ჟან მონეს ევროპული დიალოგი – კონსენსუსზე ორიენტირებული პოლიტიკისკენ გადადგმული შემდგომი ნაბიჯი

ნინო სამხარაძე[1]

ქართულ პოლიტიკურ კრიზისში ევროკავშირის შუამავლობის პირველი ეტაპები, ერთი შეხედვით, წარუმატებელი იყო. თუმცა ევროპული მედიაციის ფარგლებში შეთანხმების დოკუმენტზე მუშაობა და დისკუსია დღესაც გრძელდება როგორც ევროკავშირის, ისე ქართული პოლიტიკური პარტიების მხრიდან. შეთანხმების შესახებ დოკუმენტის სხვადასხვა ვერსიას ხელი მოაწერეს ჯერ ქართულმა ოცნებამ, შემდეგ გირჩმა. ამ კონტექსტში, პარტიებს შორის კონსენსუსის ძიების პროცესი, შეიძლება ითქვას, დაიძრა და შეთანხმების კონკრეტული კომპონენტების შეფასება კვლავ აქტიური დისკუსიის საგანია.

მიუხედავად ამ კონკრეტული კრიზისის მოგვარების მნიშვნელობისა, ეს შეთანხმება უნდა განვხილოთ, როგორც მხოლოდ პირველი ნაბიჯი კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბების გზაზე. ევროკავშირის როლი ქართულ პოლიტიკაში უფრო დიდია, ვიდრე მხოლოდ კრიზისის აქტიური ფაზის გადაწყვეტა: მას შეუძლია, დაეხმაროს საქართველოს გრძელვადიან პერსპექტივაში პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებასა და სტაბილურ ევროპულ ქვეყნად გარდაქმნაში. ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთი მთავარი როლი, შეიძლება, ითამაშოს დოკუმენტში ნახსენებ ჟან მონეს ფორმატის დიალოგში პოლიტიკური პარტიების ჩართვამ და ამ ფორმატის მაქსიმალურად შედეგიანად გამოყენებამ. შესაბამისად, საინტერესოა, თუ სინამდვილეში, რა ტიპის შესაძლებლობაა ჟან მონეს ფორმატის დიალოგი და რისი მოტანა შეუძლია მას საქართველოსთვის?

ჟან მონეს დიალოგის არსი და ეფექტიანობა პრაქტიკაში

ჟან მონეს დიალოგი მშვიდობისთვის და დემოკრატიისთვის, რომელიც დანიელსონის დოკუმენტის ძალთა გადანაწილების შესახებ ქვეთავშია ნახსენები, არის ევროპული პარლამენტის მიერ შემუშავებული ფორმატი, რომლის მიზანია, გააუმჯობესოს დიალოგის კულტურა, ხელი შეუწყოს კონსენსუსის მშენებლობას და დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებას. შესაბამისად, დიალოგში მონაწილე ქვეყნებს აქვთ შესაძლებლობა, ევროპულ პარლამენტთან უშუალო კომუნიკაციის შედეგად მოაგვარონ შიდაპოლიტიკური კრიზისები და შეთანხმდნენ შემდგომი სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის მნიშვნელოვან ასპექტებზე. აქამდე აღნიშნული ინსტრუმენტით მხოლოდ უკრაინას, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას და სერბეთს უსარგებლიათ.

უკრაინა

ჟან მონეს ფორმატი ევროპული პარლამენტისა და უკრაინის უმაღლესი რადას თანამშრომლობის შედეგად, 2016 წელს ჩამოყალიბდა და მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია უკრაინაში შიდაპოლიტიკური სტაბილიზაციის და დემოკრატიული პროცესების წარმართვის მხრივ. ჟან მონეს დიალოგი უკრაინაში დღესაც გრძელდება და მის გრძელვადიან მიზნებს შორის არის თანამშრომლობაზე ორიენტირებული ინტერპარტიული დიალოგის შენარჩუნება, შიდადემოკრატიზაციის პროცესების შეუქცევადად გაგრძელება და ამისთვის საჭირო ახალი რეფორმების დაგეგმვა და განხორციელება. მოლაპარაკებების პირველივე რაუნდზე, 2017 წელს, უკრაინის პოლიტიკურმა ელიტამ მიაღწია მთელ რიგ შეთანხმებებს, მათ შორის პარლამენტში „ინსტიტუციური რეფორმის სამუშაო ჯგუფის“ შექმნისა და უკრაინული ოპოზიციის როლის განსაზღვრის შესახებ. დიალოგის გარკვეულ ეტაპზე, უკრაინელმა ლიდერებმა აქტიური მოლაპარაკებების წარმართვა მოახერხეს პარტიული გამყოფი ხაზების დაძლევის გზით კოალიციის იდეის შესახებაც. მოლაპარაკებების ბოლო, 2019 წლის ანგარიში ნათლად ასახავს უკრაინული პარტიების მზაობას საერთო ეროვნული ინტერესებისა და სტრატეგიული ამოცანების დასახვის თვალსაზრისით, რაც, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პირველ რიგში, „უკრაინელი ხალხის ინტერესებს მოემსახურება“.

ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა

ჟან მონეს დიალოგის ფორმატით, ასევე, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა სარგებლობს. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრების გზაზე აქტიურად მიიწევს წინ, აღნიშნული ფორმატის დიალოგში მისი ჩართულობა განსაკუთრებულ ინტერესს იძენს. ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში ჟან მონეს დიალოგი აღმოჩნდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი პოლიტიკური კონსენსუსის მშენებლობის საქმეში, რამაც დიდად შეუწყო ხელი იმას, რომ 2020 წლის მარტში ევროპულმა საბჭომ მიიღო ქვეყნისთვის ევროკავშირში წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება. საინტერესოა, რომ ეს წინსვლა მოჰყვა ჟან მონეს დიალოგის ფარგლებში პარტიებს შორის მიღწეულ ისეთ მნიშვნელოვან შედეგებს, როგორიცაა ეთიკის კოდექსის შემუშავება, პარლამენტში ინტერპარტიული სამუშაო ჯგუფების დაკომპლექტება  და თანამშრომლობის ინსტიტუციონალიზებული კულტურის ჩამოყალიბება.

სერბეთი

კიდევ ერთი, საქართველოსთვის მეტნაკლებად აქტუალური მაგალითი შეეხება სერბეთს, რომელთანაც ევროპულმა პარლამენტმა ჟან მონეს ფორმატი 2019 წელს დაიწყო. თანამშრომლობის ამ ფორმამ, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის თვალსაზრისით, ხელშესახები შედეგი გამოიღო 2020 წლის პოსტ-საარჩევნო პროცესებში. დიალოგის უკანასკნელ – პოსტ-საარჩევნო ეტაპზე, ევროპული პარლამენტის წევრებმა სერბეთში მიაღწიეს ისეთ შედეგებს, როგორიცაა შიდაპოლიტიკური შეთანხმება კონსენსუსზე დაფუძნებული ინტერპარტიული მოლაპარაკებების, საარჩევნო და პროცედურული ჩარჩოების საკანონმდებლო დონეზე ცვლილებებისა და ევროკავშირთან ასოცირებული ძირეული რეფორმების შესახებ.

ამგვარად, ჟან მონეს დიალოგი, სამი ქვეყნის მაგალითზე დაყრდნობით, მნიშვნელოვანი შესაძლებლობა შეიძლება იყოს საქართველოსთვის, რადგან ფორმატის ტრადიციულ ფოკუსში ისეთი საკითხებია მოქცეული, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის ტრადიციულად პრობლემატურია: საერთო ეროვნულ ინტერესებსა და კონსენსუსზე დაფუძნებული ინტერპარტიული თანამშრომლობა, შესაბამისი ევროპული პოლიტიკური კულტურის მშენებლობა და ამ პროცესის ინსტიტუციონალიზაცია. ევროკავშირს, ერთი მხრივ, ამგვარი პოლიტიკის მშენებლობის საკმაოდ დიდი ტრადიცია აქვს, მეორე მხრივ კი, ევროპულ პარლამენტთან მსგავსი ფორმატის დიალოგი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვნად დააწინაურებდა ისე, როგორც ეს ჩრდილოეთ მაკედონიის შემთხვევაში მოხდა. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ თუ ქართული პოლიტიკური ელიტა, საბოლოოდ, დოკუმენტზე შეთანხმებას ვერ მოახერხებს, ხელიდან ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების მნიშვნელოვან შანსებს გაუშვებს.

ჟან მონეს ფორმატის წესები და საქართველო

ჟან მონეს ფორმატის დიალოგს აქვს ცხრა წესი, რომელთაგან რამდენიმე მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად, შესაძლოა, ძალიან მნიშვნელოვანი იყოს.

ფორმატის მიხედვით, პოლიტიკური პარტიები დიალოგში ერთვებიან „თანაბარ პირობებში“. რაც, შეიძლება იმას ნიშავდეს, რომ მოლაპარაკებების კონტექსტში დაბალანსებულია მონაწილე მხარეების სასტარტო პირობები, რესურსები, სტატუსი და ა.შ. და ეს ფაქტორები მოლაპარაკებების პროცესზე გავლენას ნაკლებად ახდენს, ვიდრე ტრადიციულ გარემოში. როგორც წესი, მმართველ პარტიას პოლიტიკურ კრიზისში ტრადიციული უპირატესობები გააჩნია – მის ხელშია მოქცეული გარკვეული ადმინისტრაციული რესურსი და გადაწყვეტილების მიღების სხვადასხვა მასშტაბის მექანიზმები, რაც, ხშირად, მნიშვნელოვანია ინტერპარტიულ დიალოგში უპირატესობის მოპოვებისთვის. ამგვარი უპირატესობები, ჟან მონეს ფორმატის კონტექსტში ევროპული პარლამენტის ეგიდით გამართული მოლაპარაკებების დროს, სავარაუდოდ, უფრო მეტად განეიტრალდება და ნაკლებად მოახდენს ნეგატიურ გავლენას შეთანხმების მიღწევის პროცესზე.

კიდევ ერთი პირობა, რომელსაც ჟან მონეს ფორმატი უყენებს მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს, არის ის, რომ „ნულოვანი შედეგი გამოირიცხება, ანუ სრულად წაგებული ან სრულად მოგებული მხარე დიალოგში არ არსებობს.  ამ შედეგის მიღწევა ხდება მრავალმხრივი კომპრომისების გზით სხვადასხვა პარტიული პოზიციების ერთმანეთთან მაქსიმალურად დაახლოებით და პოზიციების იმგვარად რეფორმულირებით, მათზე შეთანხმება შესაძლებელი იყოს, როგორც ეს ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის შემთხვევაში მოხდა. ერთგვარი წითელი ხაზები, რომლებსაც არცერთი ქართული მხარე კრიზისის მოგვარების გზაზე არ თმობს, უპირველესი ხელისშემშლელი ფაქტორია ინტერპარტიულ მოლაპარაკებებში. შესაბამისად, ჟან მონეს ფორმატის შემოტანა ქართულ პოლიტიკურ რეალობაში დიდად შეუწყობდა ხელს წითელი ხაზების გადაფასებას, მათ რეფორმულირებას ისე, რომ, საბოლოო ჯამში, მოლაპარაკებების შედეგად საზოგადოების რაც შეიძლება ფართო ნაწილი დარჩეს კმაყოფილი.

სხვა წესებთან ერთად, ჟან მონეს ფორმატის დიალოგის მიმდინარეობისას ძალიან მნიშვნელოვანია პირობაარანაირი კომუნიკაცია მედიასთან, სანამ კონკრეტული შედეგი არ იქნება. ჟან მონეს დიალოგი ხშირად საფრანგეთში იმართება – მოშორებით მედიისა და ადგილობრივი საზოგადოების ყურადღებისგან, რათა დიალოგში მონაწილე პოლიტიკურმა ლიდერებმა მშვიდად, ადგილობრივი მედიისა და მოსახლეობის მხრიდან ზედმეტი წნეხის გარეშე შეძლონ საკამათო საკითხებზე სრულფასოვნად ორიენტირება. ქრისტიან დანიელსონის მისიის ფარგლებში, თბილისში გამართული დიალოგის ორივე ეტაპი გამოირჩეოდა ქართულ რეალობაში ისედაც მკვეთრად პოლარიზებული მედიის შესამჩნევი აქტიურობით. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს შეიძლება, ხელს უწყობდეს, დიალოგის გარშემო განსხვავებული ინტერპრეტაციების არსებობას. პირობა იმის შესახებ, რომ კონკრეტულ შედეგის დადგომამდე მედიაკომუნიკაცია მაქსიმალურად შეზღუდული უნდა იყოს, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი აღმოჩნდეს, რათა, პარტიულმა ლიდერებმა მეტი აქცენტი გააკეთონ პრაგმატულ მოლაპარაკებებსა და გადაწყვეტილებებზე, და ნაკლები იფიქრონ შთაბეჭდილების მოხდენაზე საზოგადოების თვალში.

ჟან მონეს ფორმატი, როგორც შესაძლებლობა საქართველოსთვის

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ, ჟან მონეს დიალოგი საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შანსია, რომელიც პოლიტიკურმა პარტიებმა ხელიდან არ უნდა გაუშვან. სხვა ქვეყნების შემთხვევები ნათლად უჩვენებს ამ ფორმატის ეფექტიანობას ერთი შეხედვით, გამოუვალი პოლიტიკური კრიზისების მოგვარების საქმეში. გარდა ამისა, ფორმატის პრინციპები საკმაოდ ძლიერ ხელშემწყობ ფაქტორებად უნდა მივიჩნიოთ ქართული პოლიტიკური კრიზისის მოგვარების გზაზე.

ამასთან, როგორც გამოცდილება აჩვენებს, ჟან მონეს დიალოგში შედეგიან მონაწილეობას, შესაძლოა, ჰქონდეს მნიშვნელოვანი გრძელვადიანი სარგებელი ევროპული ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის წინსვლისთვის. მსგავს ფორმატებში ჩართვა სასიცოცხლოდ აუცილებელი ხდება 2024 წლისთვის ევროკავშირში გაწევრების ოფიციალური განაცხადის მომზადებისთვის, რადგან, ერთი მხრივ, ეს უზრუნველყოფს სწორედ იმ საკითხების მოგვარებას, რომლებიც, შესაძლოა, მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი იყოს განაცხადის წარმატებით მომზადებისთვის. მეორე მხრივ, თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრება სურს, ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილებას უფრო დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, რადგან ისინი ერთი ნაბიჯით წინ არიან ამ პროცესში და ჩვენთვის მათი გზა, შეიძლება, ხელშესახებად სასარგებლო მაგალითი გახდეს.


[1] საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) უმცროსი ანალიტიკოსი.

Related Posts