GIP-იმ თბილისის კვლევითი ინსტიტუტების ფორუმს უმასპინძლა 

2019 წლის 9 დეკემბერს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) თბილისის კვლევითი ინსტიტუტების ფორუმს უმასპინძლა. ფორუმის მიზანი იყო კვლევითი ინსტიტუტების როლის განხილვა ქართული დემოკრატიის მომავლის ფორმირებაში. აღნიშნულმა ფორუმმა საქართველოში რეგისტრირებულ და მომუშავე კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებს, პოლიტიკის მკვლევრებსა და კვლევითი ინსტიტუტების დონორებს ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარების, საერთო პრობლემების გადაჭრის გზების განხილვისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობა მისცა. 

მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს GIP-ის დირექტორმა, კორნელი კაკაჩიამ და ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის (NED) ევრაზიის პროგრამის უფროსმა ოფიცერმა, ელსბეთ საზერსმა, რის შემდეგაც ფორუმის მთავარმა გამომსვლელმა, Transparify-ის დირექტორმა, დოქტ. ჰანს გუტბორდმა, ისაუბრა კვლევითი ინსტიტუტების როლზე დემოკრატიის ხელშეწყობაში. 

მთავარი გამომსვლელის სიტყვის დასრულების შემდეგ, GIP-ის დირექტორის მოადგილემ, რენატა სკარჯუტე-კერესელიძემ, ფორუმის მონაწილეები თემატური სამუშაო ჯგუფების სესიაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. პირველმა სამუშაო ჯგუფმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა შორენა ლორთქიფანიძე (CCDS), განიხილა კვლევითი ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების გავლენის გაზომვის საკითხი და საქართველოში პოლიტიკის შესახებ ინფორმირებისა და პოლიტიკის გაზომვის კუთხით არსებული გამოწვევები. მეორე სამუშაო ჯგუფმა კი, რომლის მოდერატორიც ჯონ დიპირო (IRI) იყო, განიხილა თუ როგორაა შესაძლებელი სანდოობის ჩამოყალიბება და რა ინსტრუმენტების გამოყენება იქნება ეფექტური კვლევითი ორგანიზაციების მიმართ ნდობის გასაზრდელად. 

ორმა სამუშაო ჯგუფმა დისკუსიის ძირითადი პუნქტები პლენარულ სესიაზე წარადგინა, რომელსაც მოდერირებას ლევან ცუცქირიძე (EECMD) უწევდა. მოწვეულმა სტუმრებმა – კახა გოგოლაშვილი (GFSIS), არჩილ გეგეშიძე (ლევან მიქელაძის ფონდი), ზაზა ბიბილაშვილი (ჭავჭავაძის ცენტრი), ლაშა ტუღუში (EI-LAT) და კორნელი კაკაჩია (GIP) – ისაუბრეს იმის შესახებ, თუ როგორაა შესაძლებელი ნდობის ჩამოყალიბება და დაბალანსებული ანალიზის შექმნა; როგორ შეიძლება პოლიტიკის ნარატივების ჩამოყალიბებაზე გავლენის გაზრდა; და როგორი უნდა იყოს კვლევითი ინსტიტუტების პასუხი პოპულიზმის, პოლარიზაციისა და ნდობის შემცირების საკითხების მიმართ. 

ღონისძიება ორგანიზებული იყო ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის (NED) ფინანსური მხარდაჭერით. 


 

Related Posts