03/06/2021 keta

დემოკრატიის ყოველწლიური კონფერენციის GEODEM2021 მეორე ონლაინ პანელი გაიმართა

2 ივნისს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP), დემოკრატიის ყოველწლიური კონფერენციის GEODEM2021 რიგით 6-ე გამოშვების მეორე პანელი გამართა თემაზე “საზოგადოებრივი გამოკითხვები საქართველოში: როგორ უზრუნველვყოთ ნდობა? გამოკითხვების მიმართ საზოგადოების ნდობის დაბალი დონისა და ელექტორატის მზარდად ნიჰილისტური განწყობების ფონზე, კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს, თუ რატომ არის საზოგადოებრივი კვლევა მნიშვნელოვანი და ვის ემსახურება ის; რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ეგზიტპოლების მიმართ ნდობა არ დაიკარგოს; ასევე, საზოგადოებრივი აზრისა და ეგზიტპოლების მზარდი პოლიტიზების გათვალისწინებით, როგორ უნდა გაერკვეს ქართველი ამომრჩეველი არსებულ ვითარებაში; შესაძლებელია თუ არა, რომ პოლიტიკოსების მიერ კვლევების დისკრედიტაციის მცდელობამ მკვეთრად შეასუსტოს არაპარტიული კვლევების როლი ქართული დემოკრატიის განვითარებაში და როგორ შეიძლება საზოგადოებრივი კვლევების პოლიტიზირების თავიდან აცილება.

პანელზე, რომლის მოდერატორიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების ხელმძღვანელი, ადამ შმიდტი იყო, მოხსენებით წარდგნენ: ჯონ დიპირო, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პროგრამების დირექტორი, ალან გილამი, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოში წარმომადგენლობის დირექტორი, ნინო ჯაფარიძე, Edison Research-ის ვიცე-პრეზიდენტი და ნინო დოლიძე, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი.

პანელის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის საზოგადოებრივი აზრის კვლევის საჭიროებას. ადამ შმიდტის განცხადებით, საზოგადოებრივი კვლევები მოსახლეობის განწყობის გამოკვეთის მიზნით შემუშავებული ინსტრუმენტია, რომელზე დაყრდნობით პოლიტიკოსებს შეუძლიათ ეფექტიანი პოლიტიკა აწარმოონ. იგივე აზრი განავითარა ალან დილანმა, რომელმაც დამატებით აღნიშნა, რომ ჭკვიანი და გამოცდილი პოლიტიკოსი სათანადოდ აფასებს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს და, უკეთესი პოლიტიკური შედეგების მისაღებად, ამ მონაცემებს სამოქმედო გეგმაში ითვალისწინებს.

კვლევებისადმი მყიფე საზოგადოებრივი ნდობის პრობლემასთან დაკავშირებით, პანელის მონაწილეებმა პოლიტიკური პარტიების როლს გაუსვეს ხაზი. ჯონ დიპიროსა და ალან გილამის განცხადებით, პოლიტიკური აქტორები ხშირად აკრიტიკებენ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის იმ შედეგებს, რომელიც მათთვის მისაღები არაა. ნინო დოლიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს უკიდურესად პოლარიზებულ გარემოში პარტიების აღნიშნული პოზიცია კვლევების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე აისახება, რადგანაც ამ კვლევასთან დაკავშირებით, ამომრჩეველისა და იმ პოლიტიკოსის, რომელსაც ეს ამომრჩეველი უსმენს, დამოკიდებულებები იდენტურია. სწორედ ეს განაპირობებს კვლევისადმი ნდობას თუ უნდობლობას. ნინო დოლიძე ასევე, შეეხო პოლიტიკური პარტიების რეიტინგის საკითხს და აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გაზომილი პოლიტიკური პარტიების რეიტინგები არ შეიძლება იყოს არჩევნების შედეგებთან ახლოს, რადგან კვლევითი ორგანიზაციები მხოლოდ წინასწარ განწყობებს აჩვენებენ დროის მოცემულ მონაკვეთში და ის შეიძლება საარჩევნო კამპანიიდან გამომდინარე შეიცვალოს.

პანელის მონაწილეებმა ასევე, ისაუბრეს პოლიტიკური პარტიების მხრიდან, საზოგადოებრივი კვლევების ჩატარების პრაქტიკაზე და იმ ნეგატიურ შედეგებზე, რომელიც ამგვარ კვლევებს თან ახლავს. ნინო ჯაფარიძემ თქვა, რომ პოლიტიკური პარტიები, ხშირ შემთხვევაში, არ ენდობიან დამოუკიდებლად ჩატარებულ კვლევებს, რადგან შიდა კვლევების შედეგები მათ სულ სხვა სურათს უჩვენებს და ისინი ყოველთვის ეძებენ მიზეზს, თუ რატომ არ მიიღეს ის პროცენტი, რასაც მოელოდნენ. ამასთან დაკავშირებით, ნინო ჯაფარიძემ ხაზი გაუსვა საზოგადოებრივი კვლევის ჩატარების დროს, სამეცნიერო მეთოდოლოგიის გამოყენების აუცილებლობას. მისი აზრით, პოლიტიკური პარტიების და კვლევითი ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ გამოკითხვების შედეგებს შორის დიდი სხვაობა განპირობებულია იმით, რომ პოლიტიკური პარტიები არ მუშაობენ იმ სპეციალისტებთან, რომლებსაც დამოუკიდებელი კვლევის მეთოდოლოგია სიღრმისეულად ესმით. ანალოგიურად, დიპირომ აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიების მხრიდან არასამეცნიერო მოთოდოლოგიით ჩატარებული კვლევის შედეგები შეიძლება არაობიექტურ რეალობას აჩვენებდეს და პოლიტიკური აქტორების მხრიდან ამ მონაცემების ბოროტად გამოყენების შემთხვევაში, ამან შეიძლება გაუთვალსწინებელი შედეგი მოიტანოს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიმართ მოსახლეობის ნდობის გაზრდის მიზნით, პანელის მონაწილეებმა გამოკვეთეს მოქალაქეებისთვის და მედიისთვის კვლევების მეთოდოლოგიის შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობა. მათი თქმით, კვლევითმა ორგანიზაციებმა უნდა უზრუნველყონ საზოგადოების სხვადასხვა დემოგრაფიული ჯგუფების უკეთესად ინფორმირებულობა კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ, რათა საზოგადოებამ იცოდეს, თუ როგორ მოხდეს ამ ინფორმაციის სწორი ინტერპრეტირება, მონაცემთა შეცვლისა და დამახინჯების გარეშე.

ბოლო, მესამე პანელი 16 ივნისს დაასრულებს ონლაინ კონფერენციას თემით – პოპულისტური ნაციონალიზმი და ევროსკეპტიციზმი: წარმოსახვითი თუ რეალური საფრთხე ასოცირებული ქვეყნებისათვის? მესამე პანელის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაგიზიარებთ!

GIP-ის ყოველწლიური კონფერენცია ორგანიზებულია NED – დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის ფინანსური დახმარებით.


, ,