რას შეიძლება ელოდოს საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისგან?

ექსპერტთა კომენტარი #17 | ივნისი 2021

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვებამ და თეთრ სახლში ახალი ადმინისტრაციის მოსვლამ დემოკრატიულ ქვეყნებს ოპტიმიზმის საფუძველი გაუჩინა. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც, მისი წინამორბედისაგან განსხვავებით, პოლიტიკაში დიდი გამოცდილებით გამოირჩევა, ქმნის მოლოდინს, რომ მისი ხელმძღვანელობით, ახალი ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებული შტატების ტრადიციულ როლს აღადგენს და, შედეგად, აშშ კვლავ გახდება მსოფლიოში ლიბერალური დემოკრატიის აქტიური ხელშემწყობი და მისი პრინციპების დამცველი. ამასთან დაკავშირებით, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისთვის, რომლებიც დასავლეთის სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ გამოხატავენ მისწრაფებას, განსაკუთრებით წამახალისებელი სიგნალი აღმოჩნდა  პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადება, რომლის მიხედვითაც ,,დამთავრდა ის პერიოდი, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის აგრესიულ ქმედებებს სათანადო წინააღმდეგობას არ უწევდა“. ოპტიმიზმისთვის კიდევ ერთი მიზეზია ისიც, რომ რომ ბაიდენის ადმინისტრაციის არაერთი წევრი, თავისი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, ძალიან კარგად იცნობს კრემლის საგარეო პოლიტიკას და იმ რისკებს, რომლებიც მომდინარეობს ამ პოლიტიკიდან; ისინი, აგრეთვე, კარგად არიან ჩახედულნი კავკასიის რეგიონის საკითხებში.

მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის შემოდგომაზე მთიან ყარაბაღში განვითარებულმა ომმა რუსეთის როლი კავკასიის რეგიონში კიდევ უფრო გააძლიერა, საქართველოში მაინც იმედიანი განწყობაა: აქ, ძირითადად, მიიჩნევა, რომ ახალი ადმინისტრაცია, ახალი რეგიონალური კონიუქტურის გათვალისწინებით, ვაშინგტონსა და თბილისს შორის არსებულ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას ახალ სიცოცხლეს მიანიჭებს. კერძოდ კი, აშშ საქართველოს დაეხმარება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, მნიშვნელოვნად დაუჭერს მხარს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ადვოკატირებას გაუწევს საქართველოს ნატოში გაწევრებას. უფრო მოკლევადიან მიზნებთან დაკავშირებით, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ელოდება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის თავიდან აცილებაში დაეხმარება.

პოზიტიური მოლოდინების საპირისპიროდ, საქართველო-აშშ-ს ურთიერთობების პერსპექტივასთან დაკავშირებით, საქართველოში სკეპტიკური განწყობებიც შეინიშნება. სკეპტიკოსები აღნიშნავენ მიმდინარე პერიოდში ვაშინგტონის წინაშე მდგარ ისეთ პრობლემებს, როგორიცაა შიდაპოლიტიკური პოლარიზაცია, გართულებული ურთიერთობები ჩინეთთან და ახალი კორონა ვირუსით გამოწვეული ზარალი და თვლიან, რომ ამ მიზეზების გათვალისწინებით, საქართველო და სამხრეთ კავკასია, დიდი ალბათობით, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პრიორიტეტების სიაში არ მოხვდება.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის თხოვნით, შერჩეულმა ექსპერტებმა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოდან შემდეგ ორ შეკითხვას უპასუხეს:

  1. არასტაბილური საერთაშორისო კონიუქტურისა და უკანასკნელ პერიოდში სამხრეთ კავკასიაში მომხდარი გეოპოლიტიკური ცვლილებების გათვალისწინებით, რას შეიძლება ველოდოთ ბაიდენის ადმინისტრაციისგან საქართველოსთან და, ზოგადად, რეგიონთან დაკავშირებით ?
  1. რამდენად მოსალოდნელია, რომ აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ საქართველოს ნატოში გაწევრების თემა წინ წამოწიოს და ნატოს დანარჩენს წევრებს ამ საკითხის განხილვის რეკომენდაცია მისცეს?

 

ნახვა გადმოწერა

 

 

Related Posts