26/04/2016 GIP

რას უქადის ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავება საქართველოს?

Author

თეონა ჯაფოშვილი

თეონა ჯაფოშვილი
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ახალგაზრდა ანალიტიკოსთა ქსელის წევრი

საქართველოსთვის ევროპული და ევრო-ატლანტიკური  ინტეგრაცია, საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტია, თუმცა რეგიონალური თანამშრომლობა და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების განმტკიცება,  აგრეთვე მნიშვნელოვანი საგარეო მიმართულებაა. ამის გათვალისწინებით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ჩნდება საკმაოდ ლეგიტიმური კითხვები: რამდენად შესაძლებელია ურთიერთობის განმტკიცება ორ ურთიერთ დაპირისპირებულ, უშუალო მეზობელ სახელმწიფოსთან? რა გავლენას მოახდეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავება საქართველოს შიდა თუ საგარეო პოლიტიკაზე? რა საფრთხეების წინაშე შეიძლება  აღმოჩნდეს საქართველო?
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მდგომარეობას ართულებს რუსეთის ფაქტორი, რომელსაც სომხეთთან მჭიდრო პარტნიორობის მეშვეობით, აქვს ძლიერი სტრატეგიული პლაცდარმა კავკასიაში, რაც მის პოზიციებს საგრძნობლად აძლიერებს. მოსკოვი ცდილობს გაყინული კონფლიქტების მეშვეობით გავლენა შეინარჩუნოს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებზე, ამ შემთხვევაში კი ნავთობით მდიდარ აზერბაიჯანზე. ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა ის, რომ   სომხეთი არის რუსეთის ინიციატივით შექმნილი კოლექტიური უსაფრთხოების დაცვის ორგანიზაციის წევრი.  რაც ნიშნავს, რომ შესაძლოა სომხეთთან არსებულ სამხედრო დაპირისპირებაში ჩაერთვება რუსეთიც.

რა გამოწვევების წინაშე აყენებს ყარაბაღის კონფლიქტი სამხრეთ კავკასიას ?

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გეოპოლიტიკური ფონი დღეს  უფრო კომპლექსურია ვიდრე რამდენიმე წლის წინ.  პირველ რიგში, აღსანიშნავია,  2015 წლის დეკემბერში სომხეთსა და რუსეთს შორის უსაფრთხოების სფეროში დადებული ახალი შეთანხმება  ერთობლივი  საჰაერო თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბებაზე  კავკასიაში.  მეორე მხრივ კი, აზერბაიჯანი, რომლის ძირითადი ნავთობისა და გაზის მილსადენები თურქეთზე გადის,  ტრადიციულად სარგებლობს ანკარასთან ძლიერი კავშირებით.   საინტერესო ფაქტია ისიც, რომ დღეს რუსეთი იარაღს მიაწოდებს  როგორც სომხეთს, ისე აზერბაიჯანს.   ამ ფონზე ბუნებრივია იბადება კითხვა თურქეთთან არსებული უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის  ფონზე ეს ქმედებები აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაღრმავების სურვილია,  თუ  მოსკოვი ჩვეულ ტაქტიკას მიჰყვება და  ცდილობს კიდევ უფრო დაძაბოს ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის ურთიერთობა?
ასევე არსებობს საფუზვლიანი ეჭვი რომ სამხედრო დაპირისპირების გამწვავების შემთხვევაში, თურქეთი აზერბაიჯანს გამოუცხადებს თანადგომას , რუსეთი კი-სომხეთს,  იბადება კითხვა,  ხომ არ შეიძლება, ამ ეთნო-ტერიოტორიულმა კონფლიქტმა უფრო მასშტაბური სახე მიიღოს, სადაც შავი ზღვის რეგიონის ორი დიდი სახელმწიფო, ორი ყოფილი იმპერია იქნება ჩართული?!

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც არსებულ სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს, არის ირანი, რომელსაც ტრადიციულად თბილი ურთიერთობა აქვს სომხეთთან,  აზერბაიჯანთან კი  საყოველთაოდ ცნობილია თეირანის ტრადიციული დაპირისპირება, განსაკუთრებით კი, კასპიის რეგიონში ენერგეტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. სწორედ ამის გათვალისწინებით  გარკვეულ მოულოდნელობა იყო,  2015 წლის იანვარში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი განცხადება,  რომ მზად არის შუამავლის როლი იკისროს ყარაბაღის კონფლიქტში. დაპირისპირების  ცხელ ფაზაში შესვლის შემდგომ კი, ირანი მხარდაჭერას უცხადებს აზერბაჯანს.  ამ ფონზე,  ასევე საინტერესოა, არსებობს თუ არა იმის ალბათობა, რომ დაპირისპირების გაღვივების შემთხვევაში კონფლიქტში ჩაერთოს ირანიც?  რა გავლენას მოხდენს ეს პროცესები საქართველოზე, რომელიც ცხელი წერტილების მეზობლად მდებარეობს?

რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო კონფლიქტის  გამწვავების შემთხვევაში?

საქართველოსთვის აზერბაიჯანიც და სომხეთიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან, შესაბამისად ქვეყნის საგარეო პოლიტიკა მაქსიმალურადაა კონცენტრირებული დაპირისპირებაში  ნეიტრალური პოზიციის შენარჩნებისაკენ, თუმცა კონფლიქტის გაღვივების შემთხვევაში, თბილისისთვის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება თითქმის შეუძლებელი გახდება.   ‘’აზერბაიჯანი თბილისისგან აუცილებლად მოითხოვს უპირობო მხარდაჭერას საერთაშორისო ორგანიზაციებში და  სავარაუდოდ  სომხეთისთვის სავაჭრო გზების გადაკეტვასაც.  ამ მოთხოვნებზე უარის შემთხვევაში, ბაქოს შეფარული მუქარა ენერგომატარებლების მოწოდების შეფერხება იქნება. აზერბაიჯანთან მიმხრობის შემთხვევაში, ოფიციალური ერევნის საქართველოსთვის შეფარული მუქარა სამცხე-ჯავახეთში ვითარების დაძაბვაა‘’   იმ შემთხვევში თუ,  დაპირისპირება უკიდურესად გამწვავდება და რუსეთი გადაწყვეტს ომში ჩართვას,  ‘’გიუმრიში საკუთარი სამხედრო ბაზის დაცვის აუცილებლობის საბაბით, მოსკოვი თბილისს სამხედრო ტვირთების სახმელეთო გზით გატარებას მოსთხოვს. თბილისის თანხმობას აზერბაიჯანი და მისი მოკავშირე, თურქეთიც უდაოდ მტრულ მოქმედებად აღიქვამს. უარის საპასუხოდ, კი რუსეთს ძალით შეუძლია კონვოის გატარების უზრუნველყოფა, თუნდაც ცხინვალში განთავსებული სამხედრო ბაზაში განლაგებული სამხედროების მეშვეობით როგორც მრავალი ექსპერტი ვარაუდობს თუ ეს მოხდა, საქართველოს მთავრობა მის ტერიტორიაზე სუვერენულ კონტროლს დაკარგავს. ‘’

გარდა იმისა, რომ შესაძლებელია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს საქართველოს სუვერენიტეტის საკითხი, დიდ დარტყმას მიიღებს  ქვეყნის  ეკონომიკაც, რომელიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული აზერბაიჯანზე ენერგომატარებლების კუთხით  და სომხეთზეც, რადგან საქართველო წარმოადგენს სატრანზიტო ხაზს  სომხური საქონლისთვის რუსეთისა და შავი ზღვისპირეთისაკენ.
სამხედრო დაპირისპირების ესკალაციის  სემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ   საქართელოს მოსახლეობის  6,6 % აზერბაიჯანელია, 5,7 % კი სომეხი,  ‘’კონფლიქტის კიდევ უფრო მეტად გამწვავება, უპირველესად, საქართველოში მცხოვრები სომხური და აზერბაიჯანული მოსახლეობის დემორალიზებას მოახდენს – ისინი შეეცდებიან, თანამემამულეებს დაეხმარონ. ეს პირდაპირ გავლენას ჰპოვებს მოსკოვზე,რომელიც, სტრატეგიული უსაფრთხოების საკუთარი კონცეფციიდან გამომდინარე, შეეცდება, დაეხმაროს სომხეთს, როგორც მის უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორს სამხრეთ ავკასიაში.’’
გარდა ამისა,  იმ შემთხვევაში თუ  დაპირისპირება გაღვივდება, თბილისი დადგება  მეზობელი სახელმწიფოებიდან წამოსული ლტოლვილების  მოზღვავების პრობლემის წინაშე.  ერთი მხრივ  შეუძლებელია,  საქართველომ ორივე ეთნიკური ჯგუფს გაუწოდოს დახმარების ხელი, მეორე მხრივ კი, საკითხავია, აქვს კი ქვეყანას რესურსი, შეიფაროს უსახლ-კაროდ დარჩენილი ასიათასობით ლტოლვილი, მაშინ როდესაც  2008 წლის ომის შედეგად დევნილი ადამიანების პრობლემა დღესაც მწვავეა საქართელოში..

შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს  საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივაც, რომელიც, როგორც ზემოთ აღინიშნა,  ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტია. არსებობს გარკვეული რისკი, რომ მუდმივი საფრთხის ქვეშ მყოფი საქართველო, რომელსაც შესაძლოა კიდევ უფრო გაურთულდეს მდგომარეობა,  ნაკლებად მიმზიდველი აღმოჩნდეს დასავლეთისთვის, რომელიც საკუთარი პრობლემებითაა დაკავებული.

დასკვნა

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავება, უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის. მართალია, მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა არსებობს  დიდი ალბათობა იმისა,  რომ დაპირისპირება  შესაძლოა გაგრძელდეს. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ კონფლიქტი გართულდება და დაპირისპირებაში ჩაერთვება რუსეთი, ამან შესაძლოა გარკვეული რისკები შექმნას საქართველოს სუვერენიტეტთან დაკავშირებით. უფრო კონკრეტულად კი მოსალოდნელია რომ სომხეთის დასახმარებლად რუსეთის მიერ გამოგზავნილი სამხედრო ტექნიკის ტრანზიტისთვის მოსკოვმა თბილისის ულტიმატუმი წაუყენოს. ცხადია რომ რომ ამის ნება რუსეთს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მიეცეს,  თუმცა მეორე მხრივ, ისიც ნათელია, რომ ამ შემთხვევაში შესაძლოა მოსკოვმა ძალადობრივი მეთოდები გამოიყენოს ტრანზიტის უზრუნველსაყოფად.

სუვერენიტეტთან ერთად საფრთხის ქვეშ დგება საქართველოს ეკონომიკა, რომელიც, ისედაც კრიზისშია და შეასაძლოა კიდევ უფრო დაზარალდეს.  ამასთანავე ისმება საკმაოდ ლეგიტიმური კითხვა: ქვეყანა, რომელიც ისედაც არის კონფლიქტის ზონა და ოკუპირებული აქვს საკუთარი ტერიტორიების 20 პროცენტი როგორ გააგრძელებს დასავლეთთან ინტეგრაციის გზას?  ეჭვგარეშეა, რომ სამხრეთ კავკასიაში სამხედრო დაპირისპირება  შეამცირებს  ნატოსა და ევროკავშირის ინტერესს რეგიონის და მათ შორის საქართველოს მიმართ. შესაბამისად, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე, საფუძვლიანია, მივიჩნიოთ, რომ ყარაბაღის კონფლიქტი ძალიან დიდი საფრთხეა საქართველოსთვის და ქართულმა დიპლომატიამ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს რომ საქართველო მარტო არ აღმოჩნდეს ამ გამოწვევების წინაშე.

, , , , ,