შავიზღვისპირეთის გეოპოლიტიკა – GIP, Centre international de formation européenne, GFSIS

20-26 ივლისს საქართველოს დედაქალაქმა შავი ზღვის საერთაშორისო სკოლას უმასპინძლა. „შავიზღვისპირეთის გეოპოლიტიკა“ – ასეთი იყო აკადემიური პროგრამის მთავარი თემა, რომლის ირგვლივაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა მოხდა, მაგალითად: ევროკავშირში გაერთიანება, ენერგეტიკული და რეგიონული უსაფრთხოება, აღმოსავლეთპარტნიორობა, კონფლიქტები რეგიონში, რეგიონალური თანამშრომლობა და სხვ. პროექტის ორგანიზატორი იყო “Centre international de formation européenne“ ადგილობრივ პარტნიორებთან – „საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდსა (GFSIS)“ და „საქართველოს პოლიტიკურ ინსტიტუტთან (GIP)” ერთად. შესაბამისად, ლექციებს უძღვებოდნენ საერთაშორისო ექსპერტები ევროკავშირიდან და საქართველოდან.

 

პროექტში მონაწილეობას ქართველებთან ერთად უცხოელი სტუდენტებიც იღებდნენ, რომლებიც ერთი კვირით ეწვივნენ თბილისს. საზაფხულო სკოლის პროგრამა გათვლილი იყო დოქტორანტურისა და მაგისტრატურის სტუდენტებზე, თუმცა, როგორც ერთ-ერთმა ლექტორმა და საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტის წარმომადგენელმა – რენატა სკარდიუტ-კერესელიძემ აღნიშნა, გადამწყვეტი ყურადღება მათ მოტივაციას ექცეოდა: „უფრო ახალგაზრდა სტუდენტებსაც, რომლებიც მოტივირებულები და თემით დაინტერესებულები იყვნენ, შეეძლოთ პროექტში მონაწილეობის მიღება.“

 

სალექციო პროცესებში სტუდენტები საკმაოდ აქტიურად იყვნენ ჩართული, მართავდნენ პრეზენტაციებს, მუშაობდნენ ჯგუფებში, მსჯელობდნენ სხვადასხვა საკითხებზე. თითოეული აქტივობა მიზნად ისახავდა სალექციო თემის უკეთ აღქმასა და აზრთა გაცვლას. მონაწილეებს ასევე საშუალება ჰქონდათ ერთად დაეთვალიერებინათ თბილისი და მისი მიმდებარე ტერიტორია. საზაფხულო სკოლა ყველა მონაწილემ წარმატებით დაასრულა და მონაწილეობის სერთიფიკატით დაჯილდოვდა.

 

„ხშირად, როცა შენს ქვეყანაში კონფლიქტური სიტუაციაა, მოქალაქეები არ ფიქრობენ მათ საზღვრებს გარეთ არსებული კონფლიქტებზე, შესაბამისად, მათმა უმეტესობამ არც კი იცის, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შესაძლოა ისეთივე პრობლემები აწუხებდეთ, როგორც ჩვენ. ჩემთვის, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტისათვის ამის გაცნობიერება და ამ საკითხებზე მსჯელობა მნიშვნელოვანია.“ განაცხადა საზაფხულო სკოლის ერთ-ერთმა ქართველმა სტუდენტმა – გვანცა გვერდწითელმა პროექტის მნიშვნელობაზე საუბრისას.

 

Related Posts