Მომავალ ლიდერთა სკოლის მონაწილეები (ELS2021) ორგანიზებას უწევენ “სივრცე დისკუსიისთვის” შეხვედრებს

პროგრამა “მომავალ ლიდერთა სკოლის” ELS ფარგლებში, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ჯგუფებად გაერთიანებულიყვნენ და თავიანთი ინიციატივით მოეწყოთ შეხვედრების სერია “სივრცე დისკუსიისთვის”. ეს არის დამატებითი შესაძლებლობა „მომავალ ლიდერთა სკოლის“ ახალგაზრდებისთვის, შეხვდნენ სხვადასხვა სფეროს ექსპერტებს – საჯარო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებს. მონაწილეები თავად განსაზღვრავენ დისკუსიის თემას და მოწვეული პროფესიონალებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირებისაგან უშუალოდ იღებენ პასუხებს იმ შეკითხვებზე, რომლებიც აინტერესებთ. აღნიშნული დისკუსიები არის საჯარო და ყველა დაინტერესებულს შეუძლია შემოუერთდეს.

ELS-ის მონაწილეებმა, სხვადასხვა რეგიონიდან, დისკუსიების ორგანიზება მაისის თვის დასაწყისში, ონლაინ დაიწყეს და ამ დრომდე 6 საჯარო ღონისძიება ჩაატარეს, რომელში მონაწილეობაც ჯამში 150-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

Წარმოგიდგენთ თემებს, რომლებზეც ამ შეხვედრების სერიის ფარგლებში, ახალგაზრდებმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად იმსჯელეს:

Სამეგრელო ზემო-სვანეთი

  • რატომ, მეტი დეცენტრალიზაცია (ორგანიზატორები: სოფია ჭითანავა, ბაკურ ხუბულაბა და დავით ლოგუა).

მომხსნებლებმა ისაუბრეს, რამდენად პასუხობს ადგილობრივი თვითმმართველობა მის ძირითად პრინციპს, რომელიც დაკავშირებულია მის სუბსიდიარობასთან. ასევე, საკუთარი უფლებამოსილების ნაწილში არის თუ არა ის ევროპულ ქარტიასთან შესაბამისობაში, რომელიც გულიხსმობს უფლებმოსილების ექსკლუზიურობას. მომხსნებლები ასევე შეეხნენ ადგილობრივად გადაწყვეტილების მიმღებთა პოლიტიკურ დამოუკიდებლობას. მნიშვნელოვანი მოსაზრებები გამოითქვა ასევე, ფისკალური დეცენტრალიზაციის ნაწილში, თუ რა საშუალებით არის შესაძლებელი ადგილობრივი თვითმმართველობა გახდეს ფინანსურად თვითკმარი და დამოუკიდებელი.

მომხსენებლები:

კოკა კიღურაძე – ადგილობრივი თვითმმართველობის ექსპერტი
არჩილ თოდუა – გამჭვირვალობა საქართველოს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი (დოქტორანტი, თემის პროფილი ,,დეცენტრალიზაცია“)
ანი წითლიძე – პოლიტიკოსი (დოქტორანტი, თემის პროფილი ,,დეცენტრალიზაცია“)
სანდრო სორდია – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე; საკრებულოს წევრი. 

  • შრომითი უფლებების დაცვის გავლენა ეკონომიკაზე- მუხრუჭი თუ სტიმული (ორგანიზატორები: მაია კუპრავა, ნიკოლოზ ბაძაღუა, თეო ცქიტიშვილი). 

შეხვედრაზე განიხილეს ღირსეული და უსაფრთხო შრომის პირობების შექმნასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ, დასაქმებულთა შრომის პირობების გაუმჯობესება, პროდუქტიული დასაქმების შესაძლებლობები, რა სახის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მოაქვს საუკეთესო შედეგები და რა მასშტაბის უნდა იყოს სახელმწიფო ინტერვენცია შრომისა და დასაქმების პოლიტიკის მიზნების წარმატებით განსახორციელებლად, როგორ უნდა გააუმჯობესოს სახელმწიფომ დასაქმებულთა შრომითი პირობები და დასაქმების ხელშეწყობის სერვისები, საქართველოში არსებული რეალობა და ყველაზე პრობლემური სკითხები, რომლებიც დამსაქმებელისა და დასაქმებულის შრომით ურთიერთობაში იკვეთება. მომხსენებლებმა ისაუბრეს საერთაშორისო პრაქტიკაზეც შრომითი პირობების შესახებ.

მომხსენებლები:

ესმა გუმბერიძე – ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ქსელის წევრი, სამოქალაქო აქტივისტი, შშმ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი, შშმ პირების უფლებადამცველთა მოძრაობის წევრი
ირაკლი მხეიძე – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების, იმერეთის ოფისის კოორდინატორი
ანჟელა ბოლოგან – ა.(ა).ი.პ საქართველოს შემეცნებითი ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.

  • სექსუალური შევიწროება (ორგანიზატორები: ინეზა შენგელია, მარიამ გოროზია, გვანცა მალანია, თაკო გოგია)

დამსწრე საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, სექსუალური შევიწროების სამართლებრივი რეგულირების სფეროსთან დაკავშირებით, სექსუალური შევიწროების შემაკავებელი მექანიზმებისა და მათი გამოვლენის საშუალებებზე. სახალხო დამცველის პრაქტიკაში არსებული სექსუალური შევიწროების ქეისების განხილვა.

მომხსენებლები:

ნიკა გოგია – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ზუგდიდის ოფისის სისხლის სამართლის ადვოკატი
ნუცა ქაშაკაშვილი – სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.

  • ისტორია როგორც პროპაგანდის ინტრუმენტი, ქართულ-აფხაზურ და ქართულ -ოსურ ურთიერთობებში (ორგანიზატორები: ანა ქოჩუა, სალომე გუგუშვილი, ლიკა როგავა, ეკატერინე ხუბულავა). 

Შეხვედრა შეეხებოდა ისტორიის, როგორც პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წყაროდ გადაქცევის თანამედროვე გამოწვევებს, სოციალური მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების პრობლემების ანალიზს აღნიშნულ პროცესში. განათლებისა და წიგნიერების განსაკუთრებულ როლს ინფორმირებული საზოგადოებისთვის, ასევე, კონფლიქტით დაზარალებული, გახლეჩილი საზოგადოების სენსიტიურობის საკითხს.

მომხსენებლები:

დავით ჯიშკარიანი – ისტორიკოსი
მაკა სართანია – მშვიდობისა და განვითარების აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი.

  • ბავშვთა დაცვის სერვისები და არსებული გამოწვევები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში (ორგანიზატორები: თეონა გასაშვილი, თამთა ბიგვავა, ანა ხარჩილავა, თეონა ქარდავა) 

საჯარო დისკუსიის მთავარი მიზანი იყო ბავშთა დაცვის კუთხით არსებული სერვისების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ასევე ბავშვთა დაცვის სისტემაში არსებული გამოწვევების გამოკვეთა.

Შეხვედრაზე, განიხილეს ბავშვთა კეთილდღეობის სისტემა საქართველოში, რეფორმები, რომლებიც წინ უძღოდა სისტემაში არსებულ ცვლილებებს, კანონმდებლობები, რომლებმაც სხვადასხვა დროს, სახელმწიფოს მიერ, ახალი სერვისების შექმნა განაპირობა; ასევე, ბავშვთა უფლებების კუთხით არსებული მწვავე საკითხი, რომელიც დიდი ზომის ბავშვთა სახლების არსებობას უკავშირდება, სადაც სახელმწიფოს, სახალხო დამცველსა და ბავშვთა დაცვის კუთხით მომუშავე ორგანიზაციებს არ აქვთ უფლებამოსილება შეაფასონ ან მონიტორინგი გაუწიონ არასრულწლოვნების არსებულ მდგომარობას დაწესებულებაში. მომხსენებლებმა საჯარო და არასამთავრობო სექტორიდან დეტალურად მიმოიხილეს თავიანთი სამსახურების საქმიანობა, სამიზნე ჯგუფები და კონკრეტული პროექტები, რომლებსაც ამჟამად ახორციელებენ მუნიციპალიტეტში. მათ ასევე ისაუბრეს არსებულ შეზღუდვებზე, რაც საჯარო სექტორის შემთხვევაში რესურსების არასაკმარისობას უკავშირდება, ხოლო არასამთავრობო სექტორის შემთხვევაში – ტერიტორიულ შეზღუდვებს, რის გამოც მთელს მუნიციპალიტეტში სერვის მიწოდება ვერ ხდება.

მომხსენებლები:

ნელი აკობია – SOS ბავშვთა სოფლის ოჯახის გაძლიერების ეროვნული მრჩეველი/ზუგდიდის ოჯახის გაძლიერების პროექტის მენეჯერი
თამარ მესხია – ზუგდიდი SOS ბავშვთა სოფლის პროექტ „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და ბავშვთა მიტოვების პრევენცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში“ კოორდინატორი
ია ეხვაია – ზუგდიდის მერიის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსი;
ცირა ჩუხუა – სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ზუგდიდის სოციალური მუშაკი.

გორი

  • საქართველოში მინიმალური ხელფასის საკანონმდებლო რეგულირება (ორგანიზატორები: მედეა პავლიაშვილი, ანა მამულაშვილი, მეგი ტერლეცკაია, სოფიო ნოზაძე, ინა ბესტავაშვილი) 

შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს კანონმდებლობით მინიმალური ხელფასის განსაზღვრის მოსალოდნელი შედეგების ანალიზი, მისი დადებითი და უარყოფითი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე და ამ კუთხით დაინტერესებული პირებისათვის ინფორმაციის მიწოდება. შეხვედრაზე განხილული იყო ამ საკანონმდებლო რეგულირების პოტენციური შედეგები. სტუმრებმა ისაუბრეს საკითხის აქტუალურობასა და შრომის კოდექსით მინიმალური ხელფასის განსაზღვრის საჭიროებაზე. მეორე მხრივ, გაანალიზებული იყო მინიმალური ხელფასის კანონმდებლობით განსაზღვრის უარყოფითი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე.

მომხსენებლები:

ზურაბ ჯაფარიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი
დავით გაბუნია – არასამთავრობო ორგანიზაცია „არა მონობას“ დირექტორი და იურისტი.

დისკუსიები სხვადასხვა საინტერესო თემაზე მაისის თვეში კვლავ გაგრძელდება და ივნისში დასრულდება.

“Სივრცე დისკუსიისთვის” იმართება GIP-ის მიმდინარე პროექტის „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“, რომელიც ხორციელდება USAID/Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერით.

Related Posts