GIP-იმ ჟან მონეს პროექტის გაცნობითი შეხვედრა ახალქალაქში გამართა

2020 წლის 31 იანვარს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) ევროკავშირის ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ჟან მონეს პროექტის პირველი გაცნობითი შეხვედრა გამართა ახალქალაქში, რონდელის ფონდის (GFSIS) ადგილობრივ ოფისში. შეხვედრის მიზანი იყო სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისთვის პროექტის წარდგენა და ამ პროექტის სხვადასხვა აქტივობაში მათი ჩართულობის შესაძლებლობებზე ინფორმირება. 

პრეზენტაცია მისასალმებელი სიტყვით  ნორიკ გასპარიანმა – ადგილობრივმა კოორდინატორმა გახსნა, რომელმაც  GIP-ის პროექტის გუნდის წევრები სალომე კანდელაკი და ნინო სამხარაძე წარუდგინა აუდიტორიას. სალომე კანდელაკმა ადგილობრივ თემს პროექტის მიზანი, ამოცანები და ძირითადი აქტივობები გააცნო. მან განსაკუთრებული ყურადღება, საქართველოს ევროპეიზაციის პროცესში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის გაზრდაზე გაამახვილა. ნინო სამხარაძემ კი ადგილობრივი თემის კვლევით აქტივობებში ჩართვისა და რეგიონის მთავარი გამოწვევების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროებასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. არაქართულენოვანი აუდიტორიის გათვალისწინებით, ღონისძიებაზე უზრუნველყოფილი იყო თანმიმდევრული თარგმნა ქართულიდან სომხურად.

შეხვედრის მონაწილეების განსაკუთრებული ინტერესი პროექტით გათვალისწინებული ქვე-გრანტის კომპონენტის მიმართ გამოიხატა. ეს კომპონენტი მათ საშუალებას აძლევს  პროექტის ფარგლებში საპილოტე ტრენინგები ჩაატარონ და ვიდეო მასალები მოამზადონ. პრეზენტაციაზე დამსწრეთა უმეტესობამ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზეც გამოთქვა მზაობა.

შეხვედრა გააშუქა ორმა ადგილობრივმა საინფორმაციო სააგენტომ: Jnews-მა და რადიო NOR-მა, რამაც გაზარდა პროექტის ზოგადი ხილვადობა და უზრუნველჰყო რეგიონის დანარჩენი მოსახლეობის პროექტის შესახებ ინფორმირება.

 

Related Posts