30/07/2021 keta

თბილისში გამართული საზაფხულო აკადემია 2021 დასრულდა

საზაფხულო აკადემია 2021-ის სამდღიანი პროგრამა განკუთვნილი იყო პროექტისათვის შერჩეული 6 ახალგაზრდა მკვლევარისთვის საქართველოდან, სომხეთსა და აზერბაიჯანიდან, რომლებიც იმუშავებენ კვლევაზე გეოპოლიტიკური ცვლილებების შესახებ რეგიონში და ამ ცვლილებების შედეგებზე ევროკავშირისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის. საზაფხულო აკადემიის მიზანი იყო მკვლევარების მხარდაჭერა და მათი კონსულტირება თავიანთი ნაშრომების დასასრულებლად. ახალგაზრდა მკვლევარებმა წარმოადგინეს თავიანთი ნაშრომების სამუშაო ვერსიები, ჩაერთნენ ადგილობრივ ექსპერტებთან ფართო დისკუსიებში და დაესწრნენ თემატიკის შესაბამისს სემინარებს.

საზაფხულო აკადემიის პირველი სამუშაო დღეს შესავალი სიტყვით წარსდგნენ: 

  • პროფესორი, დოქტორი კორნელი კაკაჩია, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) დირექტორი.
  • ლილია ჩიხლაძე, პროგრამის კოორდინატორი, ჰაინრიხ ბიოლის ფონდი, თბილისის ოფისი – სამხრეთ კავკასიის რეგიონი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, „კავკასიის კვლევის საერთაშორისო სკოლის“ დირექტორმა, დოქტორმა გია ნოდიამ პირველ სამუშაო დღეს ისაუბრა თემაზე – სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური პერსპექტივა ყარაბაღის ომის შემდეგ.

შესავალი ნაწილი გაგრძელდა პირველი თემატური სესიით – ევროკავშირის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის მიმართ, რომელიც განხილული იყო დარგის  ექსპერტების მიერ.

მეორე დღეს, მონაწილეები ეწვივნენ საქართველოს პარლამენტს და შეხვდნენ საპარლამენტო კომიტეტების წარმომადგენლებს. კერძოდ, საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის კომიტეტებს. ვიზიტის შემდეგ გაგრძელდა დისკუსია პროექტის მკვლევარებსა და ქართული „think tank“ ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად.  მათ საზაფხულო აკადემიის მონაწილეებს საკუთარი ნამუშევრები წარუდგინეს.

მესამე დღე დაეთმო მეორე თემატურ სესიას – სტრატეგიული კომუნიკაცია სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს შორის. ბოლო, მესამე სესია კი ფოკუსირებული იყო სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პოლიტიკურ დისკურსებზე. სესიების მოდერაციას უწევდნენ  დარგის სპეციალისტები და ექსპერტები.

საზაფხულო აკადემია საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებით ჩატარდა, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისთან ერთად, პროექტის “სამხრეთ კავსასიაში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ანალიზი” ფარგლებში. პროექტის მიზანია, შეაფასოს სამხრეთ კავკასიაში არსებული ცვალებადი გარემო გეოპოლიტიკისა და უსაფრთხოების კუთხით, ასევე, რეგიონული აქტორების – თურქეთის, რუსეთისა და ირანის როლი. პროექტი მხარს უჭერს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართ ინფორმირებული პოლიტიკის განვითარებას და მის შედეგებს რეგიონში ევროკავშირის გავლენის თვალსაზრისით.


Day I შეჯამება>>

Day II შეჯამება >>

Day III შეჯამება >>


Summer Academy 2021 პროგრამა >>


გაიცანით 6 ახალგაზრდა მკვლევარი საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან >>