GIP-ის რეგიონული ვიზიტები ევროპეიზაციასთან დაკავშირებით ახალგაზრდების ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) პროექტის – “ევროპეიზაციასთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებისა და ახალგაზრდების ინფორმირებულობის ხელშეწყობა” – ფარგლებში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან ერთად, გორის, ქუთაისისა და თელავის უნივერსიტეტებს ეწვია. შეხვედრების მიზანი იყო, სტუდენტებთან ერთად საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე მსჯელობა. რეგიონული ვიზიტების ფარგლებში გამართულ დისკუსიებში ჯამში 80-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 12 ოქტომბერს შედგა. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, კორნელი კაკაჩიამ და ლიეტუვის ელჩმა, გიედრიუს პუოჯუნასმა სტუდენტებთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე არსებულ მთავარ მიღწევებსა და გამოწვევებზე. ელჩმა ისაუბრა ლიეტუვის გამოცდილებაზე და ხაზი გაუსვა ისეთ თანამედროვე გამოწვევებთან ბრძოლის მნიშვნელობას, როგორიცაა პროპაგანდა და ე.წ. “ფეიქ ნიუსები”.

ამავე პროექტის ფარგლებში, 9 ნოემბერს, GIP-ის გუნდი ავსტრიის ელჩთან, არად ბენკოსთან ერთად ეწვია აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს. დისკუსიიდან გამოიკვეთა, რომ სტუდენტების დაინტერესებულნი არიან, თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია ევროკავშირის შიგნით მიმდინარე პროცესებს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ელჩმა თავის მიმართვაში ისაუბრა, ევროკავშირის დემოკრატიული ღირებულებებსა და მის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის.

16 ნოემბერს შეხვედრა შედგა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამჯერად შეხვედრას ესწრებოდა შვედეთის ელჩი ულრიკ ტიდესტრომი. ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სტუდენტებისთვის შვედეთში სწავლის შესაძლებლობაზე. განიხილა ის გზები, რომელთა მეშვეობითაც ქართველი სტუდენტები შეძლებენ დაფინანსების მოპოვებას სხვადასხვა აკადემიურ საფეხურზე სწავლის დასაწყებად.

პროექტი, რომლის ფინანსური მხარდამჭერი იყო საქართველოში ლიეტუვის საელჩო, მოიცავდა სხვადასხვა აქტივობებს, მათ შორის: საზაფხულო უნივერსიტეტს, ბლოგების სერიასა და დისკუსიებს თემაზე “საქართველოს ევროპეიზაციის პროცესი: გამოწვევები და პერსპექტივა.”

 

Related Posts