GIP-ის კვლევის პრეზენტაცია ვიზალიბერალიზაციის გამოწვევების შესახებ

20 აპრილს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა დოკუმენტის – „საქართველოს ვიზალიბერალიზაციის გამოწვევები: პოლიტიკური კონტექსტი და სტატისტიკა“ პრეზენტაცია გამართა. 

დოკუმენტი, რომლის ავტორებიც მარიამ გრიგალაშვილი (GIP-ის პოლიტიკის ანალიტიკოსი) და მიხეილ სარჯველაძე (GIP-ის აფილირებული ანალიტიკოსი) არიან, მიზნად ისახავს, გააანალიზოს რამდენად დგას საქართველო ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხის წინაშე და რამდენად სამართლიან შეფასებას ეყრდნობა ის სტატისტიკა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა სახელმწიფოს პოლიტიკურ ჯგუფებს შეჩერების მექანიზმის ამოქმედების განმაპირობებელ ფაქტორად მოჰყავთ.

პრეზენტაციაზე გრიგალაშვილმა მიმოიხილა ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებამდე არსებული მდგომარეობა და დღევანდელი სურათი, ისაუბრა ვიზალიბერალიზაციის გამოწვევებზე, როგორც საერთაშორისო ასევე ეროვნულ დონეზე და წარმოადგინა რეკომენდაციები მთავრობისთვის, თუ რა ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, რათა საქართველო არ დადგეს შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხის წინაშე.

ზემოთაღნშნული რეკომენდაციები მოიცავდა შემდეგ პუნქტებს: 

  • გააძლიერდეს კომუნიკაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარების მიმართულებით და ჩაატარდეს საინფორმაციო კამპანია საქართველოს მოსახლეობასთან.
  • საქართველოში დაინერგოს თავშესაფრის შესაძლო მაძიებელთა გადინების კონტროლის საერთაშორისო პრაქტიკა. 
  • მოეწყოს საინფორმაციო კამპანია უვიზო მიმოსვლის დამრღვევთა მიმართ დაკისრებული ვალდებულებების შესახებ.
  • გაკეთდეს იმ პირების მონაცემთა ბაზის კომპლექსური ანალიზი, რომლებიც არღვევენ უვიზო მიმოსვლის წესებს.
  • ქვეყნებთან, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის გადახედვის ინიციატივით გამოდიან, მჭიდროდ თანამშრომლობა. 
  • განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს მონაცემთა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტებს.
  • გაიზარდოს ძალისხმევა შრომითი ბაზრის გახსნის ინიციატივასთან დაკავშირებით.
  • ევროკავშირთან მოლაპარაკების წარმოება შენგენის ინფორმაციების გაცვლის სისტემის (SIS) პრაქტიკის გაზიარებასთან დაკავშირებით. 

 

პრეზენტაციას ესწრებოდნენ მასმედიის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების წარმომადგენლები. 


პრესა პრეზენტაციის შესახებ:


ფოტოები პრეზენტაციიდან:

 

 

Related Posts