Author

28/11/2019 სალომე კანდელაკი

მორალი და კანონი ქართულ საერო და სასულიერო სივრცეებში: საეკლესიო პოლიტიკა თუ პოლიტიკური ეკლესია?

სალომე კანდელაკი

ციანიდის საქმის შემდეგ, საპატრიარქოს წიაღში არსებული კრიზისი  წლიდან წლამდე უფრო თვალსაჩინო ხდება. მაღალიერარქიის ორი სხვადასხვა წარმომადგენელი სასულიერო პირის ე.წ. „მხილებად თვითკვალიფიცირებულმა“ ჯერაც დაუსაბუთებელმა ბრალდებებმა, როგორც მმართველი პოლიტიკური ელიტის, ისე პატრიარქის მიმართ, საზოგადოებაში მრავალი კითხვის ნიშანი გააჩინა. საქმე ეხება მეუფე იაკობის მიერ პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის და ექს-პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის 3 წლის წინ  პატრიარქის გადაყენების მცდელობაში დადანაშაულებას.საგულისხმოა, რომ ბრალდებაზე პროკურატურას საქმე ჯერაც არ აღუძრავს და საკითხი ქორეპისკოპოსობის დათმობით, პატრიარქთან აღსარების ჩაბარებით და სინოდთან მიტევების თხოვნით ამოიწურა. თუმცა ამ მიზეზით საგანგებოდ ჩანიშნულ სინოდის კრებაზე, მეუფე პეტრეს მხრიდან პატრიარქის მამათმავლობით შეპყრობილობაში დადანაშაულებამ საკითხი მთლიანად გადაფარა, რასაც მეუფე პეტრეს მღვდელმთავრობიდან გადაყენება მოჰყვა. საგულისხმოა, რომ პატრიარქმა 17 ნოემბრის საკვირაო ქადაგებაში გაიხსენა ნაპოლეონის სიტყვები, რომლის მიხედვითაც „დიდებიდან სასაცილოობამდე ერთი ნაბიჯია“, რასაც მეუფე იაკობი დაეთანხმა და საკითხი პოლიტიკურ კონტექსტს დაუკავშირა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქადაგებიდან შემდგომ კვირას პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილი დალოცა, როგორც სამების ტაძრის განსაკუთრებული შემომწირველი, რამაც გააქარწყლა მოსაზრება იმის შესახებ, რომ პატრიარქის მიერ მოშველიებული ნაპოლეონის სიტყვები თითქოსდა მმართველ პოლიტიკურ ელიტას ეხებოდა. თუ რა გახდა სასულიერო პირების განცხადებების საფუძველი ფართო საზოგადოებისთვის უცნობია და შიდა საეკლესიო დავის საგნად რჩება. მიმდინარე საკითხმა მრავალი კითხვა წარმოშვა, მათ შორის, თუ სად გადის ზღვარი ცოდვისა და დანაშაულის კატეგორიებს შორის და რამდენად არის საქართველოში დაცული სეკულარიზმი.

ეკლესია, როგორც მორალური საზომი

მართლმადიდებელ ქვეყნებს შორის, ყველაზე მეტი ადამიანი (80%) საქართველოში მიიჩნევს, რომ საზოგადოების მორალურობას რელიგიური ინსტიტუტები ამყარებს. ფაქტია, რომ მართლმადიდებელი ეკლესია პოლიტიკური ელიტისთვის მიიჩნევა ანგარიშგასაწევ ძალად, რაზეც მოწმობს NDI-ის 2016 წლის გამოკითხვის შედეგები, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის 74% ხმას არ მისცემდა ისეთი პარტიის ლიდერს, რომელიც კრიტიკულ მოსაზრებას გამოთქვამდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მისამართით.

 

დიაგრამა 1 – ლიდერების მხარდაჭერა

წყარო: კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი, მონაცემები: NDI: საზოგადოების განწყობა საქართველოში, 2016 წლის მარტი

საგულისხმოა, რომ საქართველოში ფართო საზოგადოების განხილვის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხი და დაპირისპირების საგანი ძირითადად მორალური ხასიათის თემები ხდება ხოლმე, ვიდრე სხვა სოციალურ-პოლიტიკური პრობლემები, იმ ფონზეც კი, როდესაც მოსახლეობის უმეტესობა უმთავრეს გამოწვევად უმუშევრობასა და ინფლაციას მიიჩნევს. საქართველოს უახლეს ისტორიაში არსებობს ბევრი მაგალითი იმისა, რომ მასების მართვა და მათ განწყობებზე ზემოქმედება მორალური და ღირებულებითი საკითხებით არის შესაძლებელი. მაგალითისთვის შეიძლება, გავიხსენოთ 2012 წლის საპროტესტო ტალღა, რაც ციხეში პატიმრების წამების ფაქტს მოჰყვა და რამაც ხელისუფლების ცვლილებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, ან 2013 წლის 17 მაისი, როდესაც ლგბტ თემმა პირველად გადაწყვიტა ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციის გამართვა, რასაც სასულიერი პირები მრევლთან ერთად ღიად  დაუპირისპირდნენ. რამდენად შეიძლება, ეკლესიაში არსებული კრიზისი ფართო საზოგადოების პროტესტის მიზეზი და ეკლესიის, როგორც ინსტიტუტის, მიმართ უარყოფითი განწყობის საფუძველი გახდეს, რთულად პროგნოზირებადია. სამი წლის წინ ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ თუნდაც დაბალი იერარქიის წარმომადგენელი მღვდელი გამხდარიყო ფართო საზოგადოების კრიტიკის ობიექტი. თუმცა, ფაქტია, რომ ბოლო სამი წლის მანძილზე ეკლესიის, როგორც ინსტიტუციის, მიმართ დამოკიდებულება საგრძნობლად შეიცვალა. მაშინ როდესაც 2015 წელს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას მოსახლეობის 75%- აფასებდა დადებითად, ციანიდის მოვლენების შემდეგ, კერძოდ 2018 წლის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი მხოლოდ 56% შეადგენდა, თუმცა 2019 წლისთვის ის ნელ-ნელა ისევ პოზიტიურობისკენ შეიცვალა. ყურადღებასაღებია, IRI-ის 2019 წლის ნოემბრის კვლევა, რომლის თანახმადაც მოსახლეობის ინსტიტუტების მიმართ ნდობის პროცენტული მაჩვენებლით მართლმადიდებელმა ეკლესიამ 85%-ით მეორე ადგილზე გადაინაცვლა, რისი პრეცენდენტიც აქამდე არ ყოფილა.   

დიაგრამა 2: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობის შეფასება

წყარო: კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი,  მონაცემები: NDI:  საზოგადოების განწყობა საქართველოში, 2015 წლის აპრილი და 2019 წლის ივლისი

 

ჰომოფობია, როგორც პოლიტიკური და რელიგიური ბრძოლის ინსტრუმენტი

ეკლესიაში არსებული ჰომოფობიური განწყობები და სექსუალური უმცირესობების უფლებების მიმართ არსებული დაბალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა, რომელიც მხოლოდ 27%ს შეადგენს, პოლიტიკოსთა უმეტესობის ფრთხილ მიდგომებსა და პოპულისტურ განცხადებებზეც აისახება. ჰომოფობიის პოლიტიკურმა ინსტრუმენტალიზებამ უფრო ღრმა მორალური და სამართლებრივი ხასიათის კითხვებიც წარმოშვა. კერძოდ, გაჩნდა იმის ფიქრის საფუძველი, რომ „პედარასტიის მხილებამ“ მეორე პლანზე გადაიყვანა იმ მასშტაბის საკითხები, როგორიცაა პედოფილია და ძალმომრეობა, რომელიც პოტენციურად სისხლის სამართლის დანაშაულის ელემენტების შემცველია. გარემოებათა ეს განვითარება შესაძლებელი გახადა სწორედ ჰომოსექსუალობის ირგვლივ არსებულმა შეხედულებებმა და სოციალურმა პანიკამ. სინოდის ბოლო სხდომიდან მოყოლებული, ტელევიზიით რამდენჯერმე გაისმა მაღალი იერარქიის წარმომადგენელი სხვადასხვა სასულიერო პირის „მხილებები“ მამაკაცებზე სექსუალურ ძალადობაში. ამას ემატება ისიც, რომ მოულოდნელად გარდაიცვალა საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი იასონი წამალაიძე, ეკლესიის მაღალმესვეურთა ჰომოსექსუალობაში მამხილებელი მეუფე ქრისტეფორეს ვაჟი, რომელიც თავად ცნობილი იყო ეკლესიის იმავე მიმართულებით კრიტიკაში. მეუფე ქრისტეფორეს თქმით, მათ მხოლოდ სინოდის წევრები ემუქრებიან, მაგრამ „ვერ იტყვის რაიმე კავშირი არსებობს თუ არა მათ წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლასა და შვილის გარდაცვალებას შორის“, რისი დადგენაც სათანადო გამოძიების გარეშე შეუძლებელია. საგულისხმოა, რომ სექსუალურ ძალადობაში მხილებების დროს აქცენტი ყოველთვის კეთდება ერთსა და იმავე სქესის წარმომადგენელთა შორის კავშირზე. გარდა ამისა, არ ხდება ცოდვისა და დანაშაულის გამიჯვნა, რაც, ერთი მხრივ,  საეკლესიო დოქტრინის, მეორე მხრივ, კი საერო სამართლის დარღვევას წარმოადგენს, რაც, წესით, გამოძიების საგანი უნდა იყოს. სწორედ იმის გამო, რომ ქვეყანაში არ არის ნათლად გავლებული ზღვარი სახელმწიფოსა და ეკლესიის კომპეტენციებს შორის, ვერც ერთი ინსტიტუტი ვერ ახერხებს აღნიშნული კრიზისიდან გამოსვლას.

 

მართლმადიდებელი ეკლესიის ძალაუფლების სამართლებრივი საფუძვლები

მართლმადიდებელი ეკლესია ერთადერთი რელიგიური დენომინაციაა, რომელსაც  კონსტიტუციური დონის შეთანხმება – კონკორდატი აქვს გაფორმებული სახელმწიფოსთან,  რის საფუძველზეც ის არაერთი ფინანსური თუ სოციალური პრივილეგიით სარგებლობს. ეკლესიის პრივილეგია თუნდაც იმაში გამოიხატება, რომ მაშინაც კი, როდესაც ეკლესიის შიგნით მიმდინარე მოვლენები თეორიულადაც და პრაქტიკულადაც მის წიაღს ცდება, ეკლესიის ნებართვის გარეშე, თითქმის, გამორიცხულია სახელმწიფოს ჩარევა. მაგალითად, შეგვიძლია, მოვიყვანოთ მამა იაკობის ბრალდებები ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, რომელიც უდაოდ გამოძიების საგანი გახდებოდა, რომ არა ეკლესიის პრივილეგირებული როლი. ასევე მამა გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხი, რაც პრეზიდენტის დონეზე განხილვის საგანი ვერ გახდა, მანამ სანამ ეკლესიამ არ ისურვა და პრეზიდენტს მის შესაწყალებლად შუამდგომლობით არ მიმართა. გარდა ამისა,  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პირდაპირ თუ ირიბად რეგულარულად ერთვება პოლიტიკურ ცხოვრებაში საზოგადოებაში დომინანტური აზრის გასავრცელებლად, რისი ერთ-ერთი ნათელი მაგალითია კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის, შესახებ საკითხის პოლიტიკურ დონეზე ირიბი ლობირება, რომელიც საბოლოოდ 30-ე მუხლის სახით შევიდა კონსტიტუციაში. ეკლესიის პოლიტიკაში ამგვარი ჩარევა წინააღმდეგობაში მოდის სეკულარულ და დემოკრატიულ პრინციპებთან, რისი პრევენციის საშუალებასაც  „კონკორდატი“ ვერ იძლევა. ეს კი საკმარისი საფუძველია იმისა, რომ მოცემული დოკუმენტი გადახედვის საგანი გახდეს. გარდა ამისა, ეკლესიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ბუნდოვანმა გამიჯვნამ, მათ შორის ძალაუფლებრივი ურთიერთობების აღრევა გამოიწვია. ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოს ხელი შეეწყო შექმნილიყო კონსტრუქციული დიალოგის ფორმატი დაპირისპირებულ ლიბერალურ ჯგუფებსა და ჰომოფობიური განწყობების მქონე ჯგუფებს შორის, რომლებიც რელიგიას ფარად იყენებენ, ის დაპირისპირების აღმოსაფხვრელად მხოლოდ შემაკავებელ მექანიზმს მიმართავდა, რამაც საზოგადოების კიდევ უფრო მეტად პოლარიზება მოახდინა.  თუმცა ბოლო დროინდელმა მოვლენებმა თავად ეკლესიაშიც კი ფრაგმენტაცია გამოიწვია და მისი წევრების მიერ წლების განმავლობაში გამოყენებული ჰომოფობიური მახვილი მისივე განგმირვის იარაღად აქცია. აქამდე თუ საკმარისი იყო, რომ ჰომოფობიურ და ლიბერალურ ჯგუფებს შორის დაპირისპირების ასაცილებლად ხელისუფლებას პოლიციის კორდონი ჩაეყენებინა, ახლა სიტუაცია უფრო კომპლექსური გახდა, რადგან საპატრიარქოში არსებული დაპირისპირების თავიდან არიდება სახელმწიფო ინსტიტუტების კომპეტენციას ცდება.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 31 ოქტომბრის სინოდის კრების შემდეგ პატრიარქს ერთმანეთის მიყოლებით შეხვდნენ და მორალური მხარდაჭერა აღუთქვეს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გახარიამ და ქართული ოცნების თავმჯდომარე ივანიშვილმა. თუმცა მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. საპატრიარქოს ინფორმაციით, ივანიშვილმა ყურადღება გაამახვილა ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე შეტევაზე, როგორც თავად სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაზე. გარდა ამისა, 3 ნოემბერს გაიმართა პატრიარქის მხარდასაჭერი მსვლელობა სამებისკენ, რამაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პატრიარქის როლსა და ძალაუფლებას.  მართლმადიდებელი ეკლესიის და თავად პატრიარქის საზოგადოებაზე დიდი გავლენის გათვალისწინებით, გამორიცხული არ არის, რომ კრიზისით ბოროტად ისარგებლონ რელიგიურ გრძნობებზე მოთამაშე, ჰომოფობიური განწყობებით გამორჩეულმა ძალებმა. საგულისხმოა, რომ ისინი პროტესტს მხოლოდ ჰომოფობიურ ნიადაგზე გამოთქვამენ ხოლმე, მაშინ როდესაც ე. წ. „პედარასტიას“ ეხება საკითხი. როდესაც იგივე ბრალდებით საქმე ეკლესიას შეეხო, მათ თემა სრულიად უგულვებელყვეს. თუმცა ყურადსაღებია ის ფაქტი,  რომ „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძეც კი საუბრობს ეკლესიის შიგნით არსებულ შორენას, ჯაღმაიძის, პეტრესა და სხვების კლანებზე და სინოდის წევრების ნაწილს ავაზაკებად მოიხსენიებს. ბრეგაძე მათ გაწვევასა და მათი პატიოსანი ბერებით ჩანაცვლებას მოითხოვს. პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი კი პეტრე ცაავას „თავ-ყბის დალეწვით“ დაემუქრა. საინტერესო ის არის, რომ ამ ძალებს არც კი დაუშვიათ რომ პეტრე ცაავას განცხადება ავთენტური ყოფილიყო. მეტიც, პატრიარქს მხარდაჭერა ლიბერალურ წრეშიც ბევრმა გამოუცხადა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ პატრიარქის ავტორიტეტი ყველაზე მაღლა დგას. ისევე როგორც პოლიტიკურ ცხოვრებაში, სასულიერო სფეროშიც ხალხის რწმენას და ერთობას ლიდერების სახით პიროვნებები ამყარებენ და არა ღირებულებები. შესაბამისად, საფუძველს არ არის მოკლებული ის მოსაზრება, რომლის თანახმადაც პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ეკლესიის საზოგადოებრივი გავლენა კიდევ უფრო შესუსტდება, რამაც, შესაძლოა, დააჩქაროს სეკულარიზაციის პროცესი. თუმცა სახელმწიფოს და ეკლესიის ორმხრივი დამოკიდებულების ფონზე რთულად სათქმელია, თუ ვის შეიძლება, აძლევდეს ხელს მოვლენათა ამგვარად განვითარება, მით უფრო მაშინ, როდესაც პოლიტიკური ელიტა ხშირად ცდილობს ეკლესიის გავლით ელექტორატის მობილიზებას, ხოლო ეკლესია,  ნაწილობრივ, დამოკიდებულია სახელმწიფოს მხრიდან საბიუჯეტო დაფინანსებაზე და სარგებლობს ბიზნესის გამარტივებულად წარმოების პრივილეგიით. 

საბოლოოდ, აშკარაა, რომ ეკლესიაში მიმდინარეობს ბრძოლა გავლენებისა და ძალაუფლების მოპოვებისთვის, სადაც ბრძოლის ერთ-ერთ უმთავრეს ინსტრუმენტად ჰომოფობია გამოიყენება. მიმდინარე მოვლენებმა ცხადყო, თუ რაოდენ სუსტია თანამედროვე საქართველოში სეკულარული პოლიტიკური კულტურა. დღეს სრულიად აღრეულია ცოდვისა და დანაშაულის კატეგორიები, ბრალდებისა და მხილების ცნებები, ისევე როგორც სახელმწიფოსა და ეკლესიის კომპეტენციები. თანამედროვე საქართველოში სამართლებრივ პოლიტიკურ აზროვნებას კვლავაც ჯაბნის ღირსების პოლიტიკური ენა და არგუმენტი. მგავსმა აღრევებმა, შედეგად, დაჯაბნა სახელმწიფოებრივი ეთიკა და გონივრული სამართლებრივი პროცესი, რაც უარყოფითად აისახება სეკულარული პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებაზე საქართველოში. ამასვე მოწმობს პოლიტიკური აქტორების განცხადებები, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში არა სახელმწიფოებრივი პრიზმიდან ამოდიოდა და გონივრული სამართლებრივი პროცესის დაცვას მოითხოვდა, არამედ პატრიარქისადმი სენტიმენტების გამოხატვით შემოიფარგლებოდა. თუმცა, იმავე დროს ცხადია ისიც, რომ არსებული კრიზისი, შესაძლოა, ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობების კრიტიკული გადააზრების საშუალება გახდეს და კონკორდატის გადახედვის საფუძველიც შექმნას.


სალომე კანდელაკი – საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის უმცროსი ანალიტიკოსი

, , , , , , , , , , , , , ,