რას ამბობს მონაცემები: პარტიული დაყოფა და სკეპტიციზმი ვაქცინების მიმართ საქართველოში?

შოთა კაკაბაძე[1]

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა,რომ ანტივაქსერული კამპანია დამარცხებულია და საგრძნობლად გაიზარდა ვაქცინებზე მოთხოვნა. ეს უკანასკნელი შეიძლება ნამდვილად ასეც იყოს, თუ მხედველობაში მივიღებთ, თუ რა სწრაფად შეივსო ადგილები ჩინური წარმოების ვაქცინაზე მაშინვე, რაც ის ხელმისაწვდომი გახდა 18 წელს ზევით ასაკის მოქალაქეებისთვის. იმ დღიდან, რაც საქართველომ დაიწყო COVID-19 საწინაამღდეგო ვაქცინაციის პროგრამა, იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებმაც მიიღეს ერთი დოზა მაინც, შეადგენს 71 570, დღეში კეთდება, საშუალოდ, 2500-3000 დოზა. თუმცა, ეს რიცხვი, ჯერ კიდევ, ძალიან მცირეა იმასთან შედარებით, რაც საჭიროა მასობრივი იმუნიზაციის საქართველოს მთავრობის გეგმის მისაღწევად. შედარებისთვის, ესტონეთმა, ერთ მილიონზე ოდნავ მეტი მოსახლეობით, 12,919 ადამიანი აცრა ერთ დღეში.

ბლოგის ორიგინალის გამოქვეყნების დროისთვის, საქართველოს შესაბამისი უწყებების მიერ შექმნილ საიტზე, რომელიც ვაქცინის მიღების მსურველთა რაოდენობის შესახებ მონაცემების შეგროვებას ისახავს მიზნად, დარეგისტრირებულია მხოლოდ 86 000 ადამიანი (ქვეყნის მოსახლეობის 2%). გამოკითხვების მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 48%-ია აცრაზე თანახმა, რაც მსოფლიო მასშტაბით საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. NDI-ის 2021 წლის თებერვლის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 53% ამბობს, რომ არ აიცრება. მათი უმრავლესობის მიერ დასახელებული მიზეზი ვაქცინის ხარისხის მიმართ უნდობლობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო Gallup-ის გამოკითხვა უფრო ოპტიმისტურ სურათს ხატავს – ქართველების 56% მზად არის COVID-19 ის ვაქცინის მისაღებად, გამოკითხულდა თითქმის ნახევარის უარყოფითი დამოკიდებულება მაინც ყურადსაღებია და მისი მიზეზები, ალბათ, უფრო მეტად პოლიტიკურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

ანტივაქსერები რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიების მიღმა

საქართველოში, ტრადიციულ თუ სოციალურ მედიაში გავრცელებული ანტივაქსერული კამპანიების შესახებ ანგარიშების ფოკუსი, ძირითადად, ანტიდასავლური პროპაგანდაა, რომელიც მოდის რუსული წყაროებიდან. IDFI-მ 2020 წელს გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც აჯამებს კავშირს ზოგიერთ მედიასაშუალებასა და რუსეთიდან მომავალი შეერთებული შტატების, ევროკავშირისა თუ ბილ გეითსის წინაამღდეგ მიმართული ე.წ. „ტყუილების ჭავლს“  შორის. საქართველოში ანტივაქსერული პროპაგანდის ჩვეული სამიზნეა ლუგარის კვლევითი ლაბორატორია, 5G ინტერნეტი, როგორც COVID-19-ის წყარო, ან ბილ გეითსი, რომელსაც, თითქოს, სურს ვაქცინაციით ადამიანებში მიკროჩიპის ჩადგმა. ამ ანტივაქსერული დეზინფორმაციული კამპანიების მთავარი ფოკუსი ვაქცინებზე მომუშავე დასავლური კომპანიებისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დისკრედიტაციაა. 

მიუხედავად იმისა, რომ ასეთ დეზინფორმაციულ კამპანიებს ჰყავს თავისი მომხმარებელი და აქვს დაფარვის გარკვეული არეალი, ეს არ არის საკმარისი საქართველოში ვაქცინების მიმართ ასეთი მაღალი სკეპტიციზმის ასახსნელად. ვაქცინების, თუ ზოგადად, იმუნიზაციის პროცესის მიმართ ასეთი დაბალი ნდობის მიზეზები, ალბათ, სხვაგან უნდა იძებნებოდეს გარდა ანტივაქსერული პროპაგანდისა და ყალბი ამბებისა. CRRC-ის 2021 წლის იანვრის კვლევა მიუთითებს პარტიულ კუთვნილებასა და ვაქცინის მიღების სურვილს შორის აშკარა კავშირზე. ამავე კვლევის მიხედვით, მათ შორის, ვინც ქართული ოცნების მხარდამჭერია,  27% პასუხობს, რომ არ აიცრება. შედარებისთვის, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების 41% და არცერთი პარტიის მხარდამჭერთა 46% დოზის მიღების წინააღმდეგია. პარტიული ნიშნით დაყოფა კიდევ უფრო ნათლად იკვეთება ვაქცინების მიმართ ნდობის ანალიზისას. ოპოზიციის მხარდამჭერთა შორის 72% არ ენდობა ვაქცინის ხარისხს მაშინ, როდესაც ქართული ოცნების მხარდამჭერთა შორის იგივე მაჩვენებელი 38%-ია.

სკეპტიციზმის ფესვები

ეს რიცხვები მიუთითებს, რომ ანტივაქსერული სენტიმენტები, საქართველოს კონტექსტში, ცოტა უფრო რთულადაა და რუსული დეზინფორმაციის კამპანია სპეციფიური მომხმარებლითაა შემოფარგლული. პოლიტიკური კონტექსტი და პარტიული დაყოფა უკეთესად ხსნის, თუ რატომ არის ვაქცინების მიმართ სკეპტიციზმის საქართველოს მაჩვენებელი ასეთი მაღალი. უნდობლობის ფესვები, შეიძლება, ვეძებოთ ცნებებში, რასაც ლინკოლნ მიტჩელმა უწოდაექსტრემალური პარტიული მიკერძოებულობა. საქართველოში პოლიტიკური რეალობის აღქმა იფილტრება პარტიული კუთვნილების სენტიმენტებით მაშინ, როდესაც პოლიტიკური საკითხები, რომელთა შესახებაც პოლიტიკურ პარტიებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ,  არც ისე მნიშვნელოვანია“. ანუ მაშინ, როდესაც პოლიტიკური პარტიებისა და აქტორების აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება ვაქცინაციის სარგებელსა და საჭიროებაზე, პანდემიის დაწყებისთანავაე პარტიულმა მიკერძოებულობამ თავი იჩინა კერძო მედიასაშუალებებში.

მაგალითად, 2020 წლის გაზაფხულზე ერთ-ერთმა წამყვანმა ქართულმა ოპოზიციურმა არხმა ჩაატარა ერთგვარი ექსპერიმენტი იმის დასამტკიცებლად, რომ ქართული წარმოების პირბადეები არ იცავდა COVID-19-გან. ამის მსგავსად, მაშინ, როდესაც ოპოზიციის ნაწილი დაჟინებით მოითხოვდა მთავრობისგან ვაქცინების შემოტანას, ასევე, პირობას დებდა, რომ ჩინეთში წარმოებულ ვაქცინებს წინააღმდეგობას გაუწევდა (დღესდღეობით ჩინეთში წარმოებულ ისინოფარმი არის ერთადერთი ვაქცინა, რომელიც საქართველოში მასობრივი იმუნიზაციისთვის არის ხელმისაწვდომი). მეორე მხრივ, არც იმუნიზაციის პროგრამაზე პასუხისმგებელი საქართველოს შესაბამისი ორგანოების ნაბიჯები უწყობდა ხელს ვაქცინების მიმართ ნდობის ამაღლებას. თავდაპირველად არსებობდა გაურკვევლობა, იქნებოდა თუ არა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ერთ-ერთი პირველთაგანი აცრილებს შორის, შემდეგ, ვაქცინის მიღებიდან მალევე, ექთნის გარდაცვალება, რაც, პროკურატორის მიხედვით, ექიმების დაუდევრობით იყო გამოწვეული. ასევე, დროული საინფორმაციო კამპანიებისა და აცრილი პირებისათვის წამახალისებელი შეთავაზებების ნაკლებობა ჯერ კიდევ პრობლემაა.

შეჯამებისთვის, უნდობლობა უფრო მეტად არის ქართული პასუხისმგებელი ორგანოებისა და მართველი პარტიის, ვიდრე თვითონ ვაქცინაციის მიმართ. შესაბამისად, „ანტი-ვაქსერიც“, შეიძლება, არ იყოს ზუსტი ტერმინი მოსახლეობის უმრავლესობის სკეპტიციზმის დასახასიათებლად.

არსებობს გამოსავალი?

უმნიშვნელოვანესია, როგორც წესი, პრო-რუსული სიმპატიებით გამორჩეული სოციალური მედიების საშუალებით დეზინფორმაციული კამპანიების გავრცელების წინაამღდეგ ბრძოლა. მითების დეტექტორი, ფაქტჩეკერი და საქართველოში მოქმედი სხვა მსგავსი პორტალები აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით. თუმცა, გამოკითხვები მიუთითებენ, რომ პრობლემა უფრო ღრმაა და პარტიული დაყოფა გარკვეულ როლს თამაშობს იმაში, თუ რამდენად არის საზოგადოება მზად, რომ აიცრას. სკეპტიციზმის ფესვები უფრო მეტად შინ გამოზრდილია და უკიდურეს პარტიულ დაყოფასთანაა გადაჯაჭვული.

ჩინეთში წარმოებულ ვაქცინებზე მოთხოვნის ზრდა, შეიძლება, აქამდე განვითარებული არგუმენტის წინააღმდეგ ჩანდეს, თუმცა სურათი ბევრად უფრო კომპლექსურია და დარეგისტრირებულთა უმრავლესობა დიდი ურბანული ცენტრებიდანაა, ხოლო რეგიონებში მოთხოვნა დაბალი რჩება.

ქართველი პოლიტიკური აქტორები და საჯარო პირები უფრო პასუხისმგებლობით უნდა მიუდგნენ ჯანდაცვის პოლიტიზაციის საკითხს და თავი შეიკავონ ვაქცინაციის პროცესის მოკლევადიანი პოლიტიკური სარგებლისათვის გამოყენებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოპოზიციური პარტიები არ ეწევიან ანტივაქსერულ კამპანიებს, პარტიული მიკუთნებულობა მაინც ახდენს გარკვეულ ეფექტს. სწორედ ამიტომ, ალბათ, საჭიროა უფრო აქტიური ჩართვა იმუნიზაციის პოპულარიზაციაში არამხოლოდ მართველი პარტიის, არამედ ოპოზიციური აქტორების, მედიასაშუალებების და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან, რათა ვაქცინაციის მიმართ ასეთი მაღალი სკეპტიციზმი შესუტდეს.


იხილეთ ტექსტის ორიგინალი ინგლისურად >>


[1]  საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის უმცროსი ანალიტიკოსი

 

Related Posts