28/11/2017 GIP

დასავლეთ ბალკანეთის ევროპული გზა და მისი მნიშვნელობა საქართველოსთვის

Author

თორნიკე ცირამუა

თორნიკე ცირამუა*

იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს, უმნიშვნელოვანესია კონკრეტული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ევროკავშირთან ინტეგრაციის მსგავს დონეს იზიარებდნენ,  დღეს კი უკვე ასპირანტი ქვეყნის სტატუსით სარგებლობენ.

2004 და 2007 წლებში აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოთა და სლოვენიის ინტეგრაციამ, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის პრეცედენტი და სტიმული გააჩინა. დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოთა გეოგრაფიული მდებარეობა,  პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები იუგოსლავიის დაშლის შემდგომ, ნათელი და ხელშესახები აღმოჩნდა დანარჩენ ევროპასთან დაახლოების კუთხით. სერბეთი, მონტენეგრო, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია, ბოსნია-ჰერცეგოვინა და კოსოვო ევროკავშირის ოფიციალური და პოტენციური კანდიდატი ქვეყნები არიან.

ხორვატიის რესპუბლიკის 2013 წლის 1 ივლისს გაწევრიანების შემდეგ, ევროკავშირმა „კარგი მმართველობის“ კრიტერიუმზე ყურადღება გაზარდა. ანალოგიური დღის წესრიგი არის ევროკავშირსა და  დასავლეთ ბალკანეთის დანარჩენ სახელმწიფოებთან. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების სტრუქტული რეფორმების მიზნით ევროკავშირმა გაწევრიანების პაკეტები შექმნა, რომელიც 190 მილიონ ევროზე მეტ სუბსიდიას ითვალისწინებს. ბალკანეთის ქვეყნების ასეთი პროგრესის მიუხედავად დროდადრო თავი იჩინა, რიგმა გამოწვევებმა და პრობლემებმა.

რა გამოწვევები არსებობს ბალკანეთის ევროპული ინტეგრაციის გზაზე?

დასავლეთ ბალკანეთის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში ყველაზე დიდი პრობლემები შესაძლებელია სამ ჯგუფად კლასიფიცირდეს:

  1. საერთო პრობლემები – ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, ეთნიკური უმცირესობების უფლებები, კორუფცია და ორგანიზებული დანაშაული;
  2. სპეციფიკური პრობლემები – მაკედონიის რესპუბლიკაში, კოსოვოში და ბოსნია-ჰერცეგოვინაში შიდა ეთნო-ნაციონალისტური რყევები;
  3. საგარეო პრობლემებიევროპის მიგრაციული კრიზისი, “BREXIT” და რუსეთის ფედერაციის დასავლეთ ბალკანურ ქვეყნებში გავლენების ზრდა;

ასეთმა მოცემულობამ ხელი შეუწყო სახელმწიფოთა პროგრესის შენელებასა და საზოგადოებაში ევროსკეპტიციზმის ზრდას. გარდა ამისა, ევროკავშირში შიდა რყევები, შემდგომ მიგრაციული კრიზისი და დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება ევროკავშირიდან გასვლის შესახებ იმპულსური აღმოჩნდა დასავლეთ ბალკანეთში ევროსკეპტიციზმის ზრდისთვის. რეგიონში კვლავ არსებობს პოსტკონფლიქტური შუქ-ჩრდილები, რაც რიგ ქვეყნებზე უარყოფითად აისახება.

ამდენად, რეგიონის წინაშე არსებული სხვადასხვა გამოწვევების ფონზე, რთულია ერთიან რეცეპტზე შეჯერება, მაგრამ სასურველია, რეგიონში ევროკავშირის მნიშვნელობის ზრდა. ამ მხრივ კი, ევროპის მხრიდან ეტაპობრივი პროგრესი და მხარდაჭერა მისასალმებელი ნაბიჯი იქნებოდა. ევროკომიის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის მიერ სერბეთისა და მონტენეგროს 2025 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განცხადება და სოფიაში მოახლოებული დასავლეთ ბალკანეთის სამიტი შესაძლოა კარგი სტიმული აღმოჩნდეს რეგიონის ქვეყნებისთვის.

საქართველოს საგარეო ურთიერთობების პერსპექტივები დასავლეთ ბალკანეთთან

საინტერესოა დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დღევანდელი მდგომარეობა და საგარეო ურთიერთობების პერსპექტივები. დღეს ბალკანურ სახელმწიფოთა უმეტესობა სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს საელჩოებიდან იფარებიან (გარდა სლოვენიის რესპუბლიკისა). რეგიონის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სასურველი იქნებოდა დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავება.

ცხადია, რომ დასავლეთ ბალკანეთის ევროპული ინტეგრაცია არის უმნიშვნელოვანესი და შეუქცევადი პროცესი. შედარებისთვის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საზოგადოების დამოკიდებულება განსხვავებულია. მაგალითისთვის, საქართველოში, Europe Foundation-ის მიხედვით, ევროკავშირის მიმართ მხარდაჭერა 2015 წლის შემდეგ 61 პროცენტიდან, 71%-მდე გაიზარდა. ხოლო, Regional Cooperation Council-ის კვლევაზე დაყრდნობით, მაკედონიის რესპუბლიკაში 2008 წელთან შედარებით 20 პროცენტით არის შემცირებული და ის 71% შეადგენს.

ილუსტრაცია 1: საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა 

ქართულ-ბალკანურ ურთიერთობების განხილვის ფონზე მნიშვნელოვანია  აღინიშნოს ამ ქვეყნების დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციასთან. მაგალითისთვის გამოდგება სერბეთის მოწყვლადი დამოკიდებულება რუსეთთან. რუსულ-სერბული ურთიერთობები სათავეს იღებს მათი სლავური და მართლმადიდებლური წარმომავლობისგან, რაც მყარ ისტორიულ საფუძვლებზეა დაფუძნებული. აღნიშნული ფაქტი გარკვეულ უხერხულობას ყოველთვის უქმნიდა ქართულ დიპლომატიას. სეპარატისტული რეგიონების არაღიარების პოლიტიკიდან გამომდინარე აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება საქართველოს ინტერესების მხარდასაჭერად. ამ მხრივ მნიშვნელოვანია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან თანამშრომლობა. მაგალითად, სერბეთის პრეზიდენტმა ტადიჩმა 2008 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ სერბეთი არ აპირებს კოსოვოს პრეცენდენტის დაშვებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით, მაგრამ 2012 წლის მაისში სერბეთის პარლამენტმა ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხის პარლამენტის დღის წესრიგში შეტანაზე დაიწყო საუბარი მას შემდეგ, რაც მოსკოვმა 800 მილიონიანი დოლარის ინფრასტრუქტურული ინვესტიცია განახორციელა სერბეთში. საერთაშორისო ორგანიზაციებში სერბეთის გადაწყვეტილებები ხშირად მოსკოვის ინტერესების გათვალისწინებით არის ნაკარნახევი. გასულ წლებში ბელგრადი ყოველთვის წინააღმდეგი იყო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით საქართველოს წარმოდგენილი რეზოლუციის მხარდაჭერის, მხოლოდ 2014 წელს შეიკავა თავი. შესაძლებელია ვივარაუდოთ, სერბეთის მიერ საქართველოსთან და დასავლეთთან ურთიერთობების განვითარება და ჩვენი ქვეყნის მყარი პოზიცია კოსოვოსთან დაკავშირებით გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი.

ამრიგად,   ცალსახაა რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა საქართველოსთვის.   აუცილებელია დასავლეთ ბალკანეთის წარმატებული შემთხვევების გაანალიზება და მათი გამოცდილების გაზიარება. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილება შესაძლოა საქართველოსთვის კარგი მაგალითი აღმოჩნდეს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში.


*თორნიკე ცირამუა – დასავლეთ ბალკანეთის მკვლევარი

**პუბლიკაცია მომზადდა ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს  “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” და ფონდი  “ღია საზოგადოება–საქართველოსა” შეხედულებებს.

, , , , , ,