GIP-ის ყოველწლიური კონფერენცია ახალ ფორმატში: GEODEM2020 ონლაინ სივრცეში ინაცვლებს!

დემოკრატიის ყოველწლიური კონფერენციის (#GEODEM) რიგით მე-5 გამოშვება, თბილისში, GIP-იმ აპრილის თვეში დაგეგმა. წლევანდელი ღონისძიება მთავარი თემით –  „საქართველო არჩევნების წინ: როგორ ავირიდოთ თავიდან დემოკრატიის უკუსვლა?“  100-ზე მეტ მონაწილეს უმასპინძლებდა. თუმცა, COVID-19-ის გავრცელების გამო, აუცილებელი გახდა ყველა დაგეგმილი ღონისძიების ონლაინ სივრცეში გადატანა.

შედეგად, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) გადაწყვიტა, #GEODEM2020 ვებინარის ფორმატში ჩაატაროს და აუდიტორიას 3 სხვადასხვა პანელისგან შემდგარი კონფერენცია შესთავაზოს.

პანდემიამ ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა მომავალი საპარლამენტო არჩევნები. შესაბამისად, კონფერენციის ძირითადი თემაც შეიცვალა და წელს, სამი თემატური პანელი ამ საკითხზე ფოკუსირდებაარჩევნები COVID-19-ის პირობებში: ახალი გამოწვევა საქართველოს მყიფე დემოკრატიისთვის?

 

 

17 ივნისს (15:00), კონფერენციის პირველი პანელი შემდეგი თემით გაიხსნება – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები COVID-19-ის პირობებში. მოწვეული სტუმრები ისაუბრებენ, რამდენად მზად არის საქართველო, ჩაატაროს არჩევნები COVID-19-ის პანდემიის პირობებში. 

მიმდინარე წელი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება ლაკმუსის ტესტი, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ დინამიკას განსაზღვრავს შემდეგი ათწლეულის განმავლობაში. მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესისა, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც აზიანებს საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ გარემოს. ასეთი ფაქტორებია საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული სირთულეები, მწვავე პოლიტიკური და საზოგადოებრივი პოლარიზაცია, მოსახლეობის ნიჰილისტური განწყობები, მმართველი პარტიების მიერ ადმინისტრაციული რესურსების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების ხანგრძლივი ტრადიცია და შესამჩნევი დისბალანსი პოლიტიკური პარტიების შემოწირულობებს შორის. გარდა ამ ფაქტორებისა, COVID-19 წარმოადგენს მნიშვნელოვან ტექნიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ საფრთხეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

აღნიშნული გამოწვევების გათვალისწინებით, პირველი პანელზე, შემდეგ შეკითხვების ირგვლივ წარიმართება დისკუსია:  

  • როგორ გავლენას ახდენს COVID-19 წინასაარჩევნო გარემოზე საქართელოში? მიმდინარე გარემოებების გათვალისწინებით, შეუძლია თუ არა საქართველოს, ჩაატაროს სამართლიანი და კონკურენტუნარიანი არჩევნები და ამავდროულად, უზრუნველჰყოს საზოგადოებრივი ჯანდაცვა?
  • რა არის მთავარი გამოწვევები, რომლებმაც, შესაძლოა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას შეუშალოს ხელი?
  • როგორ შეუძლიათ საარჩევნო პროცესის დემოკრატიულობით დაინტერესებულ მხარეებს პანდემიის შედეგად შექმნილი ახალი გამოწვევების დაძლევა?
  • რისი გაკეთება არის შესაძლებელი იმის უზრუნველსაყოფად, რომ არჩევნების შედეგები ყველა მხარემ აღიაროს? რა ანიჭებს არჩევნებს ლეგიტიმურობას?

 

პირველ პანელს მოდერირებას გაუწევს ჯონ დიპირო, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI).

 პირველი პანელის მომხსენებლები:

  • თამარ ჟვანია, თავმჯდომარე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო)
  • გიორგი წერეთელი, ევროპული საქართველო
  • მამუკა ხაზარაძე, ლელო საქართველოსთვის
  • სალომე სამადაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

 

მეორე პანელი ივლისში გაიმართება თემაზე – საერთაშორისო აქტორები და არჩევნები.

ონლაინ კონფერენციის ბოლო, მესამე პანელი კი იმავე თვეში თემით ელექტორატის პოლარიზაცია და რადიკალიზაცია – დაასრულებს კონფერენციას.

 #GEODEM2020-ის ყველა პანელი ონლაინ პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით ჩატარდება.

კონფერენციაზე დასწრება ხდება წინასწარი რეგისტრაციით! 17 ივნისს, პირველ პანელზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია აქ – https://bit.ly/3cuMAp4

GIP-ის ყოველწლიური კონფერენცია ორგანიზებულია NED დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის ფინანსური დახმარებით.

თვალი ადევნეთ ჩვენს ვებგვერდს კონფერენციისა და შემდგომი პანელების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად!

ღონისძიება Faceboook-ზე

Related Posts