USAID-ის მხარდაჭერით GIP ახალ პროექტს იწყებს

საქართველოში ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობისა და მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის გაზრდის მიზნით, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP), USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, ახალ პროექტს იწყებს. კავკასიის კვლევის რესურს ცენტრთან (CRRC საქართველოსთან) თანამშრომლობით, GIP გეგმავს, ახალგაზრდა ლიდერების ჩართვას დისკუსიებში და მათ წახალისებას, პოლიტიკური და სოციალური ჩართულობის კუთხით. პროექტი მიზნად ისახავს, ახალგაზრდა ქალებისა და უმცირესობების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი მონაწილეობის ხელშეწყობას და ამასთან, კვლევას, იმ ფორმებისა და მოტივაციის მიმცემი ფაქტორებისა, რომლებიც განსაზღვრავენ ახალგაზრდების ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

GIP-ის ახალი პროექტის – „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“ – ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი სახის ღონისძიებები:

  • ლიდერების სკოლა (ELS) 240 ახალგაზრდა აქტივისტისთვის, პოლიტიკოსისთვის, ჟურნალისტისთვისა თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლისთვის, საქართველოს 6 რეგიონიდან და თბილისიდან, გამართავს ტრენინგებს, 2020-2021 წლებში.
  • თემატური სამუშაო ჯგუფები ELSის კურსდამთავრებულებს საშუალებას მისცემს ტრენინგების დასრულების შემდეგ, კონკრეტულ პოლიტიკურ თემებზე ჯგუფურად განაგრძონ მუშაობა. კოორდინატორებისა და მენტორების მხარდაჭერით, შეიქმნება დაახლოებით 15 წევრისგან შემდგარი 8 სამუშაო ჯგუფი. პროექტის ფარგლებში, თემატურ სამუშაო ჯგუფებში სულ 120 ახალგაზრდა იქნება ჩართული.
  • სივრცე დებატებისთვის 300 ახალგაზრდას მისცემს საშუალებას არაფორმალურ გარემოში ჩაერთოს ღია ტიპის დისკუსიებში, პოლიტიკასთან დაკავშირებული თემების ირგვლივ. შეხვედრები რეგულარული ხასიათისა იქნება და შესაბამისად, ეყოლება მუდმივი აუდიტორია. პროექტის ფარგლებში, 18 შეხვედრა ჩატარდება თბილისში და საქართველოს რეგიონებში.
  • დემოკრატიის ახალგაზრდული ფორუმი ყოველწლიურად თავს მოუყრის აქტიურ ახალგაზრდებს სამოქალაქო საზოგადოებიდან, პოლიტიკური პარტიებიდან, აკადემიური და მედია სფეროებიდან. ღონისძიებაზე მოწვეულ 300 ახალგაზრდას საშუალება ექნებათ საკუთარი ხედვები გაუზიარონ პოლიტიკოსებს, ექსპერტებსა და ლიდერებს (როგორც ქართველ, ასევე საერთაშორისო). ფორუმის ფარგლებში, ყოველწლიურად გამოიცემა პოლიტიკის დოკუმენტების კრებული (საერთო ჯამში მომზადდება 3 ასეთი კრებული), სადაც ხაზგასმული იქნება ღონისძიებაზე წამოჭრილი და განხილული პოლიტიკური საკითხები.

18 ოქტომბერს პროექტი ოფიციალურად წარადგინა საქართველოში USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა – პიტერ ვებლერმა, კონფერენციაზე – „ერთი წელი 2020-ის არჩევნებამდე: მოქალაქეებზე ორიენტირებული პოლიტიკა“, როგორც USAID-ის ახალი 4-წლიანი პროგრამის ნაწილი. ინიციატივა, რომელიც 2019 წელს USAID-მა 14 მილიონი დოლარით დააფინანსა, ხელს შეუწყობს საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებში ჩართულ მხარეებს, განახორციელონ ახალი რეფორმები, მოემზადონ 2020 – 2021 წლების არჩევნებისთვის და აღმოფხვრან არსებული სირთულეები, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში.

USAID-ის ახალი ინიციატივის განხორციელებაში ჩართულნი არიან: საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი (IFES), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და 6 ადგილობრივი პარტნიორი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP), აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი (EECMD), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საერთო სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველო” (PMMG); და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” (TIG).

Related Posts