Authors

07/02/2018 ლევან კახიშვილი

GIP კომენტარი: ქართულ-რუსული შეთანხმების რუსული ინტერპრეტაცია და რეალური ფაქტები: სად ცდება კარასინი?

Author

მარიამ გრიგალაშვილი 

მარიამ გრიგალაშვილი 
ლევან კახიშვილი 

2017 წლის 31 იანვარს, ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრისას ერთ-ერთ განსახილველ საკითხს რუსეთსა და საქართველოს შორის 2011 წლის შეთანხმება წარმოადგენდა. შეთანხმება ეხება “საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებულ ძირითად პრინციპებს”. შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, 25 იანვარს, გამოცემა კომერსანტთან მიცემულ ინტერვიუში, კარასინმა აღნიშნული ხელშეკრულება დაასახელა დოკუმენტად, რომელიც ნათელს ჰფენს 2008 წელს წარმოქმნილ ბუნდოვანებას, თუ სად გადის საქართველოს საბაჟო საზღვარი. მისი თქმით, “2011 წლის შეთანხმებამ ამ საკითხში საჭირო სიცხადე შეიტანა, ეს საერთაშორისო ხელშეკრულება განსაზღვრავს საქართველოს საბაჟო სამსახურისთვის განკუთვნილი ადგილების ზუსტ გეოგრაფიულ კოორდინატებს, ესენია ყაზბეგი რუსეთის საზღვართან, მდინარე ენგურის სამხრეთით (საიდანაც იწყება აფხაზეთის რესპუბლიკის საზღვარი) და გორის მიმდებარე ტერიტორია (სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვრის სიახლოვე)”. აღნიშნულ საკითხს გამოხმაურება მოჰყვა თბილისში. ოფიციალური უწყებები აცხადებენ, რომ კარასინის ეს განცხადება ხელშეკრულების უხეში დარღვევებით ინტერპრეტაციაა. 

მიუხედავად რუსეთ-საქართველოს შეთანხმების დოკუმენტის საჯაროდ ხელმისაწვდომობისა, ფართო საზოგადოებისთვის ცოტა რამ არის ცნობილი ხელშეკრულების დეტალებზე. ამასთან, არ მომხდარა იმ სარგებლისა და რისკების ძირეული ანალიზი და განხილვა, რომელიც ხელშკრულების განხორციელების შემდეგ საქართველომ შეიძლება, მიიღოს. ეს კი, თავის მხრივ, ხშირად ხდება პოლიტიკური სპეკულაციების მიზეზი. სწორედ ამიტომ, საჭიროა როგორც შეთანხმების ტექსტის საფუძვლიანი შესწავლა, ასევე ამ თემის გარშემო არსებულ წინააღმდეგობრივ ინფორმაციებში გარკვევა.

ქართული მხარის თავდაპირველი მოთხოვნები მოლაპარაკებების პროცესში

რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) წევრობაზე საუბარი და საქართველოს მხრიდან თანხმობა-წინააღმდეგობის საკითხი ჯერ კიდევ 2002 წელს დადგა დღის წესრიგში. თუმცა, წევრობაზე სერიოზული ნაბიჯები სწორედ 2011 წლიდან გადაიდგა. იმ პერიოდისთვის საქართველოსთვის ვმო-ში წევრობა ერთგვარ ბერკეტს წარმოადგენდა რუსეთის წინააღმდეგ, რომელთან კონტაქტები მინიმუმამდე იყო დასული 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და მოსკოვის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის შემდეგ. ვმო-ში წევრობის სანაცვლოდ, საქართველო რუსეთისგან ორ რამეს მოითხოვდა: პირველი, ოკუპირებული რეგიონების გასწვრივ, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ფსოუს და როკის გამშვებ პუნქტებზე  ტვირთბრუნვის საერთაშორისო მონიტორინგის შემოღებას;  და მეორე, ქართული საბაჟო სამსახურების თანამონაწილეობას ამ გამშვებ პუნქტებზე. აღნიშნული მოთხოვნები რუსეთის მთავრობისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო. შესაბამისად, 2011 წელს მოლაპარაკების რაუნდები უშედეგოდ სრულდებოდა.

მოლაპარაკებების დაწყების მომენტიდან ქართული მხარე ცდილობდა მაქსიმალურად მეტი სარგებელი მიეღო რუსეთის ვმო-ში წევრობაზე თანხმობის გაცხადების სანაცვლოდ. სააკაშვილის ადმინისტრაცია აცნობიერებდა, რომ თუკი საქართველო მის ხელთ არსებულ ამ შანს დაკარგავდა (რუსეთის წევრობაზე თანხმობით), სანაცვლოდ უნდა მიეღო შემხვედრი ნაბიჯი რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის თუნდაც სიმბოლური აღიარების თვალსაზრისით. თუმცა ცხადი იყო ისიც, რომ ამ ბერკეტს თავისი შეზღუდვები გააჩნდა და პროცესის უსასრულოდ გაწელვა ამ ბერკეტსაც დაუკარგავდა მნიშნელობას. შედეგად, ქართული მხარის ხისტი პოზიციის მიუხედავად, მოლაპარაკებები იმავე წლის ნოემბერში მოულოდნელად შეთანხმებით დასრულდა. მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გაკეთებული განცხადებები და მიღწეული შეთანხმების საგრძნობლად განსხვავებული ინტერპრეტაციები რუსეთისა და საქართველოს მხრიდან თავიდანვე ეჭვს ბადებდა. მოლაპარაკების ორივე მხარე ირწმუნებოდა, რომ ტექსტს ჰქონდა ის შინაარსი, რა შინაარსიც სწორედ მის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამებოდა.

რას გულისხმობს ხელშეკრულება და სად მდებარეობს სავაჭრო დერეფნები?

შეთანხმების მიხედვით საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ტვირთბრუნვა განხორციელდება სამი დერეფნის გავლით (იხილეთ რუკა). დერეფნების კოორდინატები და გამშვები პუნქტები შეთანხმებაში განსაზღვრულია UMT WGS84 კოორდინატთა სისტემის მიხედვით.

თითოეული დერეფნის დასაწყისში განთავსდება ეროვნული საბაჟო სამსახურის ოფიციალური პირები (რუსეთის ტერიტორიაზე რუსი მებაჟეები, საქართველოს ტერიტორიაზე ქართველი მებაჟეები) და ნეიტრალური კომპანიის წარმომადგენლები.  თუმცა დოკუმენტი ორ კითხვას ტოვებს უპასუხოდ: (1) რას წარმოადგენს ცხინვალის რეგიონის შიგნით არსებული წერტილები და რა დანიშნულების მატარებლები არიან ისინი? (2) რა გახდა ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე, სავაჭრო დერეფნის შიგნით კოოორდინატთა სისტემით განსაზღვრული 6 დამატებითი წერტილის არსებობის მიზეზი; ტვირთის მოძრაობის რა დამატებითი თავისებურებები არსებობსა ე.წ სამხრეთ ოსეთში, რაც აფხაზეთის შემთხვევაში არ გვხვდება.

(საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი ვიზუალიზაციისთვის გთავაზობთ გამშვები პუნქტების მდებარეობას რუკაზე)

რატომ არის ხელშეკრულების რუსული ინტერპრეტაცია მცდარი?

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებები ჯერ კიდევ 2011 წლის ნოემბრიდან მოყოლებული აქცენტს აკეთებს რამდენიმე მიმართულებაზე, რომლებიც, მათი ლოგიკით, ხაზს უსვამს ხელშეკრულების ღირებულებას რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ. თუმცა საგულისხმოა, რომ რუსული ნარატივი, როგორც წესი, საფუძველსაა მოკლებული და მათი ინტერპრეტაციის არგუმენტაციის საფუძველს ხელშეკრულების ტექსტი არ იძლევა.

საქართველოს საბაჟო სივრცის განსაზღვრა?!

ხელშეკრულების რუსული ინტერპრეტაცია: ის ფაქტი, რომ ქართველი მებაჟეები მხოლოდ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე განთავსდებიან, რუსეთის პოლიტიკური ელიტის მხრიდან შეფასებულია, როგორც საქართველოს საბაჟო სივრცის განსაზღვრა. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ საქართველომ, ერთი მხრივ, ზუგდიდში, ხოლო, მეორე მხრივ, გორის სიახლოვეს საბაჟო პუნქტების განლაგებით ხელი მოაწერა, მისივე სახელმწიფო საზღვრის განსაზღვრას, როგორც აფხაზეთთან, ასევე სამხრეთ ოსეთთან.

სინამდვილეში ტექსტში, არსადაა ნახსენები, საქართველოს საბაჟო სივრცე. შეთანხმება ზუგდიდისა და გორის სიახლოვეს პუნქტების აღნიშვნით, გვთავაზობს სავაჭრო დერეფნის (და არა საბაჟო სივრცის) შესასვლელსა და გამოსასვლეს. ეს კი არ გახლავთ, მხოლოდ სემანტიკური განსხვავება, რომელიც გემოვნების საკითხი იქნებოდა. რუსულ ნარატივსა და ხელშეკრულების რეალურ ტექსტს შორის მნიშვნელოვანი ტერმინოლოგიური განსხვავებაა.

აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის არაფორმალური აღიარება?!

ხელშეკრულების რუსული ინტერპრეტაცია: კარასინის ინტერვიუდან იკვეთება, რომ რუსეთი ცდილობს 2011 წლის ხელშეკრულება გაასაღოს, როგორც საქართველოს მხრიდან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრაქტიკული ირიბი აღიარება.

სინამდვილეში, 2011 წლის ხელშეკრულებაში საერთოდ არაა ნახსენები არც აფხაზეთი და არც ცხინვალის რეგიონი (შესაბამისად, არც ე.წ. სამხრეთ ოსეთი). გარდა ამისა, საქართველოს მხარეს საკმაოდ მყარი არგუმენტი არის ის, რომ ხელშეკრულება ეხება რუსეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობის მონიტორინგს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი რუსეთი, მისი აღქმით, საქართველოსთან (აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე) აწერდა ხელს, მაშინ სავაჭრო დერეფნად გამოყენებული უნდა ყოფილიყო მხოლოდ ერთი დერეფანი, ლარსის გამშვები პუნქტი, რადგან ერთადერთი საბაჟო-გამშვები პუნქტი რუსეთსა და საქართველოს შორის რუსული ნარატივის მიხედვით  სწორედ აქ მდებარეობს. შესაბამისად, აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიის გამოყენების რამენაირი საჭიროება გამორიცხული უნდა ყოფილიყო. თუკი ხელშეკრულება არის (და ეს სათაურიდანვე ჩანს) საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ხელშეკრულება, სამი დერეფნის არსებობა გამომდინარეობს სწორედ იმ ფაქტიდან, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ხელშეკრულებით ნაგულისხმევია, როგორ საქართველოს ტერიტორიებად. შესაბამისად, ხელშეკრულება ასევე ირიბად აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

ამ ყველაფერთან ერთად ხაზგასასმელია ფაქტი, რომ რუსეთიდან აღნიშნულ სამ დერეფანში შემოსული ყველა საქონელი ექვემდებარება 2011 წლის  შეთანხმებას. თუმცა, კარასინი ამ პირობას კომერსანტთან მიცემულ ინტერვიუში საერთოდ არ ახსენებს. კრემლი არც იმას ხსნის, თუ რას ნიშნავს პოლიტიკური თვალსაზრისით ის ფაქტი, რომ რუსეთიდან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შესული სავაჭრო ტვირთების შესახებ ინფორმაცია თბილისს ეცნობება (მესამე მხარის, შვეიცარიული კომპანიის მეშვეობით). ამ ინფორმაციის პოლიტიკური მნიშვნელობა ის არის, რომ ის და, შესაბამისად, ხელშეკრულება ხაზს უსვამს საქართველოს ლეგიტიმურ უფლებას, იცოდეს, რა ტვირთი შედის მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მეორე მხრივ, სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებით რუსეთიც მიიღებს ანალოგიურ ინფორმაციას დანარჩენი საქართველოდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეტანილი სავაჭრო ტვირთების თაობაზე, რაც მოცემულ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლების მიერ ოკუპირებულ რეგიონებზე შეზღუდულ კონტროლს უსვამს ხაზს.

დასკვნა

2011 წლის ხელშეკრულების ინტერპრეტაციები პრობლემურ თემად რჩება შეთანხმების განხორციელების პროცესის დაწყების წინ. კარასინი-აბაშიძის 31 იანვრის შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები ოდნავ შერბილებული ტონით იკითხება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი უარს იტყვის ხელშეკრულების ტექსტის მისივე სასარგებლოდ ინტერპრეტაციაზე.

საბოლოოდ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების მიუხედავად, 2011 წლის ხელშეკრულების განხორციელებით ქართული მხარე მიიღებს მოსკოვის მხრიდან საქართველოს ლეგიტიმური უფლების აღიარებას, ფლობდეს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ტვირთები შედის მოსკოვიდან სოხუმში ან ცხინვალში. თუმცა, ამ ყველაფერმა არ უნდა გააჩინოს ილუზია საქართველოში, რომ რუსეთის ქცევა აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში საქართველოს სასარგებლოდ შეიცვლება. საბოლოოდ კი საკითხი არ არის ამოწურული და საჭიროებს დამატებით კვლევას, ისევე როგროც ხელისუფლების მხრიდან ნათელ და არგუმენტირებულ პასუხებს ყველა იმ კითხვაზე, რაც ხელშეკრულების გარშემო არსებობს. ამ და სხვა კითხვებზე პასუხის მისაღებად საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი აპირებს განაგრძოს კვლევა და  ვეცდებით უახლოეს პერიოდში უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ამ საკითხით დაინტერესებულ საზოგადოებას.


*მარიამ გრიგალაშვილი , ლევან კახიშვილი – საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსები 

, , , , , , , , , , ,