GEOYOUTH2020 – საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი ახალ პროექტს იწყებს!

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) გერმანულ პარტნიორ ორგანიზაცია Polis180-თან თანამშრომლობითა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით იწყებს პროექტს “ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში”. 

ინფორმაცია პროექტის შესახებ:

გასული წლის განმავლობაში, ახალგაზრდები აქტიურად მოექცნენ პოლიტიკური აქტორების ყურადღების ქვეშ – მაგალითად, გაეროს უშიშროების საბჭოს 2250-ე და 2419-ე რეზოლუციებში, მდგრადი განვითარების მიზნებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლისთვის მისაღწევ შედეგებში. მიუხედავად აღნიშნული პოზიტიური ნაბიჯებისა, ახალგაზრდების ხმა პოლიტიკურ პროცესებში ჯერ კიდევ არ ისმის. ისინი  საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 12%-ს შეადგენენ და შესაბამისად, აქვთ მცირე ბერკეტი არჩევნებზე გავლენის მოსახდენად.

საქართველოს მთავრობა ხაზს უსვამს ახალგაზრდების განსაკუთრებულ როლსა და საჭიროებებს „ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტში“ (2014), რომელიც მიზნად ისახავს ხარისხიანი განათლების, დასაქმებისა და გადამზადების ხელშეწყობას, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის გავრცელებასა  და სამოქალაქო უფლებების დაცვას, ასევე ახალგაზრდების ჩართულობის მხარდაჭერას სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდები უფრო და უფრო აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა ონლაინ პეტიციის გავრცელებაში, უფროს თაობასთან შედარებით, ისინი ორჯერ უფრო ნაკლებად იღებენ არჩევნებში მონაწილეობას. ქართველი ახალგაზრდობა ასევე არ გამოირჩევა დიდი ინტერესით გაწევრიანდნენ პოლიტიკურ პარტიებში, რომლებიც კვლავ არასტაბილურ ორგანიზაციებად რჩებიან. გარდა ამისა, რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებთან შედარებით, რომლებიც უმეტესად იგნორირებულები არიან ქართულ პოლიტიკაში, თბილისელები უფრო აქტიურად გამოხატავენ პოლიტიკურ პროტესტს ქუჩის დემონსტრაციების საშუალებით.

Polis180 და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) მიიჩნევენ, რომ საჭიროა საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების იდეებისა და პოზიციების გახმოვანება. #GEOYOUTH2020 ინიციატივით, რომელიც ეფუძნება GIP-ის 2018 წლის წარმატებულ პროექტს #GEOEUvalues, ორგანიზაცია მიზნად ისახავს ქართველი ახალგაზრდების გაძლიერებას, რათა მათ შეძლონ თავიანთი პოზიციის ხმამაღლა დაფიქსირება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიის პროცესში.

პროექტის აქტივობები:

  • ახალგაზრდების პოლიტიკურ პრიორიტეტებზე დაყრდნობით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, „ახალგაზრდული მანიფესტის“ შექმნა და მისი არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის მიწოდება.
  • ტრენერების ტრენინგი პოლიტიკურ პროცესებში ახალგაზრდების მონაწილეობისა და მოხალისეების ჩართულობის შესახებ (03/2020).
  • 10 „ახალგაზრდული სამიტის“ ჩატარება მთელი საქართველოს მასშტაბით: გურიაში, აჭარაში, ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, შიდა ქართლსა და თბილისში (03/2020). თითოეული სამიტი მოიცავს ნახევარდღიან ტრენინგს ახალგაზრდების პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ. ამის შემდეგ ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებენ სამუშაო შეხვედრაში, სადაც განავითარებენ და გამოხატავენ თავიანთ პოლიტიკურ პრიორიტეტებს პირად გამოცდილებებზე დაყრდნობით. აღნიშნული პრიორიტეტების ერთ სივრცეში თავმოყრისთვის, პროექტი გამოიყენებს ონლაინ ინოვაციურ საშუალებას – „პოლიტიკის სამზარეულოს“, რომლის ავტორიცაა Polis180-ის შვეიცარიული პარტნიორი ორგანიზაცია „Foraus”. ახალგაზრდული სამიტების სამუშაო ენა იქნება ქართული. GIP-ი, პროექტის ფარგლებში, ითანამშრომლებს ადგილობრივ პარტნიორებთან რეგიონებში.
  • საჯარო ღონისძიებების ორგანიზება თბილისსა (06/2020) და ბერლინში (10/2020), სადაც ზემოთაღნიშნული „ახალგაზრდული მანიფესტის“ (05/2020) პრეზენტაცია და დისკუსია გაიმართება.
  • სამი ბლოგის გამოქვეყნება, რომელშიც განხილული იქნება ახალგაზრდების პოლიტიკური მონაწილეობის საკითხი გერმანიაში, საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.

 

ინტერსექციურობის პრინციპზე დაყრდნობით, გათვალისწინებულია ახალგაზრდების მრავალფეროვანი ჯგუფების (18-35 წლის) ჩართულობა პროექტში, მათ შორის, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების, ქალებისა და გოგონების, LGBTIQ თემის წევრებისა და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების.

აღნიშნული აქტივობებისა და მისაღწევი შედეგების გათვალისწინებით, პროექტის მიზნები და ამოცანებია:

  • ახალგაზრდებთან მუშაობის გერმანული მოდელის, მეთოდებისა და გამოცდილების გაზიარება და მისი ქართულ კონტექსტზე მორგება.
  • ქართველი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება მათი პოლიტიკურ მონაწილეობისა და პერსპექტივების შესახებ საქართველოს 2020 წლის არჩევნებში.
  • ქართველ ახალგაზრდებში პოლიტიკის ტრადიციული გაგების გაფართოება (პოლიტიკა, როგორც უფრო მეტი, ვიდრე „ბინძური თამაში“).
  • პოლიტიკის შემქმნელების/ექსპერტების თვალსაწიერის გაფართოება ახალგაზრდების პოლიტიკური მონაწილეობის საკითხზე.
  • ქართულ-გერმანულ თანამშრომლობის განვითარება და ქვეყნებს შორის კავშირების გაძლიერება ახალგაზრდული საკითხებისა და ადვოკატირების მიმართულებით.

მზად ხარ ახალი გამოწვევისთვის? გინდა ახალგაზრდების ხმა მიიტანო პოლიტიკურ აქტორებთან და ადვოკატირება გაუწიო იმ პრობლემებს, რომელიც გინდა მოხვდეს 2020 წლის არჩევნების დღის წესრიგში? მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა. ჩაერთე ახალ ინიციატივაში GEOYOUTH2020!

თუ გსურთ, რომ გახდეთ პროექტის მონაწილე, გადადით ბმულზე და შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა 30 მაისს, 18:00 საათამდე – https://bit.ly/3cXfO0L

#CivilSocietyCooperation

Related Posts