28/12/2016 magda

რუსეთის ელჩის მკვლელობა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების ჭრილში

მარიამ გრიგალაშვილი
საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორანტი,
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

რუსეთის ელჩის – ანდრეი კარლოვის – მკვლელობა 2016 წლის დაუსრულებელი ‘სიურპრიზების’ რიგებს მიემატა. რუსი დიპლომატი 19 დეკემბერს საგამოფენო დარბაზში მევლუთ მერტ ალტინტაშის მიერ ტყვიის რამდენიმე გასროლით იქნა მოკლული. შემზარავი მკლვლელობის კადრები, უსწრაფესად გავრცელდა მსოფლიოს წამყვანი სააგენტოებისა და სოციალური ქსელის მეშვეობით.  ისედაც უკიდურესად დაძაბული ვითარების ფონზე, რა სარჩული დაედება აღნიშნულ მკვლელობას , როგორ იქნება აღქმული და გააზრებული, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. თუმცა, შეგვიძლია ვისაუბროთ ძირითად ტენდენციებზე, რაც ამ შემზარავი ფაქტის ირგვლივ ტრიალებს.

vladimir_putin_and_recep_tayyip_erdogan_-_edm_july_28__2016

წყარო: dailytimes.com.pk

ისევე, როგორც ყველა მნიშვნელოვან მოვლენას, ანკარაში ჩადენილ მკვლელობასაც ჰქონდა თავისი თანმდევი ეჭვები და კითხვის ნიშნები. ღიად იყო საუბარი რუსეთ-თურქეთის შესაძლო დაძაბულ ურთიერთობაზე; მოლაპარაკებების ჩაშლაზე სირიაში მიმდინარე მოვლენების თაობაზე; ანდრეი კარლოვზე, როგორც ოცდამეერთე საუკუნის ფრანც ფერდინანდზე და ე.წ რუსულ პროვოკაციაზე, გამამართლებელი გარემო პირობები შეექმნა, სირიაში სამომავლო ქმედებებისთვის.

ერთ-ერთი კითხვა, რომელიც აღნიშნული მკვლელობის გარშემო ტრიალებს უკავშირდება, თვითონ მოვლენის მთავარ შემოქმედს, 22 წლის მევლუთ მერტ ალტინტაშს. საიდან აღმოჩნდა, 2016 წლის 15 ივლისის მოვლენებში ეჭვმიტანილი, მეამბოხე პოლიციელი სულ რამდენიმე ნაბიჯზე რუსეთის ელჩისგან? პოზიციაზე, საიდანაც  სასიკვდილო სროლის განხორციელება, სასროლო უნარების კარგ ცოდნას  სულაც არ მოითხოვდა. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებაში, ნათლად გამოიკვეთა მესიჯი, რომელიც მკვლელობის უშუალო დამკვეთისკენ იყო მიმართული. მისივე განცხადებიდან გამოირიცხა რუსეთ-თურქეთის ურთიერთიერთობების შესაძლო დაძაბვაც. პუტინის მიერ მკვლელობის შემკვეთზე ყურადღების გამახვილება, იმთავითვე გამორიცხავს მევლუთ მერტ ალტინტაშს, როგორც ე.წ მარტოხელა  მგლის პოზიციაში განხილვას (A lone wolf ან lone-wolf terrorist). თუმცაღა, ერთი შეხედვით მისთვის სწორედ ეს კვალიფიკაცია შეიძლება მიგვენიჭებინა (გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ არც ერთ ორგანიზაციას თავის თავზე არ აუღია დანაშაული). ამასთანავე, არ იკვეთება არც ერთი სერიოზული მიზეზი (გარდა მისი უკანასკნელი შეძახილებისა), რის გამოც მკვლელი წავიდა უეჭველ სიკვდილზე. ჩაშლილი გადატრიალების შესაძლო მონაწილის ისტორია, უფრო ლოგიკური იქნებოდა დასრულებულიყო თურქეთის ხელისუფლებაზე მიტანილი იერიშით, ვიდრე უცხო ქვეყნის დიპლომატის სიკვდილით.

 სრულიად შესაძლებელია, ალტინტაშის მიერ შესრულებული მკვლელობა, მართლაც არ იყოს ორგანიზებული რომელიმე ჯგუფის მიერ, და რომ მკვლელობა უმეტესად უკავშირდებოდეს კონკრეტული პიროვნების იდეოლოგიურ თუ მენტალურ ელემენტებს. თუმცა, ამასთანავე, რუსეთს, რა საკვრირველია, აწყობს დანაშაულის არა უკვე ლიკვიდირებულ მკვლელზე დაბრალება, არამედ მტრის სახედ, სამიზნედ (თუნდაც შემდგომი  ნაბიჯების გასასამართლებლად) გარკვეული ჯგუფის მხედველობაში დატოვება.

მხარეების რეაქცია

რუსეთი: ჩადენილი მკვლელობა, შეფასებულ იქნა, როგორც მიზანმიმართული პროვოკაცია რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის გასაუარესებლად და მცდელობა, სირიის სამშვიდობო პროცესის ჩასაშლელად.

თურქეთი: ერდოღანისა და პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდზე სამძიმრისა და თურქეთის პოზიციის შემცველი წერილი გამოქვეყნდა. წერილში ოფიციალური ანკარა აცხადებს, რომ მკვლელობა იქნება სრულყოფილად გამოძიებული და ყველა დამნაშავე წარდგება თურქული მართლმსაჯულების წინაშე.

დასავლეთის ქვეყნები: მწუხარებას გამოთქვამენ, მომხდარის გამო. „ერთ-ერთი პირველი ვინც გამოხატა მწუხარება იყო ფედერიკა მოგერინი, რომელმაც ევროკავშირის სახელით სამძიმარი გამოუცხადა რუსეთის მხარეს და დაგმო მომხდარი“ – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს პრესსპიკერმა.

უკანასკნელ მონაცემებზე დაყრდნობით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებს არამცთუ დაძაბვა, არამედ გაუმჯობესება ელოდება. ორივე მხარემ პოლიტიკური ელფერი მისცა მომხდარ ტრაგედიას და გამოძიების დასრულებამდე, უკვე გააჟღერა დამნაშავეების შესაძლო ვინაობა (რუსეთის შემთხვევაში-დაეში, ხოლო თურქეთის შემთხვევაში ფეთჰულაჰ გიულენი). რუსეთ-თურქეთის თანამშრომლობის გაგრძელების არგუმენტს გვიმყარებს 20 დეკემბერს მიღწეული შეთანხმება სამ სახელმიწფოს შორის (რუსეთ-თურქეთ-ირანი) ალეპოდან ხალხის ევაკუაციისა და ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელების შესახებ. სავარაუდოა, რომ 19 დეკემბერს მომხდარ მკვლელობას, უშუალო დამკვეთებთან ერთად (თუკი ასეთები არსებობენ) შეეწიროს ორი ქვეყნის ხელისუფლების ინტერესების საწინააღმდეგო პათოსის მქონე მოწინააღმდეგენიც.

 

, , , , , , ,