Მომავალ ლიდერთა სკოლის მონაწილეები (ELS2021) ორგანიზებას უწევენ “სივრცე დისკუსიისთვის” შეხვედრებს

პროგრამა “მომავალ ლიდერთა სკოლის” ELS ფარგლებში, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ჯგუფებად გაერთიანებულიყვნენ და თავიანთი ინიციატივით მოეწყოთ შეხვედრების სერია “სივრცე დისკუსიისთვის”. ეს არის დამატებითი შესაძლებლობა „მომავალ ლიდერთა სკოლის“ ახალგაზრდებისთვის, შეხვდნენ სხვადასხვა სფეროს ექსპერტებს – საჯარო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებს. მონაწილეები თავად განსაზღვრავენ დისკუსიის თემას და მოწვეული პროფესიონალებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირებისაგან უშუალოდ იღებენ პასუხებს იმ შეკითხვებზე, რომლებიც აინტერესებთ. აღნიშნული დისკუსიები არის საჯარო და ყველა დაინტერესებულს შეუძლია შემოუერთდეს.

ELS-ის მონაწილეებმა, სხვადასხვა რეგიონიდან, დისკუსიების ორგანიზება მაისის თვის დასაწყისში, ონლაინ დაიწყეს და ამ დრომდე უკვე 9 საჯარო ღონისძიება ჩაატარეს, რომელში მონაწილეობაც ჯამში 200ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

წარმოგიდგენთ თემებს, რომლებზეც ამ შეხვედრების სერიის ფარგლებში, მაისის თვის მეორე ნახევარში, ახალგაზრდებმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად იმსჯელეს:

 თბილისი

  • პანდემიის გავლენა მოწყვლად ჯგუფებზე (ორგანიზატორები: მარინე კაპანაძე, სალომე ღონღაძე, მარიამ გელეტაშვილი, თამთა კაციტაძე, ალექსანდრე ზიბზიბაძე)  

პანდემია და პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა მოწყვლადი ჯგუფებისთვის, მათ შორის ბავშვებისა და ქალებისთვის. რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ ისინი? მოწვეულმა მომხსენებლებმა ძირითადი აქცენტი სწორედ ქალებისა  და ბავშვების უფლებრივ მდგომარეობაზე გააკეთეს და აუდიტორიას გააცნეს ის პრობლემები, რომლებიც ამ ჯგუფებს პანდემიამ შეუქმნა. ერთ-ერთმა მომხსენებელმა წარადგინა თავისი კვლევის შედეგები, რომელიც ეხებოდა, პანდემიის პერიოდში, 112-ის და პოლიციის რეაგირებას ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე. კვლევის შედეგად გამოვლინდა არაერთი გამოწვევა, მათ შორის ისიც, რომ ვერ ან არ ხერხდება საგამოძიებო მოქმედებების დისტანციურად ჩატარება და ონლაინ სერვისების მიწოდება, რაც ერთ-ერთი მიზეზი აღმოჩნდა იმისა, თუ რატომ არ მიმართავდნენ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები დახმარებისთვის სახელმწიფო უწყებებს.

 მომხსენებლები:

  • ბაია პატარაია, კავშირ “საფარის” აღმასრულებელი დირექტორი;
  • ქეთა სოხაძე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვთა უფლებების დეპარტამენტის წარმომადგენელი;
  • მაკა ფერაძე, საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი.

 

გორი

  • ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება და  გამოწვევები – გორის მუნიციპალიტეტის მაგალითზე (ორგანიზატორები: ლელა მაზმიშვილი, ალექსანდრე თარხნიშვილი, მაია გოგიძე)

შეხვედის მიზანი იყო, ადგილობრივი თვითმმართველობის თემაზე ცნობიერების ამაღლება დარგის ექსპერტებისგან. მოახლოებული არჩევნების გამო, ეს თემა კიდევ უფრო აქტუალურია, რადგან შემოდგომაზე მოქალაქეებმა უნდა აირჩიონ მერი და საკანონმდებლო ორგანო – საკრებულო. მომხსენებლებმა ისაუბრეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არსის შესახებ, თვითმმართველობის რეფორმასა და მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებზე, როგორიცაა ბიუჯეტის ნაკლებობა, არაკვალიფიციური კადრი, კოორდინაციის ნაკლებობა და სხვა.

მომხსენებლები:

  • ნინო ლოლაძე,  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ლექტორი;
  • დაკო მურადაშვილი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, გორის ფილიალის ხელმძღვანელი, გორის მუნიციპალიტეტის მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მდივანი.

სამეგრელო-ზემო სვანეთი

  •  პანდემიის ზეგავლენა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე (ორგანიზატორები: ანა ცირდავა, ლევან ბუსქანძე, ლია მიქელაძე) 

შეხვედრაზე განიხილეს, პანდემიის პირობებში, ქალთა და ოჯახში ძალადობის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა. კერძოდ: ძალადობის შესახებ მომართვიანობა; პანდემიის პირობებში არსებული შეზღუდვების გავლენა საგამოძიებო პროცესებსა და კომუნიკაციაზე; ასევე, რეკომენდაციები პანდემიის შედეგად წარმოქმნილი გამოწვევების დასაძლევად; ზოგადად, ოჯახში ძალადობის ფაქტებთან ბრძოლის მექანიზმები და თემატური ქეისები.

მომხსენებლები:

  • ცირა ჯგერენაია, იურისტი, ორგანიზაცია ,,საფარი”;
  • ცაბუნია ვართაგავა, კრიზისული ცენტრის მენეჯერი, ქალთა საკონსულტაციო ცენტრი “სახლი”.

 

დისკუსიები სხვადასხვა საინტერესო თემაზე ივნისში დასრულდება.

“სივრცე დისკუსიისთვის” იმართება GIP-ის მიმდინარე პროექტის „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“, რომელიც ხორციელდება USAID/Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერით.

 

 წინა შეხვედრების შესახებ წაიკითხეთ აქ >>

 

 

 

 

Related Posts