18/11/2018 GIP

ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიში: რა უნდა ისწავლოს საქართველომ?!

Author

მარიამ გრიგალაშვილი

მარიამ გრიგალაშვილი

14 ნოემბერს ევროპარლამენტმა პლენარულ სესიაზე კენჭი უყარა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ მოხსენებას. დოკუმენტის გამოქვეყნებას საქართველოში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. დოკუმენტში გაჟღერებულ სხვადასხვა წინადადებას როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია თავიანთი პოზიციების გასამყარებლად იყენებს. მოხსენების ცალკეული მონაკვეთები ნამდვილად იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას, თუმცა ბრიუსელიდან წამოსული შეტყობინების გასაგებად ანგარიშის, როგორც მთლიანი ტექსტის გაანალიზებაა საჭირო.

აღნიშნული დოკუმენტის პირველი ვერსია ჯერ კიდევ 15 ოქტომბერს გამოქვეყნდა. საბოლოო ანგარიშში გაჟღერებულია პოზიცია, რომ ევროპარლამენტი დადებითად აფასებს საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ხარისხს, თუმცა ყურადღებას ამახვილებს მნიშვნელოვან პრობლემებზე, რომლებსაც ტექსტის საკმაოდ მოცულობითი ნაწილი უკავია.

წარმატებები და პრობლემები ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში

ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მეოთხე წელს, ევროპულმა პარლამენტმა ოქტომბრის თვეში წარმოადგინა ხელშეკრულების შესრულების შეფასება ცალკეული ქვეყნების მიერ. ანგარიში მომზადდა სხვადასხვა ჯგუფებთან მუშაობისა და შეხვედრების შედეგად. დოკუმენტზე მუშაობისას ასევე სამი პუბლიკაცია მომზადდა შემდეგ თემებზე: საარჩევნო რეფორმა, ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ხარისხი და ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ინსტიტუციური ჩარჩო. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ასოცირების შესრულების პროცესი დადებითადაა შეფასებული, არსებობს გარკვეული პრობლემები, რომელებიც მეტ ყურადღებას საჭიროებს. ევროპარლამენტის მიერ წარმოდგენილ მოხსენებაში ამგვარ პრობლემურ და საყურადღებო საკითხთა შორისაა: სამუშაო სტანდარტები, გარემოს დაცვა და მოწყვლადი ჯგუფების დისკრიმინაცია.

რა დადებით მხარეებზე ამახვილებს ყურადღებას ანგარიში?

ევროპარლამენტის მიერ მიღებული ანგარიში დასაწყისშივე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების შესრულების გზაზე არსებულ ძირითად მიღწევებზე. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობის” 2017 კორუფციის აღქმის ინდექსი აჩვენებს, რომ საქართველოს კარგ შედეგს ინარჩუნებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში; ხოლო რეპორტიორები საზღვრებს გარეშე მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსი აჩვენებს საქართველოს გაუმჯობესებულ მდგომარეობას. საქართველომ 64-ე ადგილიდან 2018 წელს 61-ე ადგილზე გადაინაცვლა პრესის თავისუფლების ინდექსით. მიუხედავად აღნიშნული სტატისტიკის გამოყენებისა, ევროპარლამენტი ყურადღებას ამახვილებს თავისუფალ და დამოუკიდებელ მასმედიის, მნიშვნელობაზე, როგორც ძირითადი დემოკრატიულ პრინციპებზე, ხაზს უსვამს მედიის პოლიტიზებას; იხსენებს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” გარშემო არსებულ პრობლემას.

მოხსენებას ყურადღების მიღმა არ დარჩენია საქართველოს კონსტიტუციურ რეფორმაზე ვენეციის კომისიის პოზიტიური შეფასება. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ევროპარლამენტი ეთანხმება, კომისიის დადებით შეფასებას, თუმცა წუხილს გამოთქვამს პროპორციული საარჩევნო სისტემის  სრულად განხორციელების გადადებას 2024 წლამდე; ევროპარლამენტი მიესალმა რამდენიმე კანონპროეტის დახვეწას, მათ შორის კანონი საჯარო სამსახურის შესახებ.

მთავარი მოწოდებები ევროპარლამენტიდან:

მიღწევებთან ერთად ანგარიშში საუბარია მთელ რიგ საკითხებზე, სადაც ნათლად ჩანს ევროპარლამენტის დამოკიდებულება და სურვილი გამოსწორდეს აღნიშნული ხარვეზები. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას განახორციელოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობრივი ინციდენტების მნიშვნელოვანი გამოძიება; ასევე საგულისხმოა, შემდეგი, მიუხედავად ზემოაღნიშნული დადებითი შეფასებისა კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ “ევროკავშირი აღიარებს საქართველოს მიღწევებს დაბალი და საშუალო დონის კორუფციასთან ბრძოლაში, რამაც კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი გააუმჯობესა, თუმცა მაღალი დონის ელიტური კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება. აღნიშნულ მუხლშივეა საუბარი მოწოდებაზე საქართველოს მთავრობის მისამართით, რომ ანტიკორუფციული სააგენტო უნდა იყოს დამოუკიდებელი ორგანო, თავისუფალი ყოველგვარი პოლიტიკური ჩარევებისგან (როგორც ჩანს, ევროპარლამენტი პოლიტიკური ჩარევის საფრთხეს ხედავს და მოწოდებაც აქცენტს ამაზე აკეთებს).

ევროპარლამენტს, არც შავი ზღვის უნივერსიტეტი და მის გარშემო არსებული პოლიტიკური კონტექსტი გამოჰპარვია. მიუხედავად იმისა, რომ სახელდობრ უნივერსიტეტი რეზოლუციიდან ჩასწორების შედეგად ამოღებულ იქნა, ანგარიშის ტექსტი სწორედ აღნიშნული უნივერსიტეტის გარშემო არსებულ ვითარებაზე მიუთითებს. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს ევროპული პრინციპებისა და სტანდარტების შესაბამისად.

აფგან მუხთარლის საკითხის გამოუძიებლობაც, სერიოზულ შეშფოთების საგანს წარმოადგენს ევროპელი პარტნიორებისთვის. ევროპარლამენტი მოუწოდებს მთავრობას სწრაფად მოხდეს საკითხის გამოძიება და არ დაუშვან მსგავსი მოვლენის განმეორება.

დასკვნა

როგორც ჩანს, ევროპარლამენტს არ გამოჰპარვია ბოლოდროს ქვეყანაში მიმდინარე აქტუალური საკითხები, რაც კიდევ უფრო უსვამს ხაზს საჭიროებას, მასქიმალურად შევინარჩუნოთ პარტნიორების თვალში მაღალი სტანდარტი და მთავრობის მიერ განხორციელებული თითოეული ქმედება შესაბამისობაში მოდიოდეს ევროპულ სტანდარტებთან. მიუხედავად იმისა, რომ მოხსენების ტექსტი და შემდგომი განცხადებებიც საქართველოს რეგიონალურ ჭრილში მოწინავე ქვეყნად ასახელებს, არ უნდა დავივიწყოთ, რომელი ქვეყნების რიგებში ვიმსახურებთ ამ პოზიციას. საქართველოს საბოლოო მიზნის მისაღწევად საკმარისი არაა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ჯგუფში ლიდერობა, სადაც ლიდერობისთვის არც თუ ისე ბევრი ქვეყანა მიილტვის. სამაგალითოდ თვითონ ევროკავშირის ქვეყნები (მაგ. ესტონეთი, სლოვაკეთი და ა. შ.) უნდა ავიღოთ და არა ავტორიტარული რეჟიმების მიერ მართული მეზობელი სახელმწიფოები.

შეჯამებისთვის, ტექსტი რასაკვირველია, გამსჭვალულია დიპლომატიური იდიომებით, რომელშიც აღნიშნულია, როგორც დადებითი ტენდენციები, ასევე ფაქტები, რომელიც სერიოზული შეშფოთების საგანია. პოლიტიკური მხარეების მიერ ცალკეული პუნქტების ამოღებით და არგუმენტებად გამოყენებით, ვერ მივიღებთ მთლიან სურათს. მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებები, კანონის დახვეწის პროცესი, გაუმჯობესებული ინდექსები სიმპათიებს იწვევს ევროპარლამენტარების მხრიდან, თუმცა ცალკეული პრობლემური შემთხვევები მთლიან სურათს სერიოზულად აზარალებს. მიუხედავად ვრცელი მოხსენებისა ევროპარლამენტიდან ძირითადი შეტყობინებები ელიტურ კორუფციაზე და კანონის უზენაესობაზე მოდის.  ტექსტში არსებული კონსტრუქციული კრიტიკა, სწორად გააზრების შემთხვევაში, პოზიტიურ გავლენას მოახდენს საქართველოში დემოკრატიული პროცესებისა და დამოუკიდებელი პოლიტიკური ინსტიტუტების განვითარების კუთხით.


*მარიამ გრიგალაშვილი – საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი

**წინამდებარე ბლოგი მომზადებულია პროექტის – “ევროპეიზაციასთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებისა და ახალგაზრდების ინფორმირებულობის ხელშეწყობა” – ფარგლებში.  პროექტი ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ საქართველოში ლიეტუვის საელჩო ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ გამოხატავდეს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის და საქართველოში ლიეტუვის საელჩო შეხედულებებს. 

, , , ,