GIP-იმ პოლიტიკის დოკუმენტის – “ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პროგრესის შეფასება: საქართველო პრევენციული სტრატეგიის ძიებაში” – პრეზენტაცია გამართა

18 სექტემბერს  საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესახებ თათია დოლიძის ავტორობით მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტის –“ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პროგრესის შეფასება: საქართველო პრევენციული სტრატეგიის ძიებაში” – პრეზენტაცია
გამართა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში.

დოკუმენტი მომზადდა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP, საქართველო), ევროპული პოლიტიკის და რეფორმის ინსტიტუტსა (IPRE, მოლდოვა) და გლობალიზაციისა და რეგიონული თანამშრომლობის ანალიტიკურ ცენტრის (ACGRC, სომხეთი) ერთობლივი პროექტის – „საქართველოს, მოლდოვასა და სომხეთს შორის გამოცდილების გაზიარების გზით ვიზალიბერალიზაციის ხელშეწყობა“ – ფარგლებში.

ღონისძიება გახსნა სალომე კანდელაკმა (GIP-ის პროექტის კოორდინატორი) პროექტის არსზე და ფართო ამოცანებზე საუბრით. ხოლო GIP-ის დირექტორმა, კორნელი კაკაჩიამ, მისასალმებელ სიტყვაში აქცენტი გააკეთა, სომხეთისთვის საქართველოს მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შესახებ გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

პოლიტიკის დოკუმენტის ავტორი, თათია დოლიძე (GIP-ისთან აფილირებული მკვლევარი) პრეზენტაციისას შეეხო ისეთ მწვავე საკითხებს, როგორებიცაა ევროკავშირთან თავისუფალი სავიზო რეჟიმის ფონზე ლტოლვილად ჩაბარების მსურველ ქართველთა მზარდი რაოდენობა და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში ორგანიზებული დანაშაულის ფაქტები. თათია დოლიძის თქმით, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლები წარმოადგენენ ჰეტეროგენულ ჯგუფს, რაც საქართველოს მთავრობას და ევროკავშირს ურთულებს ერთგვაროვანი პრევენციული ხასიათის პოლიტიკის შემუშავებას. მან ასევე მიმოიხილა, საქართველოს მთავრობის მიერ უკვე გაწეული ძალისხმევა, განსაკუთრებით რეადმისიისა და ანტიკრიმინალური თანამშრომლობის პოლიტიკის მიმართულებით, როგორც ყველაზე წარმატებული მაგალითები,  ხოლო მთავრობის საინფორმაციო კამპანია დაასახელა, როგორც ყველაზე სუსტად და არაეფექტურად.

პრეზენტაციის ბოლოს, თათია დოლიძემ წარმოადგინე რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისა და ევროკავშირისათვის. კერძოდ, მან მთავრობას მოუწოდა საზღვრის უფრო მკაცრი კონტროლისკენ, ევროკავშირთან უფრო ეფექტური კომუნიკაციისა და ანტირუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლისკენ. ევროკავშირის მიმართულებით მისი რეკომენდაციები ძირითადად მოიცავდა თავშესაფრის მაძიებელთათვის ევროკავშირში დარჩენის უარის თქმის შემთხვევაში დეპორტაციის უზრუნველყოფას, საქართველოს მთავრობისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებას, თავშესაფრის მაძიებელთა შესახებ პოლიტიკის გადახედვას და საზღვრის მართვის სისტემის გაუმჯობესებას.

პრეზენტაციის შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ – ივანე ჩხიკვაძე (ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ფონდი ღია საზოგადოება- საქართველო), თამარ ხულორდავა (საქართველოს პარლამენტის ევროპული ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარე) და მონიკა საკი (საქართველოშ ევროდელეგაციის პოლიტიკის, პრესის და საინფორმაციო სექციის დირექტორის მოადგილე). აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დიდ მნიშვნელობაზე და არსებულ პრობლემებთან გასამკლავებლად უფრო ეფექტური პრევენციული სტრატეგიების დანერგვის საჭიროებაზე.

ჩხიკვაძის თქმით, მიმდინარე გამოწვევები უნდა გადაიჭრას სწრაფად და ხარისხიანად, რათა თავიდან ავიცილოთ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხე. მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ვიზალიბერალიზაციის პროგრესის შეფასება საქართველოს დანაწევრებული ტერიტორიების პრიზმაშიც, კერძოდ აფხაზეთისა და ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” ფაქტორის გათვალისწინებით.

თამარ ხულორდავას მტკიცებით, ევროკავშირთან თავისუფალი სავიზო რეჟიმის შენარჩუნება საქართველოს მთავრობის მთავარ პრიორიტეტებშია. მან ასევე ხაზი გაუსვა, იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც პარლამენტმა მიიღო აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. თუმცა, მან ასევე დასძინა, რომ პრობლემა მხოლოდ საქართველოს ძალისხმევით ვერ მოგვარდება.

მონიკა საკმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების  წვლილზე საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხში. თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა მზარდი სტატისტიკა ევროკავშირისთვის ნამდვილად არის ღელვის საგანი.

წარდგენილი პოლიტიკის დოკუმენტი გამოიცემა პოლიტიკის დოკუმენტების კრებულის სახით, რომელიც ასევე მოიცავს მოლდოვის ვიზა ლიბერალიზაციისა და სომხეთის ვიზა ფასილიტაზიის ტექსტებსაც, რომლებიც მომზადდა IPRE-სა და ACGRC-სთან თანამშრომლობით. კვლევის საბოლოო შედეგების პრეზენტაცია გაიმართება ერევანში და მიზნად ისახავს საქართველოსა და მოლდოვის გამოცდილებისა და პოტენციური გამოწვევების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას სომხეთისთვის – გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის და სხვა პროფესიონალებისთვის.

პროექტი ხორციელდება „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის“ ქვე-გრანტის სქემის ხელშეწყობით (FSTP) და ფინანსდება ევროკავშირის მიერ, რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობის ფარგლებში. აღნიშნული ქვე-გრანტის სქემის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი ხელს უწყობს პლათფორმის წევრებს მისი მისიისა და ამოცანების შესრულებაში. პროექტს ნაწილობრივ აფინანსებს „ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის“ (NED).

Related Posts