22/06/2021 keta

ბალკანეთი და აღმოსავლეთ ევროპა: ახალი ბიძგი ასოცირებული ქვეყნების ევროინტეგრაციისთვის – ანგარიშის პრეზენტაცია

21 ივნისს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP), ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (CEPS) თანამშრომლობით, გამართა ანგარიშის პრეზენტაცია – „ბალკანეთი და აღმოსავლეთ ევროპა: ახალი ბიძგი ასოცირებული ქვეყნების ევროინტეგრაციისთვის“.

ანგარიში, რომელიც ორგანიზაცია CEPS-მა (ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრი) გამოაქვეყნა, ერთმანეთს ადარებს ევროინტეგრაციის პროცესს ბალკანეთსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. კვლევა ერთგვარ ადვოკატირებას უწევს ახალ შესაძლებლობებს ამ ორი რეგიონისა და ასოცირებული ქვეყნების ევროინტეგრაციის პროცესის გასაძლიერებლად. ევროკავშირის როგორც გაფართოების, ისე მისი სამეზობლო პოლიტიკა, საუკეთესო შემთხვევაში, სტაგნაციას განიცდის. ევროპულ ნორმებთან და ღირებულებებთან შესაბამისი რეფორმების განხორციელებისთვის წარმოდგენილი სტიმულები ან ძალიან სუსტია ან გაურკვეველი. კვლევა გვთავაზობს „მეტი მეტისთვის“ პრინციპის გაძლიერებას, რომელიც განისაზღვრება ასოცირებული ქვეყნების მიერ ევროკავშირთან ურთიერთობის სხვადასხვა ასპექტებში მიღწეული წარმატების ხარისხის კვალდაკვალ. წარმოდგენილ ანგარიშში, მთავარი შემოთავაზებული სიახლე კი არის ის, რომ არსებულ სექტორულ და ფუნქციურ ინტეგრაციასთან ერთად, ევროკავშირმა უნდა უზრუნველყოს ნაწილობრივი და პროგრესული ინსტიტუციონალური ინტეგრაციის შესაძლებლობა, ასოცირებული ქვეყნების მიერ გაწეული ძალისხმევების გათვალისწინებით. ეს არის უფრო კონსტრუქციული მიდგომა, ვიდრე ევროკავშირში მიღების ახლანდელი მეთოდი, რომელიც „ყველაფერი ან არაფერი“ პრინციპით განისაზღვრება.

პრეზენტაციას მოდერაცია გაუწია სტეფან მაისტერმა, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი, სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისი.

პრეზენტაციაზე შესავალი ანდრიუს კუბილიუსმა, ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა და პროფ. კორნელი კაკაჩიამ, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა გააკეთეს.

“რასაც CEPS-ი გვთავაზობს, ეს არის ერთი ნაბიჯით უკან დახევა და ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტის, „რომანო პროდის ფორმულის“ გამოყენება – ყველაფერი გარდა ოფიციალური წევრობისა. ეს საინტერესო ფორმულაა, რომელიც შესაძლოა, მიზანის მიღწევაში დაგვეხმაროს და მისაღები იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის“, – ანდრიუს კუბილიუსი

თავად ანგარიში CEPS-ის მკვლევრებმა – მაიკლ ემერსონმა და თინათინ ახლვლედიანმა წარადგინეს.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ, თემაზე კომენტარები გააკეთეს მაკა ბოჭორიშვილმა (პარლამენტის წევრი, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე), სალომე შაფაქიძემ (ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო) და ვანო ჩხიკვაძემ (ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ღია საზოგადოების ფონდი).

“ევროკავშირმა უნდა ჩამოაყალიბოს ის მთავარი მიზნები და ამოცანები, რისი მიღწევაც სურს. ჩვენ უნდა ვდისტანცირდეთ არსებული დოქტრინისგან „ ყველაფერი ან არაფერი“ და მივისწრაფვოდეთ მონაწილეობის პროგესული სისტემისკენ თითოეულ ინსტიტუციაში, ინდივიდუალური პრობლემისა და კონტექსტის გათვალისწინებით“, – მაიკლ ემერსონი.
“თუკი საქართველოს მოწინავე კანდიდატ ქვეყნებს შევადარებთ, დავინახავთ მნიშვნელოვან ჩავარდნებს, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ სფეროში“, – თინათინ ახლვლედიანი.
“CEPS-ის მიერ შემოთავაზებული მიდგომა, შეიცავს რისკებს და ქმნის დამატებით ბარიერებს ევროინტეგრაციისთვის. ამ რისკებს ვერ განვიხილავთ, როგორც ალტერნატივას. ჩვენ გვჭირდება ახალი სტიმული და ეს კარგი პლატფორმაა ამისთვის“ , – მაკა ბოჭორიშვილი.
“კონფერენცია ევროპის მომავლის შესახებ უკვე დაიწყო, სადაც ჩვენი რეგიონი არა მარტო განხილული იქნება, არამედ, ჩვენც აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ მასში“, – სალომე შაფაქიძე.
“ევროკავშირის მოქალაქეებისთვის, ისევე როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეებისთვის, მნიშვნელოვანია ის, რომ ევროპა, როგორც იდეა კვლავ შთამაგონებელი და სასიკეთო ცვლილებების მომტანი იყოს ევროკავშირის სამეზობლოში“, – ვანო ჩხიკვაძე.

პრეზენტაციას მოჰყვა კითხვა-პასუხის სესია და დისკუსია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ექსპერტებთან.

ღონისძიება ჩატარდება ონლაინ, ZOOM-ში, ინგლისურ ენაზე.

გაეცანით ანგარიშის მოკლე შეჯამებას civil.ge -ზე

Facebook Event >>

, , , , ,