GEOYOUTH2021 გამარჯვებული პროექტები ცნობილია

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) განაგრძობს გერმანულ პარტნიორ ორგანიზაცია Polis180-თან თანამშრომლობას და მასთან ერთად ახორციელებს პროექტს #GEOYOUTH2021 – ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობა ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებში. პროექტი ფინანსურად მხარდაჭერილია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფების ფორმირებასა და მხარდაჭერას. ასევე, მათი საჭიროებების გამოკვეთასა და ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობას. ამ მიზნით, პროექტის ფარგლებში, გამოცხადდა საგრანტო კონკურსი საქართველოში მცხოვრები (18-35 წლის) ახალგაზრდებისთვის. ყველა დაინტერესებულ, აქტიურ ახალგაზრდას, საქართველოს მასშტაბით, საშუალება ჰქონდა მცირე საინიციატივო ჯგუფებად გაერთიანებულიყო, წარმოედგინა თავისი ინიციატივა პროექტის სახით და მიეღო მცირე გრანტი მის გასახორციელებლად.

შერჩევის შედეგად, საბოლოოდ, 55 აპლიკაციიდან, პროექტის გუნდმა 8 გამარჯვებული სამუშაო ჯგუფი და მათი პროექტები გამოავლინა. თითოეული ეს საინიციატივო ჯგუფი, ახლა, იმუშავებს თემაზე, – გამოწვევაზე, რომელიც ახალგაზრდების პოლიტიკურ მონაწილეობას უკავშირდება, შეიმუშავებს ამ პრობლემის გადაჭრის გარკვეულ გზებზე მუშაობის სტრატეგიას,  სამოქმედო გეგმასა და რეკომენდაციებს.

გაეცანით ამ საინტერესო ინიციატივებს:

  1. აქტიური მოქალაქეები ეფექტური თვითმმართველობისთვის (გუნდი: როლანდ ბაღათურია, ქუჯი ჯალაღონია, აკაკი აფაქიძე)

ქალაქი/რეგიონი: სენაკის მუნიციპალიტეტი

პროექტის განხორციელების ვადები: 15 ივნისი – 10 სექტემბერი, 2021

პროექტი მიზნად ისახავს მონაწილეების ცნობიერების ამაღლებას თვითმმართველობის საკითხებთან და ჩართულობის მექანიზმებთან დაკავშირებით; მათი ჩართულობის გაზრდას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში და ამისათვის საჭირო პრაქტიკული და თეორიული ცოდნის მიწოდებას. შედეგად, – ბენეფიციარებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებს შორის თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ფორმირების წახალისებას და პროაქტიული  მონაწილეობის პრაქტიკის დამკვიდრებას.

  1. ახალგაზრდები თვითმმართველობისთვის – ცაგერი (გუნდი: ნუცა ქარსელაძე, თორნიკე ნემსწვერიძე, ალექსანდრე კოპალიანი, ვასილ ქარსელაძე)

ქალაქი/რეგიონი: ცაგერი

პროექტის განხორციელების ვადები: 1 ივნისი – 14 სექტემბერი, 2021

პროექტის მიზანია ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების ადგილობრივ პოლიტიკურ და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის გაზრდა. პროექტის ამოცანებია: მოტივირებული ახალგაზრდების შერჩევა და მათი ცოდნის ამაღლება ადგილობრივ პოლიტიკურ და გადაწყვეტილების მიღების პროცესის არსში; გამორჩეული მონაწილეების შერჩევა და მათთვის პრაქტიკული საქმიანობის უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოში; მონაწილეებისთვის, საინიციატივო ჯგუფის მიერ დაარსებულ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში გაწევრიანების შესაძლებლობის მიცემა მყარი ახალგაზრდული პლატფორმის შესაქმნელად; მონაწილეებისთვის ადგილობრივ მუნიციპალიტეტში კონტაქტების დამყარება მათ სამომავლო საქმიანობაში დახმარებისა და ადგილობრივ დონეზე თემის გაძლიერების მიზნით.

  1. ეთნიკური სტერეოტიპები, განათლებაზე ხელმისაწვდომობა და კარიერული  წინსვლა  აზერბაიჯანელ ახალგაზრდებში (გუნდი: მაგდა რუხაძე, გიულგიუნ მამედხანოვა, სალახადინ პირიევი)

ქალაქი/რეგიონი: მარნეული, გარდაბანი.

პროექტის განხორციელების ვადები: 7 ივნისი – 15 სექტემბერი, 2021 წელი

კვლევის მიზანია დადგინდეს, თუ რა გავლენას ახდენს  ეთნიკური სტერეოტიპები განათლების ხელმისაწვდომობასა და კარიერულ წინსვლაზე ეთნიკურად აზერბაჯანელ ახალგაზრდებში, კერძოდ: მოხდეს კონკრეტული ბარიერებისა და მათი გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება;  სქესთაშორისი განსხვავებების გამოვლენა; ახალგაზრდების დამოკიდებულებების, მოლოდინებისა და მიზნების გამოვლენა განათლებაზე ხელმისაწვდომობისა და კარიერული წინსვლის კუთხით, ასევე, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ბარიერების დაძლევის გზების ჩამოყალიბება.

  1. ახალგაზრდები პოლიტიკური ცვლილებებისთვის (გუნდი: ხატია გაბინაშვილი, სალომე ქუშაშვილი, გივი ქირიკაშვილი, თამთა გაბინაშვილი)

 ქალაქი/რეგიონი: მცხეთა-მთიანეთის რეგიონი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

პროექტის განხორციელების ვადები:  7 ივნისი – 1 სექტემბერი, 2021

პროექტის  მიზანია, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ისეთი ადგილობრივი, ახალგაზრდული ჯგუფის შექმნა, რომელიც იქნება ინფორმირებული ადგილობრივ თვითმმართველობასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე და მუმდივად მოხდება მათი თანამშრომლობა ხელისუფლებასთან, პოლიტიკურ პარტიებთან თუ  სამოქალაქო ორგანიზაციებთან, საზოგადოებრივი და ახალგაზრდული კეთილდღეობისთვის. მოცემული ჯგუფი, იქნება ოფიციალური ახალგაზრდული ჯგუფი, რომელთა საქმიანობა არ იქნება ერთჯერადი სახის და მუდმივად ჩართულნი იქნებიან შესაბამის აქტივობაში.

  1. იაქტიურე, შენზეა – ახალგაზრდების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობა (გუნდი: ლიკა მერაბიშვილი, ანა ჭარხალაშვილი, სოფიო მუმლაძე (არასამთავრობო ორგანიზაცია „განათლებისა და განვითარების სივრცე“)

 ქალაქი/რეგიონი: თბილისი, ბათუმი (პროექტი დაფარავს მთლიან საქართველოს)

პროექტის განხორციელების ვადები: 1 ივნისი – 31 აგვისტო, 2021

პროექტის მიზანია ახალგაზრდების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობა. პროექტის ამოცანებია: ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება პოლიტიკურ პროცესებსა და  სამოქალაქო აქტივიზმში ჩართულობის შესახებ; ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდა პოლიტიკური პარტიების შესახებ; ახალგაზრდებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის კომუნიკაციის გაძლიერება; პოლიტიკური პარტიებისთვის ახალგაზრდების ინტერესების გაცნობა; ახალგაზრდების საარჩევნო აქტივობის გაზრდა.

  1. მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების გაძლიერება ონისა და ამროლაურის მუნიციპალიტეტებში (გუნდი: თამარ ხომასურიძე, ანი ტატულაშვილი, ნანა მაისურაძე)

ქალაქი/რეგიონი: ამბროლაური/ონი

პროექტის განხორციელების ვადები: 1 ივნისი – 11 ივლისი, 2021

პროექტის მიზანია, ონის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში არსებული მერის მრჩეველთა ახალგაზრდული საბჭოების გაძლიერების ხელშეწყობა. მოცეემულ პროექტში მათი ჩართულობა და გაძლერება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ შუალედურ რგოლს ადგილობრივ თვითმმართველობასა და ახალგაზრდებს შორის. სამოქალაქო ჩართულობის ინსტრუმენტებზე მრჩეველთა საბჭოს წევრების ცნობიერების ამაღლება პირდაპირ შეუწყობს ხელს ახალგაზრდული სექტორის ინტერესების გატარებას ადგილობრივ დონეზე.

  1. შუქურა ახალგაზრდებისთვის (გუნდი: თამუნა მანველიშვილი, მარი მანველიშვილი, ივერი შაინიძე)

ქალაქი/რეგიონი:  ხულო, აჭარა

პროექტის განხორციელების ვადები:    25 ივლისი – 31 აგვისტო, 2021

პროექტს მთავარი მიზანია დაბა ხულოში  მცხოვრები 20 ახალგაზრდის კარიერული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება, ამ საერთო მიზნის მისაღწევად პროექტი შემდეგ ქვე-მიზნებს მოიცავს: მათი თეორიული გადამზადება სამოქალაქო-პოლიტიკურ ჩართულობაში ტრენინგებისა და სიმულაციის საშუალებით; მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება ხულოში მდებარე სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებში ერთდღიანი მასტერკლასის საშუალებით; მონაწილეებმა დამოუკიდებლად დაგეგმონ და განახორციელონ თავიანთი ინიციატივა ადგილობრივ სტრუქტურებთან ადვოკატირებით.

  1. ახალგაზრდების მონაწილეობა საარჩევნო და პოლიტიკურ  პროცესებში (გუნდი: ანა ცანავა, ლევან პაპავა, სოფიო ჭითანავა)

ქალაქი/რეგიონი: სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი,  ქ. ზუგდიდი (ზუგდიდის, წალენჯიხის, ხობის, სენაკის, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტები)

პროექტის განხორციელების ვადები: ივნისი- სექტემბერი, 2021

პროექტის მიზანია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 5 მუნიციპალიტეტში  მცხოვრები ახალგაზრდების (22-29 წლის)  ჩართულობის გაზრდა საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებში. ამოცანები:     ახალგაზრდების    ცნობიერების ამაღლება არჩევნებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის განხორციელების პროცესში  მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ.  ახალგაზრდების სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა და მათი ინიციატივების რეალიზების ხელშეწყობა.

პროექტის დასასრულს (2021 წლის შემოდგომაზე), გრანტის მიმღები ჯგუფების თითო წარმომადგენელი გაემგზავრება სასწავლო ვიზიტით გერმანიაში (ბერლინში), სადაც ისინი შეხვდებიან პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს და ესტუმრებიან სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო დაწესებულებებს. [გერმანიაში ვიზიტი დამოკიდებულია არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე].

აღნიშნული პროექტი წარმოადგენს #GEOYOUTH2020 – „ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში“ პროექტის გაგრძელებას, რომელიც განხორციელდა 2020 წელს და თავი მოუყარა 150-ზე მეტ ახალგაზრდას საქართველოს 8 რეგიონიდან, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ახალგაზრდებს. მონაწილეებმა რეგიონული სამიტის ფარგლებში, იმსჯელეს ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩართულობის ხელისშემშლელი ფაქტორების შესახებ და წარმოადგინეს მათ მიერ შემუშავებული თითოეული პრობლემის გადაჭრის გზები. შემუშავებული მანიფესტი (https://bit.ly/2QhfDHm) უცვლელად ასახავს ახალგაზრდების მსჯელობის შედეგებს და პრობლემათა მოგვარების მათეულ ხედვას.

Related Posts