ირინა მიქავას ბლოგი – პროპორციული საარჩევნო სისტემის გავლენა დემოკრატიულ პროცესებზე: კონსოლიდაცია – გამოწვევა და პერსპექტივა

ირინა მიქავა | ELS 2021 თბილისი 

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს შეუძლიათ, თავიანთი სურვილისამებრ შეცვალონ არსებული მმართველობა. საქართველოში დღემდე გამოწვევად რჩება ისეთი სამართლიანი საარჩევნო სისტემის შექმნა, რომელიც მმართველ თუ ოპოზიციურ პარტიებს მისცემს საშუალებას, თანაბრად იყვნენ წარმოდგენილნი საკანონმდებლო ორგანოში.

ბლოგი შეეხება პროპორციული საარჩევნო სისტემის უპირატესობებს, რაც განხილულია სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებასთან მიმართებით. ქვეყნის მიერ არჩეული საარჩევნო სისტემა, გარკვეულწილად, გავლენას ახდენს საარჩევნო პროცესებზე, პოლიტიკურ კამპანიებსა და ტექნიკებზე იმის მიუხედავად, დაცულია თუ არა მოქალაქეთა საარჩევნო უფლებები.

2021 წლის თებერვლის დასაწყისში სამუშაო ჯგუფმა,რომელიც მემორანდუმის გაფორმების შედეგად შეიქმნა, აღნიშნული ჯგუფის შეხვედრებს ესრწებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათ  საარჩევნო რეფორმისათვის შექმნეს კანონპროექტი და, სხვა საკითხებთან ერთად გამართეს დისკუსია საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით. კანონპროექტის თანახმად, პროპორციული არჩევნების სისტემით თბილისში დადგინდა 2,5%-იანი ბარიერი. ხოლო სხვა თვითმმართველი ქალაქებისა და თემების საკრებულოების პროპორციული არჩევნებისთვის 3%-იანი ზღვარი დაწესდა. 2021 წლის 25 მაისს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელთა თანახმადაც, „თვითმმართველ ქალაქებში, თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთსა და ბათუმში თანაფარდობა საკრებულოს წევრებისა იქნება ოთხი ერთზე, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში თანაფარდობა იქნება ორი ერთზე.“ ეს დებულება გულისხმობს, რომ საპარლამენტო არჩევნებში პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი, ხოლო ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში სიაში ყოველი ორი კანდიდატიდან ერთი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. გასარკვევია პროპორციული საარჩევნო სისტემის ეფექტიანობასთან დაკავშირებული ფაქტორები, კერძოდ, რამდენად უზრუნველყოფს აღნიშნული ცვლილება საპარლამენტო პლურალიზმსა და ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში მანდატების პროპორციულად განაწილებას, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი პირობის შექმნას.

რატომ პროპორციული საარჩევნო სისტემა? მისი უპირატესობები და მნიშვნელობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში

პროპორციული საარჩევნო სისტემა საშუალებას აძლევს პატარა და საშუალო ზომის პარტიებს, ეთნიკურ უმცირესობებს, ქალებს, ამომრჩეველთა ინტერესების გათვალისწინებით, პარლამენტში წარმოდგენილნი იყვნენ პროპორციულად. ამ შემთხვევაში ნაკლებად „დაიკარგება“ ხმები, რაც აბსოლუტური და შეფარდებითი უმრავლესობის მაჟორიტარული სისტემების ნაკლია ხოლმე. შედეგად, მეტია არჩევნებისადმი ნდობის ხარისხი. დიდი პარტიებისთვის ბონუსად მანდატების მიღების შესაძლებლობა მცირეა.

პროპორციული საარჩევნო სისტემის ეფექტურობაზე საუბრისას უნდა გამოიყოს მცირე ბარიერი, იგივე „საარჩევნო ზღურბლი“, რომელიც ხელს უწყობს „დაკარგული ხმებისა“ და „გაუნაწილებელი მანდატების“ დაბრკოლებების მინიმუმამდე დაყვანას. იგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პოლიტიკურ პლურალიზმის მისაღწევად.

იმის მიხედვით, თუ როგორი საარჩევნო სისტემაა ქვეყანაში, განსხვავებულია ქალთა წილი პარლამენტში. ქვეყნები, სადაც პროპორციული საარჩევნო სისტემაა, ქალთა წილი 20%-ზე მეტია, ვიდრე იქ, სადაც მაჟორიტარული და სუსტი შერეული საარჩევნო სისტემებია. 2019 წლის ოქტომბრის მონაცემებით, პარლამენტში ქალთა რაოდენობის თვალსაზრისით ათი წარმატებული ქვეყნიდან, ხუთში არის პროპორციული, ხოლო სამში შერეული საარჩევნო სისტემები, როგორიცაა: რუანდა 61,3%, ესპანეთი 47,4%, შვედეთი 47,3%, ფინეთი 47,0%, ბოლივია 53,1% და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ გათვალისწინებული უნდა იყოს ქვეყნის სხვა ფაქტორები, როგორიცაა სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტი პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ქალი კანდიდატების მხარდაჭერის პროცესში.

ნიდერლანდები არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროპორციული საარჩევნო სისტემა ქალთა მონაწილეობისათვის პოლიტიკაში და მათი ჩართულობის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

ბელგიაში არსებობს რეზერვირებული ადგილების სისტემა ეთნიკური უმცირესობებისთვის. ბელგიის არჩევით ორგანოში რამდენიმე ადგილი გარანტირებულად ეკუთვნის უმცირესობას, რათა ქვეყნის პოლიტიკურ სტრუქტურებში უმცირესობათა მონაწილეობის ხარისხის გაუმჯობესდეს.

კონსოლიდაცია, როგორც პროპორციული საარჩევნო სისტემის თანმხლები გამოწვევა

პროპორციული სისტემის გამოწვევად რჩება კოალიციური შეთანხმების მიღწევა პარტიებს შორის. საინტერესოა, შვედეთის მაგალითი:  2018 წლის 9 სექტემბერს შვედეთი ატარებს საპარლამენტო არჩევნებს, მაგრამ შედეგების თანახმად  ვერც ერთმა პარტიამ თუ ბლოკმა ვერ მოიპოვა უმრავლესობა და ოთხი თვე მიმდინარეობდა პოლიტიკური კრიზისი პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეულ პარლამენტში,  მნიშვნელოვანი კომპრომისების შეთავაზებით. მიუხედავად რამდენიმეთვიანი კრიზისისა, შვედეთის სოციალ-დემოკრატებმა და მწვანეთა პარტიამ საბოლოოდ იპოვეს მთავრობის ფორმირების გზა. 2019 წლის იანვარში, გამოსავალი კი იყო 16 გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც იანვრის შეთანხმების სახელწოდებით არის ცნობილი. სხვა კომპრომისულ შეთავაზებებთან ერთად ლოფვენმა პირობა დადო გადასახადების შემცირებაზე ხელფასების მიმღებებისა და კომპანიებისთვის. პროპორციული სისტემა იძლევა საშუალებას, შეიქმნას ძლიერი ოპოზიციური კოალიცია, მაგრამ ამ პროცესებს თან ახლავს განსხვავებული საპროგრამო ხედვები, იდეები, მოსაზრებები, სადაც საჭიროა შეთანხმებები, მოლაპარაკებები და თანამშრომლობის გზების დასახვა. აღსანიშნავია ,ასევე,  გერმანიის მაგალითი: 2017 წლის ბუნდესტაგის არჩევნების შედეგები, რომლებმაც პარტიები დააფიქრა პოზიციები შეეჯერებინათ კოალიციის ჩამოყალიბებით.

აღნიშნული საერთაშორისო მაგალითები ცხადყოფს სირთულეებთან ერთად გააზრებული მიდგომების გამოყენების აუცილებლობას, რომელიც უნდა გაითვალისწინონ ქართულმა ოპოზიციურმა და მმართველმა პარტიებმა, რათა არ დაზარალდეს, უპირველესად, ქვეყნის ინტერესები და იმიჯი საერთაშორისო დონეზე, ქვეყანაში შექმნილმა ხანგრძლივმა შეუთანხმებელმა, არასტაბილურმა და პოლარიზებულმა გარემომ არ შეუქმნას საფრთხე ქვეყნის ევროინტეგრაციას. ასეთ დროს საჭიროა „კომპრომისის კულტურის“ ცოდნა და პრაქტიკულად გამოყენება. თუკი შეთანხმება მიიღწევა, მაშინ შესაძლებელია კონკრეტული პროგრესული ცვლილებებიც.

ბარიერის როლი პროპორციულ საარჩევნოს სისტემაში

პროპორციულ საარჩევნო სისტემაში „საარჩევნო ზღურბლს“ დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან შეუზღუდავი პროპორციული საარჩევნო სისტემის შედეგად, შესაძლოა პარლამენტში მრავალი პარტიის ნაკლებგავლენიანი წარმომადგენელი მოხვდეს. საერთაშორისო გამოცდილება ადასტურებს, რომ ბარიერის დაწესების შემთხვევაში ხელი ეშლება დაბალრეიტინგული პარტიების წარმომადგენლების მოხვედრას. აგრეთვე, მაღალი ბარიერის დაწესება იწვევს პატარა პარტიების დისკრიმინაციას.

გარდამავალი საარჩევნო სისტემის მქონე ქვეყნებში სასურველია, რომ საარჩევნო ზღურბლი 3-5 %-ს არ აღემატებოდეს. ევროპის საბჭოს 2007 წლის რეზოლუციის თანახმად, საპარლამენტო ასამბლეამ 3 %-იანი ბარიერი მიიღო.

2017 წელს ნიდერლანდებში, სადაც მოქმედებს ბუნებრივი ბარიერი, საპარლამენტო არჩევნებში ვერც ერთმა პარტიამ ვერ შეძლო აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება, რამაც განაპირობა კოალიციურ პარტნიორებთან შეთანხმების აუცილებლობა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ, პროპორციული საარჩევნო სისტემის გამოყენებითა და ბუნებრივი ბარიერის პირობებში, ძალაუფლება გადანაწილებულია ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის. ხოლო გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულია განსხვავებული და კრიტიკული შეხედულებები.

მართალია, არსებობს მოსაზრება, რომ კოალიციური მთავრობის ფუნქციონირება არამდგრადია, მაგრამ ფინეთის შემთხვევა საწინააღმდეგოს მეტყველებს: ქვეყანაში სრული დემოკრატიული მმართველობაა, რასაც მოწმობს დემოკრატიის ინდექსის შეფასებები.

მცირე ბარიერის პირობებში თავიდან იქნება აცილებული უსამართლო და არასტაბილური შედეგები, როდესაც მიღებული ხმები მანდატებად გარდაიქმნება. დიდი პარტიები მანდატების ბონუსად მოპოვებას ნაკლებად შეძლებენ, ხოლო პატარა პარტიებს ხმების მცირე რაოდენობით მიღებითაც საკანონმდებლო შეღწევის ხელისუფებაში საშუალება ექნებათ. გარდა ამისა, მცირე ბარიერის დაწესებით იზრდება ამომრჩევლის ნდობა და აქტიურობა არჩევნებში. გაყოფილ, პოლარიზებულ საზოგადოებაში პოლიტიკური პარტიების მხრიდან ახალი სახეების ჩართვას შეუწყობს ხელს, გაუმჯობესდება ქალებისა და ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის ხარისხის, ვინაიდან პარტიებს აქვთ შესაძლებლობა, გამოიყენონ სია ქალი პოლიტიკოსების ხელშეწყობის მიზნით, და არჩევანი გააკეთონ არა გენდერული, არამედ პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე.

რა ფაქტორები უნდა გაითვალისწინონ პოლიტიკურმა პარტიებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის მიღების შემდეგ ?

პროპორციული საარჩევნო სისტემის ეფექტიანობა დამოკიდებულია სამართლიან გარემოზე. წარმომადგენლობითი დემოკრატიის არაეფექტურობაზე მსჯელობისას უნდა გავამახვილოთ ყურადღება რესურსების სამართლიან, თანასწორ გამოყენებაზე წინასაარჩევნო პერიოდში, რაზეც პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება, აგრეთვე, საჭიროა ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და საშუალო ფენა, რადგან სახელმწიფო, სადაც მოქალაქე იძულებულია საკუთარი არჩევანი გააკეთოს არა პოლიტიკური გემოვნებიდან გამომდინარე, არამედ ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიისგან პირადი ფინანსური სარგებლის მიღებით, საარჩევნო სისტემის ეფექტიანობა საეჭვოა. იქ, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი საშუალო ფენას მიეკუთვნება, რომელსაც აქვს სათანადო შემოსავავალი და განათლების დონე, პოლიტიკური სისტემა გაცილებით დემოკრატიულია, რისი ნათელი მაგალითიცაა ფინეთი.

წარმოდგენილი ქვეყნების გამოცდილება ცხადყოფს, რომ საარჩევნო სისტემის თავისებურება დიდ გავლენას ახდენს დემოკრატიის განვითარებაზე, იგულისხმება მრავალპარტიულობა, სადაც ქალებიც და ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებიც ჩართულნი არიან. ბლოგში განხილული ქვეყნების პოლიტიკური პარტიების გამოცდილების გაზიარება და გააზრება, კერძოდ იმ პოლიტიკური ნაბიჯების, რომლებიც გადადგეს კრიზისი შემდგომ არანაკლებ საყურადღებო უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკის აქტორებისთვის.

მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ გამოიყოს ბარიერის როლი, რომელიც დაკავშირებულია მრავალპარტიულობასთან, რათა პატარა და საშუალო პარტიებსაც მიეცეთ შესაძლებლობა მოიპოვონ ადგილები საკანონმდებლო ორგანოში. დაწესებული მაღალი ფორმალური ბარიერის გამო, შესაძლოა, დაიჩაგრონ პატარა პარტიები და მანდატები ვერ მოიპოვონ. ბუნებრივი ბარიერი, რომელიც მოქმედებს ფინეთსა და ნიდერლანდებში, შედეგიანი ჩანს გრძელვადიან პერსპექტივაში. კიდევ ერთხელ ხაზგასასგმელია, რომ ნებისმიერი ცვლილება მიმართული უნდა იყოს სისტემის არა მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან ფუნქციონირებაზე.

განსხვავებული აზრების, იდეების, პროგრამების თუ შეხედულებების მქონე პარტიების თანაარსებობა ქმნის მრავალპარტიულობას და ამცირებს ორი პარტიის „ბატონობას“ პოლიტიკაში. შესაბამისად, ნაკლებად ცნობილ პარტიებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, დაბალი ბარიერის გადალახვით შეძლონ პარლამენტში წარმოდგენა. უმნიშვნელვანესია,  საარჩევნო კამპანიის ყურადღების ცენტრში  იყოს ,,პოლიტიკური იდეები’’ და არა ,,პიროვნებები’’. აგრეთვე, თითოეულმა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა შეუწყოს ხელი ქალთა და ეთნიკურ უმცირესობათა პოლიტიკური ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესებას.

 

Related Posts