თანამედროვე ქართული პოპულიზმის დეკონსტრუქცია: ნარატივები პოლიტიკური პარტიებიდან საზოგადოებრივ მოძრაობებამდე

ნინო სამხარაძე

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პოპულისტური აქტორები ქართულ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ სივრცეში აქტიურად გამოჩნდნენ. გარდა იმისა, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე პოპულისტურმა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ მანდატების მოპოვება მოახერხა, ამავე სპექტრის საზოგადოებრივი მოძრაობებიც გააქტიურდნენ და მასშტაბური დემონსტრაციების თუ სხვა საზოგადოებრივი აქტივობების ლიდერებად მოგვევლინენ. დღეს ქართულ პოპულისტურ სივრცეში შეგვიძლია გამოვკვეთოთ პარტიული და არაპარტიული მოთამაშეები, რომელთა შორის განსხვავებების და მსგავსებების გამოსაყოფად და ასახსნელად ნაშრომში გაანალიზებულია ოთხი სუბიექტის –  საპარლამენტო პოლიტიკური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“, არასაპარლამენტო „ლეიბორისტული პარტიის“, საზოგადოებრივი მოძრაობების „ქართული მარშისა“ და „ეროვნულ ძალთა ერთობის“ აქტივობები, პროგრამები, მოწოდებები და გამოსვლები. ანალიზის შედეგად იკვეთება რამდენიმე დიქოტომიური ნარატივი, რომელთა შორისაც ყველაზე გავრცელებულია სხვადასხვა სახის კორუმპირებულ და ხალხთან დაპირისპირებულ ელიტებთან – მთავრობასთან, ლიბერალურ არასამთავრობო სექტორთან, ბიზნეს-ჯგუფებთან – ბრძოლა, რომელშიც პოპულისტური აქტორები უბრალო საზოგადოების გვერდით დგანან. გარდა ამისა, შესამჩნევია დომინანტური ნატივისტური პათოსი ანტიიმიგრაციული განწყობების მობილიზებისთვის, მართლმადიდებლური ნარატივი ანტილიბერალიზმის კვალდაკვალ და, ბოლოს, დასავლური და რუსული საგარეო ვექტორების დაბალანსება საზოგადოებისთვის ნეიტრალიტეტისა და ანტითურქული რიტორიკის შეთავაზების გზით. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თითოეული ეს ნარატივი აქტორებს შორის განსხვავდება პარტიების იდეოლოგიური იდენტობის, პოლიტიკური მიზნების თუ ისტორიული განვითარების მიხედვით.

ნახვა გადმოწერა

 

Related Posts