ნატო-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით საქართველოში პოლონეთის საელჩომ GIP-თან თანამშრომლობით დისკუსია გამართა

22 აპრილს, საქართველოში პოლონეთის საელჩოში გაიმართა პოლიტიკის დოკუმენტის (ღია) კარის თამაშები: ნატო-საქართველოს ურთიერთობები და მდგრადი პარტნიორობის გამოწვევები პრეზენტაცია და დისკუსია. ღონისძიება პოლონეთის საელჩომ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტთან (GIP) თანამშრომლობით გამართა.  
დისკუსიის მომხსენებლები იყვნენ აღნიშნული დოკუმენტის ავტორები – პროფ. კორნელი კაკაჩია, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი და პროფ. შალვა ძებისაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობის პროგრამების ხელმძღვანელი. მათ დამსწრეებს გააცნეს დოკუმენტი და მასთან დაკავშირებით სხვადასხვა შეფასებები გააკეთეს.

პროფესორმა კორნელი კაკაჩიამ მიმოიხილა ის ძირითადი საკითხები, რომლებიც უკავშირდება ნატო-საქართველოს ურთიერთობებს, მის მნიშვნელობასა და სამომავლო პერსპექტივას. მან ხაზი გაუსვა საქართველოს აქტიურობის მნიშვნელობას ნატოსთან ურთიერთობაში. კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ სასურველია ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც საქართველოს ინტეგრაციას ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში დააჩქარებს. მან, ასევე, ისაუბრა იმაზე, თუ რა დაბრკოლებები ხვდება საქართველოს ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე და რა როლს თამაშობს რუსეთის ფედერაცია ამ პროცესში.

პროფესორმა შალვა ძებისაშვილმა მიმოიხილა ნატოში გაწევრიანების ალტერნატივები. საუბარი შეეხო, ძირითადად, ისეთ გზებს, რომლებიც შეიძლება ბილატერალურ შეთახნმებებს ითვალისწინებდეს. შალვა ძებისაშვილმა, ასევე, ისაუბრა იმ გზებზე, თუ როგორ შეუძლია საქართველოს იყოს უფრო აქტიური ნატოსთან მიმართებაში.

შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებულ საკითხებზე. მომხსენებლების მიერ დოკუმენტის განხილვის შემდეგ, შეხვედა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც ავტორებმა და მსმენელებმა თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს ერთმანეთს და სამომავლო თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოთქვეს.

 

 

Related Posts