GIP-მ მონაწილეობა მიიღო “ევროპული პოლიტიკის ცენტრის (EPC)” პოლიტიკურ დიალოგში

21 აპრილს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფ. კორნელი კაკაჩიამ, ევროპარლამენტარ მარინა კალიუნრადთან ერთად მონაწილეობა მიიღო ბრიუსელში მდებარე “ევროპული პოლიტიკის ცენტრის” მიერ გამართულ ვებინარში სახელწოდებით: “საქართველოს პოლიტიკური კრიზისი და ევროკავშირის რეაგირების ეფექტურობა. რა იქნება შემდეგ”.

დისკუსიის პირველი ნაწილი შეეხო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას. კორნელი კაკაჩიამ განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ მიღწეულმა შეთანხმებამ სიტუაცია შედარებით განმუხტა, თუმცა აუცილებელია, რომ გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები და სასურველია, რომ ამ შეთანხმების მონაწილე გახდეს ყველა პოლიტიკური პარტია საქართველოში.

“არჩევნების შემდგომი პერიოდი საქართველოში საკმაოდ რთული იყო. წინა კვირას, პოლიტიკური პარტიების უმრავლესობამ პასუხისმგებლობა აიღო და ხელი მოაწერა მედიატორების მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს. ამგვარი შედეგის დადგომა ექვსი თვის წინ არ იყო მოსალოდნელი, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მედიაციის დამსახურებით, შეთანხმება შედგა. მიუხედავად შეთანხმებისა, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ პარტიებთან კომუნიკაციაკვლავ შენარჩუნდეს იმისათვის, რომ წინსვლა გაგრძელდეს. ეს კი შესაძლოა მოხდეს ჟან-მონეს დიალოგის ფარგლებში, რომელიც ევროპარლამენტარებმა შესთავაზეს პარტიებს.”

იმ პარტიების შესახებ კი რომლებსაც შეთანხმების დოკუმენტისთვის ხელი ჯერ არ მოუწერიათ, კორნელი კაკაჩია აღნიშნავს:

“მიუხედავად იმისა, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში პრაგმატული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და ისინიც შეუერთდებიან შეთანხმებას. მიუხედავად უშუალოდ პარტიებში არსებული აზრთა სხვადასხვაობისა, ეს თავად მათ ინტერესებშია, რათა შემდგომი არჩევნებისათვის უკეთ შეძლონ ამომრჩევლის მობილიზება”.

პროფესორმა კორნელი კაკაჩიამ ასევე გამოთქვა მოსაზრება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით:

“როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროინტეგრაციასა და ქვეყნის დასავლურ კურსზე, ჩვენ ვსაუბრობთ არამხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებაზე, არამედ ნატოსთან არსებულ ურთიერთობებზე. მნიშვნელოვანია, რომ მოლოდინები იყოს რეალური და არ იყოს გადაჭარბებული. ქვეყანას ევროპული პერსპექტივა სჭირდება, მათ შორის იმისათვის, რომ განახორციელოს ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა. აუცილებელია ურთიერთობების ახალი ჩარჩო, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება. კარგი იქნება ევროკავშირმაც გადადგას ისეთი ნაბიჯი, როგორიც  ნატო 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე გადადგა. ის პერსპექტივა რომ საქართველო ერთ დღესაც ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება, დადებითად აისახება ქვეყნის მოსახლეობის დამოკიდებულებებზე და რუსულ პროპაგანდასაც გასცემს გარკვეულ პასუხს.

შეხვედრის დასასრულს, GIP-ის დირექტორმა  თქვა, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს ევროინტეგრაციის გზაზე სვლა.

Related Posts