ხმის მიცემის უფლება 16 წლიდან – ღირს კი დაფიქრება?

შოთა კაკაბაძე[1]

საქართველოს მსგავს ქვეყნებში, სადაც ლიბერალური დემოკრატია ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზეა, პარტიული კულტურა, არჩევნების, როგორც ცვლილებების მიღწევის მექანიზმის, მიმართ ნდობა თუ მოქალაქეების ორგანიზებული ჩართულობა კონკრეტული საკითხის გადაწყვეტაში, კვლავ პრობლემურია. საქართველოში ფართოდ გავრცელებული პოლიტიკის „ბინძურ საქმედ“ შეფასება საგრძნობლად აფერხებს სამოქალაქო სექტორის ორგანიზებას. ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, სერიოზულ გამოწვევად რჩება სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკისგან დისტანცირების სურვილი, რადგან სხვადასხვა სახელისუფლებო შტოებთან ახლო თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია მთელი რიგი საკითხების მოგვარება (გარემოს დაცვა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პირობების გაუმჯობესება და ა.შ.).  სამოქალაქო სექტორი უმნიშვნელოვანესი რგოლია საზოგადოებისა და ხელისუფლების ერთმანეთთან დასაკავშირებლად.

ლიბერალური დემოკრატიისთვის ამ სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი კავშირის გაძლიერებაში გადამწყვეტი როლი ენიჭება არჩევნებში მონაწილეობას და ხმის მიცემის გზით ამა თუ იმ  პრობლემის გადაჭრის ტრადიციის დამკვიდრებას. ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯთა შორის, შეიძლება, განვიხილოთ არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მინიმალური ასაკის თვრამეტიდან თექვსმეტ წლამდე დაწევა. ამ პრაქტიკის დანერგვა  უფროსკლასელებს მისცემს მათთვის საინტერესო საკითხებზე გავლენის მოხდენის კონკრეტულ მექანიზმებს და საფუძველს ჩაუყრის მომავალშიც პოლიტიკურ ცხოვრებაში მათ აქტიურ ჩართულობას.

ბლოგი, არსებულ მონაცემებზე და კვლევებზე დაყრდნობით, მიმოიხილავს ამ გადაწყვეტილების სარგებელს მოკლევადიან თუ გრძელვადიან პერსპექტივაში, მის პოტენციურ უარყოფით მხარეებს და იმას, თუ რა პერსპექტივა, შეიძლება, ჰქონდეს მის დანერგვას საქართველოში.

ამომრჩეველთა სიის საშუალო ასაკი და მისი გამოწვევები   

საქართველოში უკანასკნელი არჩევნების (2020 წლის ოქტომბერი) ცესკოს სტატისტიკა აჩვენებს, რომ ახალგაზრდების წილი ამომრჩეველთა შორის ყველაზე მცირეა. უფრო კონკრეტულად, ამ მონაცემების მიხედვით, საერთო საარჩევნო სიაში სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების წილი ასე გამოიყურება:

მსოფლიო ბანკის მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი მატების კოეფიციენტი, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ან უარყოფითი ან 0,1%-ის ფარგლებშია მაშინ, როდესაც, პარალელურად, სტაბილურად იზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელი. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები აჩვენებს, რომ ბოლო ოცდახუთი წლის განმავლობაში მოსახლეობის საშუალო ასაკი მზარდია (კაცების შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 29.4-დან 35.1-დე გაიზარდა, ხოლო ქალების – 33.7-დან 39.9-დე).

ეს ყოველივე, თავის მხრივ, მიუთითებს იმაზე, რომ, წლებთან ერთად, ამომრჩეველთა სიის საშუალო ასაკი კიდევ უფრო გაიზრდება და, შესაბამისად, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამები სულ უფრო ნაკლებად იქნება ახალგაზრდების პრობლემებზე ორიენტირებული.

მეორე მხრივ, თუ გავითვალისწინებთ ქვეყანაში შობადობის ზოგად მაჩვენებელს, ხმის მიცემის უფლების ასაკობრივი ზღვრის 16 წლამდე დაწევა საარჩევნო სიას დამატებით, საშუალოდ, 100 000 ამომრჩეველს შემატებს. ამან შეიძლება ეს ტენდეცნცია, გარკვეულწილად, დააბალანსოს და პარტიებს უბიძგოს საკუთარ საარჩევნო პროგრამებში ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების უფრო მეტად გათვალისწინებისკენ (ახალგაზრდების დასაქმება, განათლებაზე ხელმისაწვდომობა, გარემოს დაცვის პოლიტიკა, რომლის შედეგებიც, ათწლეულების შემდეგ, იქნება საგრძნობი, საპენსიო ფონდის რეფორმა, თუ სხვა გრძელვადიანი შედეგების მქონე სოციალური საკითხები). პოლიტიკური სუბიექტების პლატფორმების ასეთი ცვლილება კი, თავის მხრივ, დიდი ალბათობით, პოზიტიურ გავლენას იქონიებს 18-21 წლის ასაკის ამომრჩეველთა აქტივობაზე.

მსგავსი პრაქტიკა და დისკუსია სხვა ქვეყნებში

არჩევნებში ხმის მიცემის უფლების 16 წლამდე დაწევის იდეა არ არის ახალი. 1990-იანებიდან მოყოლებული, რამდენიმე ქვეყანამ აქტიურად დაიწყო ამ საკითხზე მუშაობა. ავსტრიაში ხმის უფლების მინიმალური ასაკი 16 წელია, გერმანიის რამდენიმე ადმინისტრაციულმა ერთულმაც დაუშვა ამ ასაკის მოქალაქეებისათვის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. 16 წლის ასაკის მოქალაქეებს ამ უფლებით სარგებლობა შეუძლიათ, ასევე, მალტაში, შოტლანდიაში და ესტონეთში (ამ უკანასკნელის შემთხვევაში, მხოლოდ თვითმართველობის არჩევნებში). საბერძნეთმა კი, ეს ზღვარი 17 წლამდე დაწია მათ შორის მათთისაც ვინც ამ ასაკს არჩევნების წელს აღწევს.  

ამერიკის შეერთებული შტატების ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისას, ერთ-ერთმა კანდიდატმა წამოაყენა 16 წლიდან მოქალაქეებისთვის ფედერალულ დონეზე ხმის მიცემის უფლების დაშვების იდეა. ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად განიხილება ის, რომ ამ ასაკის ამერიკელების ნაწილი მუშაობს და იხდის გადასახადებს, შესაბამისად, მათ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ წარმომადგენლობის უფლება. ამ იდეას იზიარებს ამერიკის წარმომადგენელთა პალატის მოქმედი სპიკერი, ნენსი პელოზიც, რომელიც მიიჩნევს, რომ სწორედ სკოლის ასაკიდან უნდა მოხდეს მათი ამ პროცესში ჩართვა, რადგან ეს ის პერიოდია, როდესაც მოსწავლეები მმართველობის შესახებ სწავლობენ.

როდესაც 2015 წელს ესტონეთის საკანონმდებლო ორგანოში დაინიცირდა მსგავსი კანონპროექტი თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემის უფლების ზღვრის 16 წლამდე დაწევასთან დაკავშირებით, ინიციატორებმა არგუმენტებად მოიყვანეს არა მხოლოდ ის, რომ ესტონური მოსახლეობა დაბერების ტენდენციით გამოირჩევა, არამედ ისიც, რომ ასეთი ცვლილება ხელს შეუწყობს ამ ასაკის მოქალაქეების უფრო მეტ დაინტერესებას პოლიტიკით განსაკუთრებით, ადგილობრივ დონეზე.

თუმცა, პირველი ევროპული სახელმწიფო, რომელიც ამ ასაკის მოქალაქეებს არჩევნებში სრულფასოვნად მონაწილეობის ნებას რთავს, ავსტრიაა. ამ შემთხვევის ანალიზმა აჩვენა, რომ მათ შორის, ვინც ხმას პირველად აძლევს, აქტივობა საგრძნობლად მეტია 16 წლის მოქალაქეების შემთხვევაში, ვიდრე 18-20 წლის მოქალაქეების შემთხვევაში.ეს კი, მიუთითებს იმაზე, რომ ხმის მიცემის ასაკის დაწევას შეუძლია, გავლენა მოახდინოს მათ მომავალ აქტიურობასა და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობაზეც. ეს ეფექტი, ასევე, შეიძლება, აიხსნას ორი მნიშვნელოვანი ფაქტორით: ამ ასაკში, როგორც წესი, ისინი ჯერ კიდევ მშობლებთან ცხოვრობენ და სკოლაში დადიან. ეს ორი გარემოება ხელს უწყობს ხმის მიცემის ჩვევის ჩამოყალიბებას, რაც თავს იჩენს შემდგომ არჩევნებშიც. საქართველოს შემთხვევაში, სადაც სტუდენტთა უმრავლესობა საკუთარი ოჯახიდან და რეგისტრაციის ადგილიდან მოშორებით, დედაქალაქში ცხოვრობს, სწორედაც რომ დამამთავრებელ კლასებში პირველად არჩევნებში მონაწილეობამ, შეიძლება, იქონიოს ასეთი გრძელვადიანი ეფექტი.

შესაძლო გამოწვევები და რეფორმის უარყოფითი მხარეები

გერმანიაში მსგავსი რეფორმის მოწინააღმდეგეთა არგუმენტების მიხედვით, თინეიჯერები უკვე საკმარისად არიან ჩართული დემოკრატიულ პროცესში, მაგალითად, გარემოს დაცვის მოძრაობის შემთხვევაში, და კიდევ დამატებით კანონის ცვლილების საჭიროება არ დგას. შესაძლებელია, ეს მართლაც საფუძვლიანი არგუმენტი იყოს ისეთი დონის ლიბერალური დემოკრატიის მქონე ქვეყნისათვის, როგორიც გერმანიაა. მაგრამ, საქართველოს მსგავსი ახალგაზრდა დემოკრატიისათვის, სადაც მოქალაქეების ორგანიზებული ჩართულობა ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ სტადიაშია, მნიშვნელოვანია მათი ადრეული ასაკიდან არჩევნებში მონაწილეობისა და პოლიტიკურ პროცესებში აქტიურობის ტრადიციის დამკვიდრება და წახალისება.

მეორე არგუმენტი, რომელიც ხშირად ისმის კრიტიკოსთა მხრიდან, ეხება ამ ასაკის ამომრჩეველთა ინფორმირებულობას და პოლიტიკური საკითხების ცოდნას. თუმცა, ავსტრიის შემთხვევის ანალიზმა აჩვენა, რომ მიუხედავად მათი დაბალი აქტივობისა, თვრამეტ წლამდე ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანის ხარისხი არ განსხვავდება უფროსი ასაკის ამომრჩეველთა გადაწყვეტილებისგან და მათი პრეფერენციების შედეგად, სხვადასხვა ინტერესები თუ იდეოლოგიური ღირებულებები მეტნაკლებად თანაბრადაა წარმოდგენილი.

საბოლოოდ, საქართველოს მსგავსი ქვეყნისათვის, სადაც მონაწილეობითი და წარმომადგენლობითი დემოკრატიის ძირითადი ინსტიტუტები ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ სტადიაშია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის ტრადიციის სასკოლო ასაკიდან დამკვიდრება. ამ ცვლილების, როგორც მინიმუმ თვითმმართველობის არჩევნებზე დაშვებაზე, დისკუსია უნდა გაიხსნას. 16-17 წლის მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის უფლება საგრძნობლად გაზრდის მათი ცხოვრების შემდგომ ეტაპზეც არჩევნებში თუ სხვა სახის პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის ალბათობას.

თუმცა, აქ მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილება საკმარისი არ იქნება, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება სკოლებში სამოქალაქო განათლებას და თინეიჯერებში არჩევნების პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა კამპანიებს.


[1] საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის უმცროსი ანალიტიკოსი

 

Related Posts