13/06/2016 GIP

მკაცრი ნარკოპოლიტიკის ლაბირინთებში: რამდენად ეფექტურია რეპრესიული მიდგომები?

Author

სანდრო ხარაზაშვილი

სანდრო ხარაზაშვილი
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ახალგაზრდა ანალიტიკოსთა ქსელის წევრი

სამოქალაქო აქტივიზმი დემოკრატიზაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია და აუცილებელი ქვეყნის პროგრესისათვის. არასამთავრობო სექტორი დროთა განმავლობაში მეტად აქტიური ხდება და სამთავრობო პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენას სხვადასხვა გზებით ცდილობს. გამონაკლისი არც ნარკოპოლიტიკაა. დამოუკიდებელი პირები, ინტერეს ჯგუფები და არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად ცდილობენ ქვეყნის რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას.

2 ივნისს „თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის საწინააღმდეგოდ აქცია გამართა. ასევე, „2 ივნისის მოძრაობისა“ და სხვა არასამთავრობო გაერთიანებების ორგანიზებით თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში გაიმართა აქცია სახელწოდებით: „არ დაიჭირო!“. აქციების მთავარი მოთხოვნა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმება და ჰუმანური ნარკოპოლიტიკის შემუშავება იყო. მსგავსი მანიფესტაციები უკვე წლებია იმართება, თუმცა ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯები არ განხორციელებულა.

რეპრესიული ნარკოპოლიტიკა 2007 წელს, „ნარკოდანაშულის წინააღმდეგ ბრძოლის“ გამოცხადებითა და შესაბამისი კანონის მიღებით დაიწყო. ამ კანონის მიხედვით ნასამართლევ პირებს მრავალი უფლება და თავისუფლება ეზღუდებათ, უწევთ მაღალი ჯარიმების გადახდა და შემდგომში უჭირთ რესოციალიზაცია. ხელისუფლება ნაცვლად რეაბილიტაციისა, სრულ იზოლაციაში ამყოფებს ნარკოდამოკიდებულბს. ნარკომანიასთან ბრძოლის მსგავსი ფორმა არაეფექტურია და ხშირ შემთხვევაში,  ნარკომომხმარებლებისათვის ღირსებისა და პატივის შემლახავი.

2014 წლის 24 ივლისის გაეროს ანგარიშში საქართველოსადმი ერთ-ერთი რეკომენდაცია ნულოვანი ტოლერანტობის ნარკოპოლიტიკას ეხება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ნარკოტიკების მოხმარების კრიმინალიზაცია და საპროცესო შეთანხმების სისტემა გამოყენებულია წამალდამოკიდებული პირებისგან ფულის გამოძალვის მიზნით. ასევე, Human Rights Watch-ის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში გიორგი გოგია აცხადებს, რომ უკიდურესად მკაცრია ქართული ნარკოპოლიტიკა და მაღალია პირველადი მოხმარების შემთხვევაში ჯარიმა.

საქართველოში ნარკოპოლიტიკა ზედმეტად მკაცრი და არაეფექტურია. სახელმწიფო ამ პრობლემის მოგვრების ნაცვლად უბრალოდ მის მიჩქმალვას ახდენს, რაც დამატებით პრობლემებს წარმოშობს. საზოგადოებისგან სტიგმატიზირებული ნარკოდამოკიდებულების უფლბების დასაცავად არაფერი კეთდება, პირიქით ყოველ ნაბიჯზე ირღვევა. 2007 წლის კანონის მიხედვით ნარკოდანაშაულისთვის  ნასამართლევ პირებს, ავტომატურად 3-დან 20 წლამდე ვადით ერთმევათ არჩევნებში კენჭის ყრის უფლება, სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება, ისეთი პროფესიის ქონის უფლება როგორიცაა პედაგოგი, ადვოკატი და ექიმი.  ამ ყველაფერს  მასშტაბური ხასიათი აქვს.  მხოლოდ 2014 წელს, უფლებათა შეზღუდვა ნარკოტიკული დანაშაულისთვის ოთხი ათასამდე  ნასამართლევს შეეხო გიორგი კეკენაძე. 2016 წლის 30 მაისს, 22 წლის კოტე ჯაფარიძეს, 2 გრ. ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს იგივე ექსტზაზის ფლობის საფუძველზე აღუკვეთეს თავისუფლება 1 წლის განმავლობაში, ასევე დააკისრეს 25 000 ლარის ოდენობის ჯარიმა და 5 წლიანი პირობითი სასჯელი. რეპრესიულ ნარკოპოლიტიკამ იმსხვერპლა, ლევან აბზიანიძეც, რომელსაც შარმდენი იძულებით დაალევინეს, რასაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, გარდაცვალება მოჰყვა.

ნარკომანიასთან ბრძოლაში წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, ცხადი ხდება რომ ლიბერალური კანონმდებლობა ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე მკაცრი, რეპრესიული ხასიათის კანონმდებლობა. მაგალითად, პორტუგალიაში 2001 წელს ყველა ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შენახვისა და მოხმარების დეკრიმინალიზაცია მოხდა. დიდი თანხები ჩაიდო სარეაბილიტაციო პროგრამებში, რის შედეგადაც ნარკოტიკების მოხმარებით გარდაცვლილთა რიცხვი რადიკალურად შემცირდა და ასევე შემცირდა ინფექციური დაავადებების რიცხვი ნარკოდამოკიდებულთა შორის.

სახელმწიფო ნარკოდამოკიდებულების რეპრესიისა და სტიგმატიზირების ნაცვლად, მათ საზოგადოებაში ინტეგრირებასა და რეაბილიტაციაზე უნდა ზრუნავდეს. სწორედ ნარკოდამოკიდებულთა რეაბილიტაცია უნდა იყოს სახელმწიფოს პრიორიტეტი და არა მათი ბნელ საკნებში გადამალვა. სრულიად გაუმართლებელია, ნარკოდამოკიდებულს, რომელიც მსხვერპლია და არა დამნაშავე, კოლოსალური თანხა გამოსძალო და მეტიც, სრულიად ჩამოართვა რესოციალიზაციის საშუალება. არაჰუმანურია, მცირეოდენი, მსუბუქი ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების გამო სახელმწიფომ მოქალაქეებს წლების განმავლობაში ჩამოართვას თავისუფლების ფუნდამენტური უფლება, წაართვას სხვა მრავალი უფლება, როგორიცაა: სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო უფლება, საჯარო სამსახურში მუშაობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება და ა.შ, ამასთან ერთად, გადაახდევინოს საკმაოდ სოლიდური თანხა. ქართული ნარკოპოლიტიკა ყოველწლიურად ათასობით მოქალაქის ცხოვრებას ანადგურებს და უსპობს ნებისმიერ სამომავლო პერსპექტივას. ნებისმიერი მოქალაქე, ვისაც დემოკრატიულ ქვეყანაში სურს ცხოვრება, ვალდებულია წინ აღუდგეს სახელმწიფოს მხრიდან მსგავს პოლიტიკას და მოითხოვოს აუცილებელი ცვლილებები.

, , , , , ,