ულტრამემარჯვენე პოლიტიკის აღმოცენება საქართველოში: პარალელები დასავლეთთან

21 მაისს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტma (GIP) გამართა ონლაინ კონფერენცია, რომელიც იყო დასკვნითი ღონისძიება საჯარო დისკუსიების სერიის “ანტი-ლიბერალური ტენდენციების ანალიზი საქართველოში” ფარგლებში. დისკუსიების  სერია განხორციელდა ფონდი ღია საზოაგდოების (OSGF) დაფინანსებული პროექტის ფარგლებში და მისი მიზანი იყო საქართველოში მემარჯვენე რადიკალიზაციის გამომწვევი ფაქტორების გამოვლენა.

დასკვნით კონფერენციაზე განიხილეს, თუ რა საფრთხეებს უქმნიან მემარჯვენე რადიკალური აქტორები ლიბერალურ დემოკრატიებს დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებში და რა ნიშნები იკვეთება ამ მხრივ  საქართველოში. 

ნაწილი 1: ულტრამემარჯვენე ნარატივების გავრცელების ზრდა ევროპაში: საფრთხე ლიბერალური დემოკრატიისათვის.

კონფერენციის პირველი ნაწილი შეეხებოდა ახალ პოლიტიკურ რეალობას თანამედროვე სამყაროში, მემარჯვენე რადიკალების გაჩენისა და მათი იდეოლოგიის მეინსტრიმიზაციის მიზეზებს. 

კონფერენცია გახსნა ჰოლანდიელმა პოლიტოლოგმა, პროფესორმა კას მუდდემ, რომელმაც მოხსენება გააკეთა თავისი კვლევის შესახებ, სადაც საუბარია პოლიტიკურ ექსტრემიზმსა და პოპულიზმზე ევროპასა და შეერთებულ შტატებში. მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს პოლიტიკურ პარტიებთან, ექსტრემიზმთან, დემოკრატიასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და ევროპულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს.

კონფერენციაზე ქართველ აუდიტორიას საშუალება მიეცა მოესმინა პროფესორ კას მუდდეს მოკლე ლექციისთვის, იმის შესახებ, თუ როგორ დომინირებს მემარჯვენე რადიკალების პოლიტიკა თანამედროვე ევროპაში და რა არის მათი გაჩენის მიზეზები; მან ისაუბრა დასავლეთის პოლიტიკურ აქტორებზე, ულტრამემარჯვენე ჯგუფების პერსპექტივებზე ევროპაში და იმ გავლენაზე, რაც მათ მოქმედებებს შეიძლება ჰქონდეს ლიბერალურ დემოკრატიაზე. პროფესორმა კას მუდდემ, ასევე, განიხილა მემარჯვენე პოპულისტი აქტორების საერთო სტრატეგიები და ევროპაში ულტრანაციონალისტების ანტიდემოკრატიული ტენდენციები. 

პანელური დისკუსია: როგორ ახდენენ მემარჯვენე რადიკალი ჯგუფები მეინსტრიმული მედიისა და სოციალური ქსელების ინტრუმენტალიზებას საქართველოში. 

კონფერენციის პანელური დისკუსიის ნაწილში, ქართველმა მკვლევარებმა და ექსპერტებმა მოკლედ მიმოიხილეს რადიკალი მემარჯვენე ჯგუფების გავლენა საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესზე. პანელური დისკუსიის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა საქართველოში მეინსტრიმული და სოციალური მედიის ანალიზზე, რადგანაც ულტრამემარჯვენე ჯგუფებისთვის ეს არის ყველაზე მოსახერხებელი საშუალება, გაავრცელონ თავიანთი ნარატივები და ამით მხარდაჭერა მოიპოვონ. 

პანელის პირველი სპიკერი იყო დოქტ. ნინო აბზიანიძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი და GIP-ის კომუნიკაციების კოორდინატორი. ნინო მუშაობდა პოსტ სადოქტორო მკვლევრად კოპენჰაგენის უნივერსიტეტისა და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებათა დეპარტამენტებში. კონფერენციაზე მან გააკეთა  პროექტის ფარგლებში გამოქვეყნებული ნაშრომის Media coverage of the ultranationalist groups in Georgia: mapping the structure of the discourse” მთავარი მიგნებების პრეზენტაცია. ნაშრომზე დაყრდნობით, დოქტ. ნინო აბზიანიძემ მიმოიხილა ქართული მეინსტრიმული სატელევიზიო მედიის – კერძოდ, რუსთავი2-ის, ტელეკომპანია იმედისა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის – მიერ ულტრანაციონალისტური ჯგუფებისა და მათი აქტივობების გაშუქების ტენდენციები. Მან განმარტა, თუ რამდენად აღწევს ულტრანაციონალისტური ნარატივი მედია დისკურსში საქართველოში, აძლევს თუ არა მასმედია სივრცეს ულტრანაციონალიზმის საპირისპირო დისკურს და ვინ არიან აქტორები, რომლებიც ამ საკითხების გარშემო დისკურსულ დღის წესრიგს ადგენენ.

მეორე სპიკერი გახლდათ CRRC-საქართველოს კვლევების დირექტორი დოქტ. დავით სიჭინავა. იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორია და კითხულობს კვლევის მეთოდების სხვადასხვა დონის კურსს. დოქტ. დავით სიჭინავამ ისაუბრა CRRC-საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებზე (https://oc-media.org/features/analizi-kartul-sinamdvileshi-ultramemarjvene-jgupebi-rusetze-upro-uarkopitad-saubroben-vidre-dasavletze/), რომელიც შეეხება ქართული ულტრანაციონალისტური ჯგუფების მიერ სოციალურ მედიაში გავრცელებულ ნარატივებს. Მან ხაზი გაუსვა ულტრამემარჯვენე ჯგუფების ანტილიბერალურ რიტორიკას და განიხილა, რეალურად, რამდენად პრორუსულია მათი “მესიჯბოქსი”.

პანელის ბოლო დისკუსანტი იყო დოქტ. ლია წულაძე, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის (CSS) აღმასრულებელი დირექტორი, ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი. მან შეაჯამა პანელის მოხსენებები და აუდიტორიას გაუზიარა თავისი მოსაზრებები მეინსტრიმული მედიისა და სოციალური მედიის როლზე, როგორც ულტრამემარჯვენეების ნარატივების გავრცელების ინსტრუმენტზე. 

დასკვნით კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ საერთაშორისო და ქართველი მეცნიერები, ექსპერტები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული მხარეები, რომლთან საშუალება ქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები. 

ღონისძიება ჩატარდა პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით ქართულ და ინგლისურ ენებზე. 

 

Related Posts