმ სოციალური ვიდეორგოლების პრეზენტაცია გამართა

21 ნოემბერს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) ნატო-ს სამეკავშირეო ოფისთან პარტნიორობით, სოციალური ვიდეორგოლების პრეზენტაცია გამართა, რომლებიც ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული წინსვლის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის ზრდას ისახავენ მიზნად.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში, როსარია პუგლისმა და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფ. კორნელი კაკაჩიამ, წარმოთქვეს. როსარია პუგლისმა ისაუბრა ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და იმ მიღწევებზე, რომლებიც ამ თანამშრომლობის შედეგია. ამასთან, პუგლისმა, ხაზი გაუსვა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ისეთი პროექტები, რომელთა წყალობითაც უფრო მეტი ადამიანი შეიტყობს ნატო-ს ხელშეწყობით განხორციელებული პროექტებისა თუ პროგრამების შესახებ. პროფ. კორნელი კაკაჩიამ განსაკუთრებული ყურადღება სწორი კომუნიკაციის აუცილებლობაზე გაამახვილა, რათა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები საზოგადოებამდე მივიდეს. კაკაჩიამ ასევე აღნიშნა, რომ  ხშირად ექსპერტთა წრეებშიც კი ამ თანამშრომლობის მხოლოდ ზოგადპოლიტიკურ მნიშვნელობაზე მახვილდება ყურადღება და სათანადო ყურადღება არ ეთმობა კონკრეტულ პროგრამებს.

პროექტისა და უშუალოდ სოციალური ვიდეორგოლების პრეზენტაციის ნაწილში, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსმა, მარიამ გრიგალაშვილმა და კომუნიკაციების კოორდინატორმა, მარიამ ახალკაცმა პროექტის შინაარსობრივი და ტექნიკური მხარეები მიმოიხილეს. მარიამ გრიგალაშვილმა დამსწრე საზოგადოებას პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის პროცესი გააცნო და კონკრეტულ ეტაპებზე ისაუბრა, როგორებიც იყო – ე.წ. სამაგიდო კვლევა, საჯარო ინფორმაციების გამოთხოვა სამინისტროებიდან, სიღრმისეული ინტერვიუების ჩატარება ექსპერტებთან, დაბოლოს, ოფიციალური ინტერვიუების ჩაწერა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ლევან იზორიასთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან, გიორგი გახარიასთან.  მარიამ ახალკაცი ვიდეორგოლების მომზადების შინაარსობრივ და ტექნიკურ ასპექტებს შეეხო. მისი თქმით, მთავარი გამოწვევა კვლევის შედეგად მოპოვებული ვრცელი ინფორმაციის სცენარად გარდაქმნა იყო, რათა ის, პირველ რიგში, ფართო აუდიტორიისთვის მარტივად აღსაქმელი ყოფილიყო და ამასთან, ლაკონიურიც, რადგან ვიდეორგოლების ქრონომეტრაჟი, მათი სოციალური რეკლამის სტატუსიდან გამომდინარე, 30 წამზე იყო გათვლილი.

ვიდეორგოლების პრეზენტაციის შემდეგ, გამოცდილების გაზიარების მიზნით, გაიმართა დისკუსია თუ როგორ უნდა ხდებოდეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მიღწევების საზოგადოებასთან კომუნიკაცია. მომხსენებელთა შორის იყვნენ: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების პოლიტიკის და დაგეგმვის განყოფილების უფროსი – მაკა კევლიშვილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სამმართველოს უფროსი – ვეკა მოდებაძე, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, როსარია პუგლისი და მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი – თამარ კინწურაშვილი. დისკუსიას უძღვებოდა GIP-ის დირექტორი – კორნელი კაკაჩია. 

მაკა კევლიშვილმა ისაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამინისტროებს შორის სწორი კომუნიკაცია – ინფორმაციის გაცვლა იმისი შესახებ, თუ რა ღონისძიებები ტარდება კონკრეტული პროექტების ფარგლებში სხვადასხვა უწყებებში, რაც უფრო გაამარტივებს ამ ინფორმაციის საზოგადოებამდე მიტანის პროცესს.  ვეკა მოდებაძემ ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე, მის მნიშვნელობაზე და შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობით, ნატოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, განხორციელებულ პროექტებზე. თამარ კინწურაშვილი რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ აუცილებელია, საზოგადოების ინფორმირებულობის დონე გაიზარდოს ნატოს მნიშვნელობაზე საქართველოსთვის და მის როლზე ქვეყნის უსაფრთხოებაში.

ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის სახალხო დიპლომატიის ოფიცერმა – უნა სიგვატსდოტირმა, საკითხზე მსჯელობისას, ყურადღებაა გაამახვილა მთავარი გზავნილების სწორად შერჩევის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით კი, ამ გზავნილების საზოგადოებამდე მისატანად კომუნიკაციის გზების განსაზღვრაზე, რადგან “წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანები მას უყურადღებოდ დატოვებენ, ამ გზავნილს არ მიიღებენ და არც გაავრცელებენ, ამიტომ აუცილებელია, რომ კონტენტი კარგი იყოს და ეს ვიდეოები სწორედ ასეთია” – აღნიშნა მან. 

პროექტის – “საქართველოს ინტეგრაცია ნატო-ში: 10 წელი ბუქარესტის სამიტის შემდეგ” – ფარგლებში მომზადებული ვიდეორგოლები ვრცელდება სოციალური რეკლამის სახით ქართული ტელეარხების (მათ შორის, რეგიონული ტელეარხების), ონლაინ მედია გამოცემებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით. იმისთვის, რომ ვიდეორგოლები საქართველოს ყველა მოქალაქისთვის (და არამარტო მათთვის) გასაგები იყოს, ისინი ითარგმნა სომხურ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე.

პროექტი ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ ნატო-ს სახალხო დიპლომატიის დეპარტამენტის (PDD) ფინანსური მხარდაჭერით.

 


პროექტის ფარგლებში მომზადებული ვიდეორგოლები:

  • საქართველოს ინტეგრაცია ნატო-ში: 10 წელი ბუქარესტის სამიტის შემდეგ

  • ნატო-ს დაფინანსებით განხორციელებული პროექტები საქართველოში

  • ნატო-ს როლი შავი ზღვის უსაფრთხოებაში

  • ნატო-ს როლი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში


ფოტოები ღონისძიებიდან:

 

 

Related Posts