სასწავლო ვიზიტი ბრიუსელში რეგიონული მედიასაშუალებების ჟურნალისტებისთვის

15-16 მაისს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით, რეგიონული მედიასაშუალებების ჟურნალისტები სასწავლო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრნენ. 

სასწავლო ვიზიტის მონაწილე ჟურნალისტებმა –  ჯაბა ანანიძე (ბათუმელები), ნატო გოგელია (გურიანიუსი) და ეკატერინა ნოზაძე (ბორჯომი TV) – გაიარეს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარებული ტრენინგები რეგიონული ჟურნალისტებისთვის და გაიმარჯვეს კონკურსში, რომლის მიზანი იყო, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საუკეთესო ანალიტიკური მასალის მომზადება. 

ვიზიტის მონაწილეებს ორი დღის განმავლობაში ჰქონდათ ათამდე შეხვედრა, მათ შორის, ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოში, ევროკომისიაში, ბრიუსელის პრეს კლუბში, ნატოში საქართველოს მისიასთან, ევროკავშირის აღმოსავლეთის სტრატეგიული კომუნიკაციების ოფისში, ევროპარლამენტსა და ღია საზოგადოების ფონდის ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტში. შეხვედრებზე მონაწილეებმა ისაუბრეს საქართველოსთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე არსებულ გამოწვევებზე, ამასთან განიხილეს, ევროკავშირის პოლიტიკურ დღის წესრიგში მყოფი საკითხები. 

პროექტის – „რეგიონული ჟურნალისტების მხარდაჭერა ევროატლანტიკური საკითხების ფაქტებზე დაფუძნებულ გაშუქებაში“ – მიზანია, ხელი შეუწყოს ჟურნალისტებსა და რედაქტორებს საქართველოს რეგიონებიდან (მათ შორის, უმცირესობებით დასახლებული რაიონებიდან) ტრენინგების, საგრანტო კონკურსისა და სასწავლო ვიზიტის მეშვეობით, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებაში. პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. 

Related Posts