GEODEM2021 კონფერენციის ანგარიში – საზოგადოებრივი გამოკითხვები, არჩევნები დაპოპულიზმი: რატომ არ ვენდობით პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში?

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მოუმწიფებლობა და არაპროგნოზირებადობა კვლავ ქართული პოლიტიკის მთავარ მახასიათებლებს წარმოადგენს. მიუხედავად არსებული იმედისა, რომ საქართველო განაგრძობდა სვლას კონსოლიდირებული ლიბერალური დემოკრატიისკენ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა კიდევ ერთხელ გამოააშკარავა ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესის ნაკლოვანებები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების სტანდარტების დაუცველობის თვალსაზრისით. ქართულ პოლიტიკას, ქვეყნის დამოუკიდებლობის 30 წლის თავზე, კვლავ აწუხებს ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნების შედეგების მიუღებლობა, პოლიტიკური მიზნებისათვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, არათანაბარი პოლიტიკური გარემო და საარჩევნო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობა.

საარჩევნო პროცესებისადმი საზოგადოებისა და პოლიტიკური ელიტის დაბალი ნდობის ფონზე, მნიშვნელოვანი საკითხია საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები საქართველოში. გასული წლის საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ ეს, იდეალურ შემთხვევაში, ობიექტური სოციოლოგიური ინსტრუმენტი, შესაძლოა, პოლიტიკურ ინსტრუმენტადაც იქნეს გამოყენებული. გარდა ამისა, ხშირად მმართველი ძალისა და ოპოზიციის წარმომადგენელი პოლიტიკოსები იმ კვლევების დისკრედიტაციას უწყობენ ხელს, რომელთაც მათთვის პოლიტიკური სარგებელი ვერ მოაქვთ. ეს ტენდენცია კიდევ უფრო დიდ უფსკრულს ქმნის საზოგადოებასა და იმ ინსტიტუტებს შორის, რომლებიც დემოკრატიის ფუნქციონირების აუცილებელ პირობას წარმოადგენენ.

დემოკრატიზაციის პროცესებზე დისკუსიისას, აუცილებელია, დავაკვირდეთ რეგიონულ კონტექსტს და პოპულისტური ნაციონალიზმისა და ევროსკეპტიციზმის ნეგატიურ გავლენას. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ქვეყანას – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას აქვთ მსგავსი მიზნები და აწყდებიან მსგავს დაბრკოლებებს. განვითარებული დემოკრატიებისგან განსხვავებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ნაციონალისტური პოპულიზმის გამოწვევები ხშირად ერწყმის ისეთ არანაკლებ მნიშვნელოვან პრობლემებს, როგორიცაა, კარგ მმართველობასა და დემოკრატიულ ინსტიტუციებში არსებული ხარვეზები. ამიტომ, კონფერენციის ფარგლებში განხილულია, თუ რამდენად წარმოადგენს ნაციონალისტური პოპულიზმი სამი ასოცირებული ქვეყნის დემოკრატიზაციისა და ევროპეიზაციის მთავარ გამოწვევას და როგორ ურთიერთქმედებს ის მმართველობისა და დემოკრატიული განვითარების სხვა პრობლემებთან. 

აღნიშნული საკითხები დემოკრატიის მე-6 ყოველწლიური კონფერენციის პანელების საკვანძო თემებს წარმოადგენდა. კონფერენცია გახსნა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა პროფესორმა კორნელი კაკაჩიამ, ხოლო მესამე პანელს ხელმძღვანელობდა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე რენატა სკარჯუტეკერესელიძე. კონფერენციაში მონაწილეობდნენ მოდერატორები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გია ნოდია, USAID-ის დემოკრატიის, მმართველობის და სოციალური განვითარების ოფისის ხელმძღვანელი ადამ შმიდტი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი დოქტორი შტეფან მაისტერი და მომხსენებლები: პოლიტიკის მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ქუინს კოლეჯში ჯული ჯორჯი, ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) პოლიტიკური მეცნიერების დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი ქეთევან ბოლქვაძე, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) აღმასრულებელი დირექტორი ლევან ცუცქირიძე, Civil.ge-ის დამფუძნებელი ჯაბა დევდარიანი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პროგრამის დირექტორი ჯონ დიპირო, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მისიის დირექტორი საქართველოში ალან გილამი, Edison Research-ის ვიცე-პრეზიდენტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში და ვაშინგტონის ფილიალის ხელმძღვანელი დოქტორი ნინო ჯაფარიძე, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე, ახალი ევროპის ცენტრის (კიევი) ასოცირებული მკვლევარი ანნა მედვედევა, ოსლოს უნივერსიტეტისა და ექსტრემიზმის კვლევის ცენტრის დოქტორანტი პოლიტიკურ მეცნიერებაში თამთა გელაშვილი და იუსტუს-ლიბიგის უნივერსიტეტის (გერმანია) პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევარი დენის ცენუზა.

 

ნახვა გადმოწერა

 

 

Related Posts