პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსის აღსრულების მონიტორინგი საქართველოში

წარმოდგენილი დოკუმენტი შეიქმნა შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით. დოკუმენტის შინაარსი არის მხოლოდ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის პასუხისმგებლობა და არცერთ შემთხვევაში არ ასახავს შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის პოზიციას.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო არა მხოლოდ პოსტ-საარჩევნო პოლიტიკური კრიზისის გამო, არამედ იმიტომ, რომ ამ არჩევნებმა განსაზღვრა ქვეყნის განვითარების შედარებით უფრო გრძელვადიანი პოლიტიკური დინამიკა. არჩევნები და წინასაარჩევნო პერიოდი გამოირჩეოდა მთელი რიგი გამოწვევებით, როგორიცაა ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილის ნიჰილიზმი პოლიტიკის მიმართ, პოლიტიკური პოლარიზაცია, არათანაბარი პირობები მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის და COVID-19 პანდემია.

ამ გამოწვევებისა და პოლარიზებული წინასაარჩევნო გარემოს ფონზე, პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ წინასაარჩევნო კონკურენციის ძირითად პრინციპებსა და ნორმებზე. საბოლოო ჯამში, 40-მა ქართულმა პოლიტიკურმა პარტიამ 2020 წლის არჩევნების წინ ხელი მოაწერა პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს. დოკუმენტზე ხელის მოწერით პარტიები ნებაყოფლობით იღებენ პასუხისმგებლობას, დაიცვან წინასაარჩევნო კონკურენციის პრინციპები, დაემორჩილონ გარეკვეულ ნორმებს, პატივი სცენ ერთმანეთს და ამომრჩეველს და თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც დაარღვევს ეთიკურ წესებს.

წინამდებარე ანგარიშის მიზანია იმის მოკლვევა, თუ რამდენად შეასრულეს წამყვანმა ქართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა ეს პრინციპები და აღასრულეს ნორმები, რომლებზეც ისინი არჩევნების წინ ნებაყოფლობით შეთანხმდნენ. ანგარიშში გამოყენებულია კვლევის რამდენიმე რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდი, მათ შორის, სამაგიდო კვლევა, ინტერვიუები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან, ასევე, ძირითადი მედიასაშუალებების მონიტორინგი. შედეგად, გაანალიზებულია, თუ რამდენად აღასრულეს დოკუმენტზე ხელმომწერმა აქტორებმა ქცევის კოდექსის წინასწარ შერჩეული ნორმები. მონიტორინგი, ასევე, შეეხება თვითრეგულაციის მექანიზმებს, რომლებიც ნახსენებია როგორც ქცევის კოდექსში, ისე ინტერვიუებში პარტიების წარმომადგენლების მიერ. ამავდროულად, ანგარიში ასახავს, თუ რამდენად საგნობრივი და პრობლემაზე ორიენტირებული იყო წინასაარჩევნო კამპანია.

 

ნახვა გადმოწერა

 

 

 

 

Related Posts