ინტერპარტიული მოლაპარაკებები პოლიტიკური კრიზისის დროს: რა უშლის ხელს შედეგიან დიალოგს?

ნინო სამხარაძე[1]

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში ბოლო რამდენიმე თვეა გრძელდება და სხვადასხვა ხარისხით ვითარდება. პოსტსაარჩევნო პოლიტიკურ დიალოგში ავტორიტეტული საერთაშორისო აქტორების ინტენსიური ჩართულობის მიუხედავად, მხარეებს შორის კონსენსუსის ნიშნები ჯერ კიდევ არ ჩანს. მედიაციის პროცესში ევროპული საბჭოს პრეზიდენტიც ჩაერთო, თუმცა დაძაბულობა ჯერ კიდევ შეინიშნება. იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა გეგმავს, ევროატლანტიკური ინტეგრაცია თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანოს და ევროკავშირში წევრობის განაცხადი მოამზადოს, კონსტრუქციული ინტერპარტიული დიალოგი და ამ გზით ქვეყნის პოლიტიკური ჩიხიდან გამოყვანა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პარტიების ტრადიციულად უკომპრომისო პოზიციებისა და აქტივობის სტრატეგია ხელს უშლის საერთო ინტერესების პოვნას.

პარტიებს შორის ეფექტიან კომუნიკაციასთან დაკავშირებით, საარჩევნო პერიოდში, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) დახურული კვლევის ფარგლებში, პოლიტიკური პარტიებისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან 30-ზე მეტი სიღრმისეული ინტერვიუ ჩატარდა. ამ მასალებზე დაყრდნობით, ბლოგში საუბარი იქნება იმაზე, თუ რატომ ვერ ახერხებენ პოლიტიკური პარტიები  მოლაპარაკებების კონსტრუქციულ ჩარჩოში წარმართვას? და რამ უნდა შეუწყოს ხელი კომპრომისზე და რეალურ შედეგებზე დაფუძნებულ ინტერპარტიულ დიალოგს გრძელვადიან პერიოდში საქართველოში?

პოლიტიკური ატმოსფეროს არასტაბილურობა: რატომ ვერ ახერხებენ პარტიები კონსტრუქციულ საუბარს?

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოქვეყნებული არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ანგარიშის მიხედვით, ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის ჯანსაღი, თამაშის გარკვეულ წესებზე დაფუძნებული, კონკურენციის ნაკლებობა ტრადიციულ პრობლემად რჩება. ხშირ შემთხვევაში, რიტორიკა და ენა, რომელსაც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ერთმანეთთან და ამომრჩეველთან კომუნიკაციისთვის იყენებენ, მკვეთრად აგრესიული, უკომპრომისო და ჯანსაღი პროცესებისთვის დამაზიანებელია, რაც ნათლად ჩანს თვეების მანძილზე მიმდინარე კრიზისის მაგალითზე. GIP-ის მიერ ჩატარებული დახურული კვლევის, „პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსის მონიტორინგის“ ფარგლებში თავმოყრილი ინტერვიუების ბაზაზე, შეგვიძლია, გავაანალიზოთ, თუ როგორ აღიქვამენ პარტიების და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები პოლიტიკური კონიუნქტურის თავისებურებების მნიშვნელობას.

რესპონდენტების პასუხების ანალიზისას გამოიკვეთა, რომ ერთმანეთისგან განსხვავდება მმართველი და ოპოზიციური ერთობის, ასევე, დიდი და პატარა პარტიების ხედვები და მათი მოტივაციები. თითოეულ პოლიტიკურ მოთამაშეს აქვს განსხვავებული პოლიტიკური ამოცანები და მოქმედებენ სხვადასხვა პოლიტიკურ კონტექსტებში. შესაბამისად, თავისთავად, მათი მხრიდან ჯანსაღი პოლიტიკური ატმოსფეროს აღქმა, ხშირად, ერთმანეთს არ ემთხვევა. ზოგიერთი რესპონდენტის მიხედვით, მმართველი პარტიის რესურსები, როგორც პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად, ისე მისი ადმინისტრაციული აღსრულების თვალსაზრისით, ბევრად აღემატება ოპოზიციური პარტიების რესურსებს. შესაბამისად, პასუხისმგებლობა, რომელიც მმართველ ძალას პოლიტიკური კლიმატის ფორმირების პროცესში ეკისრება, ბევრად დიდია. მეორე მხრივ, ოპოზიციური პარტიებისთვის პანდემიურ-კრიზისულ სიტუაციაში განსაკუთრებით  რთულია მმართველი ძალის ჩანაცვლება. აქედან გამომდინარე, მათ დღის წესრიგში უფრო აქტიურად დადგა როგორც ერთმანეთთან ეფექტიანი თანამშრომლობა, ისე გაღვივებული და თვალშისაცემად კონფრონტაციული ბრძოლა მმართველი პარტიის წინააღმდეგ. ჩატარებულ ინტერვიუებზე დაყრდნობით, შეგვიძლია, გამოვყოთ რამდენიმე ასპექტი, რომლებიც, შეიძლება, ხელისშემშლელად მივიჩნიოთ გრძელვადიანი და სტაბილური დიალოგის პროცესისთვის: პოლიტიკის პერსონალიზაცია, პოლიტიკური კომუნიკაციის საგნობრიობის დაბალი ხარისხი და ამომრჩევლის მოთხოვნილების მცდარი აღქმა.

პოლიტიკის პერსონალიზაცია

დახურული ინტერვიუების ფარგლებში, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების და ექსპერტების ნაწილი მიუთითებს, რომ საქართველოში პოლიტიკური ველი მეტისმეტად არის ორიენტირებული პერსონებზე. პოლიტიკური პროცესები და რიტორიკა მეტისმეტად კონცენტრირდება კონკრეტული პოლიტიკური პერსონალიების ირგვლივ. რესპონდენტების თქმით, უმეტესად, პოლიტიკური აქტორის ენის სიმძაფრეს განსაზღვრავს ის, თუ ვის მიემართება კონკრეტული გამოსვლა. ამგვარი მიდგომა პოლიტიკური პარტიების მხრიდან ხელს უშლის რაციონალური პოლიტიკური ატმოსფეროს ფორმირებას და ეფექტიანი პოლიტიკური დიალოგის წარმართვას. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ როგორც სხვადასხვა კვლევები აჩვენებს, ეს გამოწვევა ამომრჩეველშიც დგას: ხშირად მისთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანია კონკრეტული კანდიდატი, ვიდრე ის, თუ რომელ პარტიას წარმოადგენს ის. თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ რეალობაში პოლიტიკური დისკუსიის კონკრეტულ პერსონებზე ფოკუსირება, ძირითადად, წამყვანი პარტიების სხვადასხვა რანგის ლიდერებზე ხდება. ამას პარტიების პლატფორმები და პრობლემებზე ორიენტირებული ნარატივები უკანა პლანზე გადააქვს.

ერთი მხრივ, ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებით, ქართული ოცნების ლიდერების რიტორიკა ხშირად ტრიალებს მიხეილ სააკაშვილის პიროვნების გარშემო. აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტიის ზოგიერთი წევრის გამოსვლებში, ბოლო დროს, ნიკა მელიას დაკავებაც, ერთგვარად, პერსონალურად სააკაშვილის ამბიციებს დაუკავშირდა. მეორე მხრივ, ქართულ ოცნებასთან მიმართებით, გამოკვეთილი აქცენტები, როგორც წესი, ისმება კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილზე და მის პიროვნებაზე. ოპოზიციურ სპექტრში გაჟღერდა ისიც, რომ ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან წასვლა პარლამენტის კიდევ უფრო მეტ დელეგიტიმაციას ნიშნავდა, რადგან არსებობს აღქმა, რომ „ვინც 41 ნომერი შემოხაზა, … შემოხაზა ბიძინა ივანიშვილის გამო.“

პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგში დომინანტურია კონკრეტულ პიროვნებებზე პოლიტიკური „თავდასხმის“ მექანიზმი, რაც ადვილად ვითარდება პერსონალიზებული ნეგატიური კამპანიის მიმართულებით. ამგვარი კომუნიკაცია კი, უფრო დიდი შანსია, ცილისწამების სტრატეგიასა და არაჯანსაღ პოლიტიკურ პროცესში გადაიზარდოს, ვიდრე, მაგალითად, საგნობრივ კრიტიკაზე დაფუძნებული რიტორიკა.

პოლიტიკური დიალოგის შინაარსი: საგნობრივი VS არასაგნობრივი

ერთ-ერთი ხშირად დასახელებული ფაქტორი, რაც ხელს უშლის პოლიტიკურ პარტიებს, ვიწრო  პარტიული ინტერესების ნაცვლად, ეროვნული ამოცანების შესაბამისად წარმართონ ჯანსაღი პოლიტიკური საქმიანობა, არის მათი კომუნიკაციის საგნობრიობის დაბალი ხარისხი. ეს ქართულ პოლიტიკურ კულტურაში ტრადიციული გამოწვევაა. პოლიტიკურ პარტიებს შორის პრობლემაზე ორიენტირებული დისკუსიები არ წარმოადგენს დომინანტურ ნარატივს. ერთი მხრივ, თემატური დებატების ნაკლებობა იგრძნობა მმართველი პარტიის შესამჩნევად ინერტული ჩართულობის ფონზე ინტერპარტიულ საჯარო დისკუსიებში. შედეგად, პრაქტიკულად, ვერ ხერხდება, სხვადასხვა სფეროში მიმდინარე პოლიტიკების სიღრმისეული და რაციონალური განხილვა. გარდა ამისა, იკვეთება მოსაზრება, რომ პარტიების უმრავლესობას, ფაქტობრივად, არ გააჩნია რეალისტური, შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური პროგრამა. მათი კამპანიები დაფუძნებულია პოსტულატურ და ამომრჩევლის მანიპულაციაზე ორიენტირებულ დაპირებებზე, რომელთა შესახებ ჩაღრმავებული პარტიათაშორისი დებატი, პრაქტიკულად, ვერ ან არ მიმდინარეობს.

გარდა ამისა, კვლევისას განხორციელებული დახურული ინტერვიუების ფარგლებში, ზოგიერთი პარტიის წარმომადგენლის თქმით, მცირე ზომის პარტიები „იძულებული ხდებიან“, საკუთარი რიტორიკა ჩაანაცვლონ გამოკვეთილი რადიკალიზაციით, რათა საკუთარი ადგილი უფრო თვალსაჩინო გახადონ დიდ პარტიებთან კონკურენციის პირობებში. ამ ლოგიკის კონტექსტში, პოლიტიკურ კომუნიკაციაში წამყვან ადგილს იკავებს ერთგვარი არასაგნობრივი ანტი-კამპანიები, რომლებიც, ამომრჩევლის ყურადღების მისაზიდად, ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მიმართულ აგრესიულ რიტორიკაში გადაიზრდება. შესაბამისად, თემატურ შინაარსზე დაფუძნებული ინტერპარტიული კომუნიკაცია გამოსავლად შეიძლება დავინახოთ მიმდინარე კრიზისშიც: შესაძლებელია, რომ ამგვარი დიალოგი ერთგვარი საყრდენი გახდეს შედეგიანი მოლაპარაკებებისთვის მოკლევადიან პერიოდში და კომპრომისზე დაფუძნებული კულტურის დამკვიდრებისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში.

ქართველი ამომრჩევლის თავისებურება: მოთხოვნა პოლარიზაციაზე თუ პარტიების მხრიდან შეთავაზებული დღის წესრიგი?

რაშიც რესპონდენტები თითქმის ერთხმად თანხმდებიან, არის ის, რომ ამომრჩეველი თავადაც ისეა პოლარიზებული, რომ პარტიული მოთამაშეები, ხშირად, ამ საზოგადოებრივი საჭიროების ერთგვარი „მიმწოდებლები“ არიან. პარტიები პასუხობენ ტრადიციულად რადიკალური რიტორიკის მოთხოვნას საზოგადოების, ამომრჩევლის მხრიდან. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების, განსაკუთრებით კი პატარა და ახალი აქტორების, ხედვით, რადიკალური და მწვავე რიტორიკა არის ერთგვარი „იძულებითი“ სტრატეგია, რომლის გარეშეც, არსებობს რისკი, რომ არსებულ პოლიტიკურ კონკურენციაში მათი ხმა ამომრჩევლამდე ვერ მივა ისე მკაფიოდ, როგორც უფრო მსხვილი კონკურენტების გზავნილები. შესაბამისად, ამომრჩევლის ყურადღების მიქცევის, ამავდროულად მათი ემოციური მობილიზების ერთადერთ გზად რადიკალური ნარატივი რჩება, რომელიც, პარტიული აქტორების ხედვით, მათ პოზიციას ბევრად პრინციპულად, სტაბილურად და სანდოდ წარმოაჩენს.

თუმცა, ამ დაშვებების ფონზე, ბოლოდროინდელმა საზოგადოებრივმა გამოკითხვებმა ცხადყო, რომ სინამდვილეში, საზოგადოების მოთხოვნა ნაკლებად უკავშირდება კონფრონტაციულ, ცალსახა პოლარიზებულ პოლიტიკურ ფაქტორებს. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მონაცემებით, საზოგადოებისთვის ბევრად მისაღებია თანამშრომლობაზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესები (გრაფიკი 1) და პარლამენტში მრავალპარტიული წარმომადგენლობა (გრაფიკი 2).

გრაფიკი 1: კავკასიის ბარომეტრი. ხელმისაწვდომია: https://caucasusbarometer.org/ge/nd2020ge/IMPAPCEO/

 

გრაფიკი 2: კავკასიის ბარომეტრი. ხელმისაწვდომია: https://caucasusbarometer.org/ge/nd2020ge/IMPAPPP/

 

ამასთან, თბილისში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციების პარალელურად, ქართულ რეალობაში წამოჭრილი ეკონომიკურ-ეკოლოგიური საკითხი, რომელიც ნამახვანჰესის მშენებლობას უკავშირდება, გახდა არანაკლები მასშტაბის საპროტესტო აქციის მიზეზი დასავლეთ საქართველოში. რაც დამატებითი დასტურია იმისა, რომ, ხშირ შემთხვევაში, საზოგადოებისთვის პრობლემაზე ორიენტირებული საკითხები უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს, ვიდრე პოლიტიკური კონტექსტის პოლარიზაცია და რადიკალიზაცია.

ამ საკითხების განხილვა მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც სამოქალაქო, პოლიტიკური და საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მოგვარების გზებს უკვე რამდენიმე თვეა ეძებს, თუმცა, სხვადასხვა სისტემური მიზეზების გამო, სიტუაცია, ვერ სტაბილურდება. მეტიც, პერიოდულად, კრიზისი მწვავდება და განვითარების სხვადასხვა ფორმებს იძენს. ამ ფონზე, დამუშავებულ მონაცემებზე დაყრდნობით, იკვეთება, რომ პოლიტიკური პროცესების პერსონალიზების მაღალი ხარისხი, საგნობრივი დისკუსიის ნეგატიური რიტორიკით ჩანაცვლება და ამომრჩევლის პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოზე მაღალი მოთხოვნის შესახებ მცდარი წარმოდგენა, შესაძლოა, იმ მნიშვნელოვან ფაქტორებს შორის იყოს, რომელიც აზიანებს პარტიებს შორის თანხმობის მიღწევას და პოლიტიკური დიალოგისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას.

 


[1] საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) უმცროსი ანალიტიკოსი.

Related Posts