მერკელის შემდგომი გერმანია და აღმოსავლეთ პარტნიორობა: 5 გზავნილი გერმანიის საპარლამენტო არჩევნებიდან

ბიძინა ლებანიძე[1]

2021 წლის 26 სექტემბერს გერმანიაში ეროვნული არჩევნების შედეგები მჭიდრო იყო. გერმანელი სოციალ-დემოკრატებმა (SPD) მცირედით გაუსწრეს (25.7%) ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს (CDU) (24.1%). მესამე ადგილზე გავიდნენ მწვანეები (14.8%), რომლებსაც მოჰყვნენ ლიბერალური თავისუფალ-დემოკრატიული პარტია (FDP) (11.5%) და ულტრამემარჯვენე AFD (10.3%).

არჩევნებთან ერთად ანგელა მერკელის 16 წლიანი ეპოქა მალე დასრულდება და ახალი მთავრობა, ახალი კანცლერით მალე გაუძღვება გერმანიასა და ევროკავშირს ტურბულენტურ დროში.

გერმანიის არჩევნებს დიდი მნიშვნელობა აქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვისაც. ეს არის ქვეყანა, რომელიც მნიშვნელოვნად აყალიბებს ევროკავშირის პოლიტიკას რუსეთის მიმართ და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კავშირის გაფართოებასა და სამეზობლო პოლიტიკაზე. ქვემოთ მოცემულია გერმანიის არჩევნების ხუთი გზავნილი, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებისთვის. 

ფიგურა 1: გერმანიის არჩევნების შედეგები, ამოღებულია:  https://www.politico.eu/article/german-election-2021-results-live-blog/

ძალიან კარგი ამბავი: მემარცხენე პარტიის ისტორიულად ცუდი შედეგი

ალბათ, 2021 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისასთვის გერმანიის არჩევნების ერთ -ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დადებითი შედეგი იყო მემარცხენე პარტიის ცუდი გამოსვლა არჩევნებზე – აღმოსავლეთ გერმანიის სოციალისტური პარტიის მემკვიდრე, რომელსაც გააჩნდა პრორუსული დამოკიდებულება და ნატო-ს გაუქმების სურვილი. ასევე, დასავლეთის ერთიანობის დასუსტება. იყო მცირე შანსი მემარცხენე პარტიას შეექმნა კოალიციური მთავრობა SPD და მწვანეებთან ერთად (“წითელი-წითელი-მწვანე”), მით უმეტეს, რომ მსგავსი კოალიცია უკვე არსებობს ადგილობრივად რამდენიმე ფედერალურ მიწაზე, დედაქალაქ ბერლინის ჩათვლით. ბოლო პერიოდში, მემარცხენე პარტია შეეცადა შეერბილებინა საკუთარი საგარეო პოლიტიკური პოზიციები, რათა პარტიის პოზიცია მისაღები ყოფილიყო პოტენციური კოალიციური პარტნიორებისთვის. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის მომავალ მმართველ კოალიციაში მათი მონაწილეობის შანსი თავიდანვე არც ისე მაღალი იყო, პარტიამ არჩევნებში 5%-იანი ბარიერის გადალახვაც ვერ შეძლო და თეორიულადაც ეს ვარიანტი შეუძლებელი გახდა.  უფრო მეტიც, მემარცხენე პარტია, როგორც ჩანს, გრძელვადიან კრიზისშია ჩავარდნილი და ამომრჩევლებს კარგავს როგორც სხვა მემარცხენე პარტიებთან, ისე ულტრამემარჯვენე AFD– სთან მიმართებაში.

საკმაოდ კარგი ამბავი: მწვანეები შეიძლება შევიდნენ მთავრობის შემადგენლობაში

მწვანეები არის პარტია, რომელსაც უნდა უჭერდეთ მხარს,  თუ თქვენ ცხოვრობთ ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში. მათ ყველაზე კრიტიკული პოზიცია აქვთ ავტორიტარულ სახელმწიფოებთან მიმართებიტ – მათ შორის რუსეთთან, თურქეთთან და ჩინეთთან, ეწინააღმდეგებიან ნორდსტრიმის მილსადენს და აკრიტიკებენ პუტინის რეჟიმს ადამიანის უფლებების დარღვევისა და სამხედრო ავანტიურიზმისთვის. ზოგიერთმა “მწვანე” პოლიტიკოსმა  უკრაინის თავდაცვითი იარაღით მომარაგების საკითხიც კი წამოაყენა – თემა, რომელიც ჯერ კიდევ ტაბუ დადებულია ბერლინის პოლიტიკურ კლასში. მიუხედავად იმისა, რომ მწვანეები ძირითადად მხარს უჭერენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, ისინი ასევე უფრო კრიტიკულად უდგებიან რეგიონში არსებულ პოლიტიკურ ელიტებს, რომლებიც ვერ ავლენენ პოლიტიკურ სიმწიფეს და უგულვებელყოფენ დემოკრატიის პრინციპებს და ადამიანის უფლებებათა დაცვის ნორმებს. 2021 წლის არჩევნებში მწვანეებმა მიიღეს მოსალოდნელზე ნაკლები ხმები, მაგრამ მათ შეუძლიათ კვლავ შევიდნენ მომავალი მთავრობის შემადგენლობაში და გადაეცეთ საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფელი. თუმცა, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია, რამდენად მოახერხებენ თავიანთი საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის განხორციელებას კოალიციური მთავრობის ფარგლებში.

არც ისე კარგი ამბავი: გერმანელი სოციალ -დემოკრატების აღმასვლა

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ნაკლებად კარგი ამბავია სოციალ -დემოკრატების აღზევება ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ. SPD–ს არასოდეს დაუმალავს თავისი მეგობრული დამოკიდებულება რუსეთის მიმართ – ნორდსტრიმის ადვოკატირებიდან დაწყებული, დიდ აღმოსავლეთ მეზობელთან მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის სურვილის ჩათვლით. რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობის იმპერატივი ღრმად ფესვგამდგუმილია გერმანულ სოციალ დემოკრატიულ პარტიაში და არის SPD– ის საგარეო პოლიტიკის ტრადიციის ნაწილი – ვილი ბრანდტის „ოსტპოლიტიკით“ დაწყებული გერჰარდ შრეოდერის ვლადიმერ პუტინთან „საუნის მეგობრობით“ დამთავრებული. თუმცა, ჯერ ნაადრევია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის ბერლინში SPD-ის მთავრობის გამო დაპანიკება. ოლაფ შოლცი შეიძლება არ გახდეს მეორე გერჰარდ შრედერი და პოლიტიკური რენეგატები, როგორიცაა ჰაიკო მაასი, კვლავ გამოჩნდნენ პარტიის მნიშვნელოვან პოზიციებზე. გარდა ამისა, SPD–ს რუსეთთან დაკავშირებული ინსტინქტები ალბათ დაბალანსებული იქნება კოალიციის პარტნიორების მიერ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მწვანეები მოახერხებენ მთავრობაში შესვლას. და ბოლოს, გერმანიაში დღესდღეობით არის დამკვიდრებული კრიტიკული დისკურსი რუსეთის შესახებ, რომელიც დატოვა წარმავალმა მთავრობამ, და რომლის შეცვლა ადვილი არ იქნება. გერმანიის ახალ მთავრობას დასჭირდება დამაჯერებელი არგუმენტების წარდგენა, თუკი ისინი გადაწყვეტენ შეუმსუბუქონ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმი, ან გადაწყვიტონ გადატვირთონ ურთიერთობები რუსეთთან.

გერმანიის კოალიციის სცენარები: “იამაიკა” თუ „შუქნიშანი“?

მემარცხენე პარტიის გარეშე, რჩება რამდენიმე პოტენციური ვარიანტი მომავალი მმართველი კოალიციისთვის ოთხი პარტიის მონაწილეობით: SPD, CDU, მწვანეები და FDP. მწვანეების მსგავსად, FDP ასევე გამოირჩევა რუსეთის მიმართ კრიტიკით  და მხარს უჭერს Nordstream–ის გააქტიურების შესახებ გადაწყვეტილების ევროკავშირის დონეზე გადატანას. მიუხედავად ამისა, მწვანეებისგან განსხვავებით, ისინი ნაკლებად უჭერენ მხარს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს. მაინც,  ალბათ საუკეთესო ვარიანტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის იქნება “იამაიკის” კოალიცია – CDU- ს, მწვანეების და FDP- ის მონაწილეობით, მაგრამ სამი პარტიისათვის რთული იქნება საერთო ენის გამონახვა რამდენიმე საკითხზე, მათ შორის მწვანე ეკონომიკური ტრანსფორმაციის შესახებ. “იამაიკა” ერთხელ უკვე ჩავარდა 2017 წელს. სხვა კოალიციური ვარიანტები იქნება “შუქნიშანი” (SPD, FDP და მწვანეები), “გერმანია” (SPD, CDU და FDP), “კენია” (SPD, CDU და მწვანეები). ასევე, ამჟამინდელი “დიდი კოალიცია” (CDU და SPD). მიუხედავად იმისა, თუ რომელი კოალიცია შეიქმნება, მონაწილე მხარეები დააბალანსებენ ერთმანეთის საგარეო პოლიტიკურ პოზიციებს ისე, რომ არ იყოს მოსალოდნელი რევოლუციური ცვლილებები გერმანიის საგარეო პოლიტიკაში – ყოველ შემთხვევაში, მოკლევადიან პერსპექტივაში. ამ ეტაპზე ყველაზე რეალურ ვარიანტად მოსჩანს „შუქნიშნის“ კოალიცია-სოციალ დემოკრატი კანცლერით, მწვანე საგარეო საქმეთა მინისტრით და ლიბერალების (FDP) ეკონომიკური პორტფელით.

გერმანია ინარჩუნებს მსოფლიოს ყველაზე სტაბილურ დემოკრატიის სტატუსს

ბოლო არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანიის პოლიტიკური სისტემის სტაბილურობა და მედეგობა. ქვეყნის პარტიულმა სისტემამ შეძლო შეენარჩუნებინა თავისი ძლიერი პოლიტიკური ცენტრი და თავიდან აეცილებინა როგორც პოლიტიკური პოლარიზაცია, ასევე ანტისისტემური რადიკალურ/პოპულისტური პარტიების გაჩენა როგორც მარცხნივ, ასევე მარჯვნივ. გერმანიის ალტერნატივის (AFD) – გერმანული ულტრამემარჯვენე პარტიის ზრდა, როგორც ჩანს, შენელდა და რადიკალური მემარცხენეების ელექტორატი უკვე დიდი ხანია 5-10%-ს არ სცდება. გერმანული დემოკრატიის და კონკრეტულად გერმანული პარტიული სისტემის სტაბილურობა პოზიტიური ამბავია ევროპისთვის და მსოფლიოს დემოკრატიული ნაწილისთვის – და ცუდი ამბავი ავტორიტარული ქვეყნებისთვის, რომლებიც დიდი ხანია ცდილობენ შეარყონ დემოკრატიები როგორც შიგნიდან, ასევე გარედან. იმისდა მიუხედავად, თუ ვინ იქნება მომავალ მთავრობაში, პოლიტიკურად სტაბილურ გერმანიას შეუძლია უკეთ გაუძღვეს ევროპას და განახორციელოს მისი ტრანსფორმაციული დღის წესრიგი როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ დონეზე.

[პუბლიკაცია გამოცემულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი არ არიან პასუხისმგებელნი მასალის შინაარსზე]. 

[1] საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) უფროსი ანალიტიკოსი, პოსტდოქტორული მკვლევარი იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის სლავური ენებისა და კავკასიის კვლევის ინსტიტუტში და საერთაშორისო ურთიერთობების ასოცირებული პროფესორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 

Related Posts