GIP ჰააგაში: “აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მომავალი: რამდენად შორს მიდის ევროპული იდენტობა?”

25 ივნისს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, რენატა სკარჯუტე-კერესელიძემ, მონაწილეობა მიიღო საჯარო დისკუსიაში -„აღმოსავლეთ პარტნიორობის [პოლიტიკის] მომავალი: რამდენად შორს მიდის ევროპული იდენტობა?“, რომელიც ჰააგაში, ნიდერლანდების პოლიტიკური პარტიის „დემოკრატები 66-ის” (D66), ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებაში, სხვა გამომსვლელებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ზაზა ბიბილაშვილმა (ჭავჭავაძის ცენტრი, საქართველო), დოქტ. ლადა როსლიცკიმ (NAKO, თავდაცვის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომიტეტი, უკრაინა) და მუსტაფა ნაიემმა (უკრაინის პარლამენტის წევრი). დისკუსია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ტონი ვან დერ ტოტი, კლინგენდაილი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, სიტყვით გახსნა ლაიდენის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა – ადრეს მეთიუ ფრიარმა.

განხილვისას ძირითადი აქცენტი გაკეთდა იმ შიდა გამოწვევებსა და გარე ზეწოლაზე, რომელთან გამკლავებაც უწევთ საქართველოს, მოლდოვასა და მთლიანად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონს, ევროპული ინტეგრაციის გზაზე. აღმოსავლეთ პარტნიორობამ, როგორც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ნაწილმა, სტარტი აიღო ათი წლის წინ და ძირითადად მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა ეკონომიკურ ზრდა, დემოკრატიზაცია, კანონის უზენაესობის განვითარება, კორუფციასთან ბრძოლა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა, პოსტ-საბჭოთა ექვს ქვეყანაში – ბელარუსი, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. მათგან მხოლოდ სამთან (უკრაინა, მოლდოვა, საქართველო) გააფორმა ევროკავშირმა ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები. ასევე, ამ სამი სახელმწიფოს მოქალაქეებს შეუძლიათ ვიზის გარეშე იმოგზაურონ შენგენის ზონაში.

რამდენად წარმატებული იყო ეს პროგრამა? როგორ უნდა გააგრძელოს იგი ახალმა ევროკომისიამ? ისევ აქვთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ნდობა ევროპული მომავლის მიმართ? და რას ნიშნავს მათთვის ევროპული იდენტობა?

ღონისძიებაზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელმა ოთხმა ექსპერტმა და დამსწრე საზოგადოებამ განიხილეს შემდეგი საკითხები:

  • კარგი მმართველობა და კანონის უზენაესობა: როგორი მდგომარეობაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კორუფციასთან ბრძოლის, კანონის უზენაესობისა და პოლიტიკური სისტემის რეფორმირების კუთხით? რა ეფექტი მოახდინა აღმოსავლეთ პარტნიორობამ კარგ მმართველობაზე?
  • იდენტობა: როგორ ხედავს ევროპულ იდენტობას ხალხი მეზობელი სახელმწიფოებიდან და რა კავშირი აქვს ამას ევროკავშირში მზარდ პოპულიზმსა და ნაციონალიზმთან? რითი იზიდავს ევროპა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს?
  • ახალგაზრდა თაობა: თავის ქვეყანაში უფრო ხედავენ თავიანთ მომავალს ახალგაზრდები თუ მორიგი ემიგრაციის ტალღის ნაწილი გახდებიან? რა გავლენა მოახდინა ასოცირების ხელშეკრულებამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უმცირესობებსა და ახალგაზრდებზე?

ღონისძიების მიზანი იყო, ნიდერლანდების საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ თუ რა ხედვები აქვთ საქართველოსა და მოლდოვაში, როგორი მიმართულებით უნდა განავითაროს აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირმა და რას ნიშნავს ევროპა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის.

Related Posts