GIP-იმ აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) შედეგების ჩარჩოს მომავალი განვითარების შესახებ დახურულ დისკუსიას უმასპინძლა

15 ოქტომბერს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებით გაიმართა დახურული დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში თემაზე „საქართველოს მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის 20 შედეგის იმპლემენტაცია 2020 წლისთვის: შეფასება და პროგრესი“. დისკუსია გაიმართა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასთან (ISFED) პარტნიორობითა და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.

მრგვალი მაგიდის ტიპის დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო საზოგადოების, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დიპლომატიური კორპუსისა და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებმა. მათ შეაფასეს აღმოსავლეთ პარტნიორობის 20 შედეგის იმპლემენტაცია 2020 წლისთვის და განიხილეს რეკომენდაციები ამ შედეგების ჩარჩოს განახლებასთან დაკავშირებით 2021 წლის შემდეგ.

2020 წლის ივლისს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა 14 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასა და ექსპერტთან ერთად გამოაქვეყნა ანგარიში „საქართველოს მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის 20 შედეგის იმპლემენტაცია 2020 წლისთვის“. მაშინ, როდესაც ევროკომისია უკვე მუშაობს 20 შედეგის განახლებულ ვერსიაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე სახელმწიფოსთვის, მნიშვნელოვანია, რომ მასში ცვლილებები  წარსული გამოცდილების, ამ შედეგების ძლიერი მხარეებისა და გამოწვევების გათვალისწინებით შევიდეს.

სამოქალაქო საზოგადოების ანგარიში შეიცავს რეკომენდაციებს აღნიშნული ჩარჩოსგან მიღებული სარგებლის მაქსიმიზაციისთვის. გარდა ამისა, შემუშავებული რეკომენდაციები ამზადებს ნიადაგს 2021 წლის მარტში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, განიხილონ ნაბიჯები აღმოსავლეთ პარტნიორობის ჩარჩოს გასაუმჯობესებლად.

დახურულ შეხვედრაზე, GIP-იმ და პროექტის პარტნიორმა ორგანიზაცია ISFED-მა  ანგარიშის ძირითადი მიგნებები წარადგინეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა კი, ისაუბრეს 20 შედეგის იმპლემენტაციისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი განვითარების შესახებ.  

ღონისძიება ორგანიზატორებმა უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით ჩაატარეს. სავალდებულო იყო დისტანციის დაცვა, თერმოსკრინინგი და პირბადის ტარება, როგორც სასტუმროს საერთო სივრცეში, ისე შეხვედრის ოთახში მთელი ღონისძიების განმავლობაში.

დისკუსია ორგანიზებული იყო პროექტის „საქართველოს მიერ 2020 წლისთვის 20 შედეგის მიღწეული პროგრესის შეფასება“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.

Related Posts