16/07/2021 keta

საქართველოში ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩართულობა

პოლიტიკის დოკუმენტი მომზადდა “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო თემატური ჯგუფის –  ახალგაზრდების პოლიტიკური ჩართულობა მიერ.  პროექტი ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით და CRRC საქართველოსთან პარტნიორობით.

სამუშაო თემატური ჯგუფის წევრები: სალომე წერეთელი, ლარისა ნაჭყებია, გიორგი ლაზარიაშვილი, ნინო ქავთარაძე, დაჩი შანიძე, ჯემალ ვანაძე, ანი გოგიშვილი, დავით ესათია.

აღნიშნულ პოლიტიკის დოკუმენტში გაანალიზებულია ახალგაზრდების ჩართულობა პოლიტიკაში საქართველოში და მასთან დაკავშირებული დადებითი და უარყოფითი მხარეები. დეტალურად განხილული და შედარებულია საქართველოსა და ესტონეთის გამოცდილება ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით.

ესტონეთი, ახალგაზრდების ჩართულობის კუთხით, ევროკავშირის მოწინავე ქვეყანაა, რომელმაც ინკლუზიურობის მაღალ ხარისხს ქმედითი სტრატეგიითა და აღსრულების ეფექტური მექანიზმებით მიაღწია. წინამდებარე დოკუმენტში არის ცდა იმ ხარვეზების ნათლად გამოკვეთისა, რომლებიც საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის ეფექტურ განხორციელებას უშლის ხელს. ასევე, დოკუმენტში მკითხველისათვის შეთავაზებულია ესტონური მიდგომები, როგორც გამოსავალი საქართველოსათვის. მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩართვისათვის აქტიური მუშაობა დაიწყოს. თუმცა, მანამდე აუცილებელია რამდენიმე მნიშვნელოვან გამოწვევასთან გამკლავება, რომელთა მიზეზიც ახალგაზრდების ცნობიერების დაბალი დონე და ინფორმაციული ვაკუუმია.

გარდა ამისა, თავისუფალი არ არის საუნივერსიტეტო სივრცე, რომელიც პირველ რიგში უნდა უზრუნველყოფდეს ახალგაზრდების პოლიტიკურ გააქტიურებას. ქართულმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ საუნივერსიტეტო სივრცეები თვითმმართველობის მხრიდან პოლიტიკურად მონოპოლიზებულია, რაც ხელს უშლის საგანმანათლებლო სივრცეებში კონკურენციისა და ჯანსაღი გარემოს შექმნას. ასევე, ქვეყანაში ახალგაზრდების დასაქმებისა და მათი ეკონომიკური დამოუკიდებლობის მაჩვენებელი არასახარბიელოა, რაც პირდაპირ აისახება მათ პოლიტიკაში ჩართულობაზე. აქედან გამომდინარე, ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩართულობა იწყება სახელმწიფოს მიერ თითოეული ახალგაზრდის მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილებით.

იხილეთ დოკუმენტი: საქართველოში ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩართულობა

, ,