22/02/2022 keta

სად არის ჩემი ხმა საკრებულოში?

მიხალის ირემაძე

ყოველი არჩევნების შემდეგ ქართული საზოგადოება რჩება უკმაყოფილო, რადგან არჩევანის გაკეთება  კვლავ ნაცნობ სახეებს, ცუდსა და უარესს შორის უწევს.  წლებია ქართულ პოლიტიკაში არ იცვლება ზოგადი რიტორიკა, არ იცვლება სტრატეგიები და პოლიტიკური პარტიები საზოგადოებას არ სთავაზობენ გამოსავალს – ისინი მხოლოდ პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას. კვლევითი ორგანიზაციის, NDI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვებით ვიგებთ, რომ მოქალაქეებს სურთ ქართულ პოლიტიკაში ნაცნობი, სახეების ნაცვლად იხილონ ახალი სახეები, ახალგაზრდები, ინოვაციური და საინტერესო იდეებითა და ინიციატივებით. მეორეს მხრივ, ახალგაზრდებთან უშუალო საუბრისას იკვეთება სურვილი, რომ აქტიურად ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში და მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში, თუმცა, მათი უმეტესობა, ნაცვლად ქმედებისა, ირჩევს პასიურობას, მაყურებლის როლს, რითაც საერთო უკმაყოფილო და უიმედო ფონი, არ იცვლება.

აღნიშნული ბლოგის მიზანია იმსჯელოს თუ რამდენად დიდ ინტერესს იჩენს სახელმწიფო, სამოქალაქო საზოგადოება ან ადგილობრივი მთავრობა იმ რისკებისა და წინაღობების მიმართ, რომლებიც ახალგაზრდების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობას ეხება. ასე გაარკვიოს რამდენად ხდება პასუხისმგებელი პირებისა თუ ინსტიტუტების მიერ წარსული გამოცდილების შეფასება და ახალგაზრდების ადგილობრივ დონეზე წარმომადგენლობითობის  სიღრმისეული ანალიზი.  ბლოგი ასევე შეეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის უშუალოდ ახალგაზრდის მონაწილეობა საკუთარი უფლებებისა და ინტერესების ადვოკატირების  პროცესში.

ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე ახალგაზრდა სეგმენტის ხვედრითი წილი

სამწუხაროდ, წლებია საქართველო ვერ ახერხებს ახალგაზრდა სეგმენტის მნიშვნელოვანი ნაწილის ჩართვას პოლიტიკურ პროცესებში. ადგილობრივი საკრებულო არის ადგილი, სადაც ახალგაზრდა უნდა იწყებდეს პოლიტიკურ კარიერას, რადგან ამ სივრცეში განიხილება ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები და ეძლევა შესაძლებლობა საკუთარი ინიციატივითა და ადვოკატირებით, ადგილობრივი გარემოსა და მკვიდრი მოსახლეობის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. ამასთან, კიდევ უფრო აიოლებს საქმეს დაბალი ასაკობრივი ცენზი – საკრებულოში მოხვედრა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს 21 წლის ასაკიდან. ადგილობრივი ხელისუფლება არის შესაძლებლობა, რომ ახალგაზრდამ გაზარდოს საკუთარი ცნობადობა და შემდგომში შეძლოს უფრო ფართო ასპარესზე გასვლა, მაგალითად, პარლამენტში მუშაობა. ასევე, დიდი შანსია იმისა, რომ ახალგაზრდების ჩართულობას მოჰყვეს მნიშვნელოვანი ცვლილებები – საზოგადოება იხილავს ახალ სახეებს, მოისმენს სტრატეგიებსა და გამოსავლის გზებს და არჩევანის გაკეთება, არგუმენტირებულად და შემოთავაზებული იდეების მიხედვით მოუწევს – ეს კი, პოლიტიკურ პროცესს გამოაცოცხლებს და გააჯანსაღებს.

ცხრილი 1: ახალგაზრდების წილი 2017-2021 წლების საკრებულოებში

ქალაქიადგილი საკრებულოშიარჩეული ახალგაზრდა დეპუტატები (21-29 წლამდე)არჩეულ ახალგაზრდა დეპუტატთა % მაჩვენებელი
1. თბილისი50 ადგილი36%
2. ბათუმი25 ადგილი14%
3. ქუთაისი25 ადგილი14%
4. ზუგდიდი42 ადგილი24.5%
5. რუსთავი25 ადგილი28%

კარგია, როცა პოტენციალი და იმედი არსებობს, მაგრამ არა მხოლოდ იდეისა და ფურცელზე დაწერის დონეზე. რეალურ ცხოვრებასა და პოლიტიკაში, ახალგაზრდებს ისეთი შანსი და შესაძლებლობა არ ეძლევათ, რაც გაწერილია ან უშუალოდ ამომრჩეველს აქვს სურვილი რომ იყოს. სწორედ ამიტომ, ყოველი არჩევნების წინ და შემდეგაც, საზოგადოების მხრიდან არის მსგავსი რეაქცია, უიმედობა და ნიჰილიზმი. ახალგაზრდების ჩართულობის მაჩვენებელი სტაბილურად დაბალია. საქართველოს მასშტაბით 5 ქალაქის საკრებულოს მონაცემების ანალიზი აჩვენებს, თუ რა ნაწილი უკავიათ ახალგაზრდებს ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავების პროცესში (ცხრილი 1).

აღსანიშნავია, რომ 21-29 წლამდე საქართველოს მოქალაქეთა საერთო წილი ცესკოს მონაცემებით შეადგენს 18.08%-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი წარმომადგენლობითი წილი ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე 4-ჯერ და 5-ჯერ ნაკლებია. დემოკრატიისა და დემოკრატიულ პრინციპებზე მომუშავე სახელმწიფოს მიზანია თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვა. წარმომადგენლობითი დემოკრატია საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, ქვეყნის საკანონმდებლო, ადგილობრივ თუ ცენტრალურ დონეზე, იყვნენ წარმომადგენლები და ყველა იმ მოწყვლად თუ ძლიერ ჯგუფს შეეძლოს საკუთარი უფლებების დაცვა და პრობლემების გაჟღერება. პოლიტიკური პროცესი ჯანსაღია მაშინ, როდესაც ქვეყანაში არსებული მრავალფეროვნება პროპორციულად არის წარმოდგენილი პარლამენტსა თუ საკრებულოში. შესაბამისად, ახალგაზრდების ასეთი სიმწირე, არის პრობლემა და პოლიტიკური პროცესებიც არაჯანსაღია.

რისკები და წინაღობები, რომლებიც ახალგაზრდებს ხვდებათ პირველივე ნაბიჯის გადადგმისას

რისკებისა და წინაღობების მიმოხილვა კომპლექსური საკითხია. არსებულ ვითარებაში, შეიძლება რამდენიმე ძირითადი პრობლემის გამოყოფა:

1 – კომპლექსი –საზოგადოება, რომელიც სტიგმებითა და სტერეოტიპებით იზრდება, იმავე წესებითა და მიდგომებით ცდილობს შემდეგი თაობის აღზრდასაც. ხშირად ვისმენთ, რომ თითქოს ადრეა ახალგაზრდებისთვის იმ საქმის გაკეთება ან ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მათარ შეეფერებათ, თუმცა ამ აზრის გასამყარებლად არ არსებობს არგუმენტი.მსგავსი ფრაზების ტირაჟირებით, მანიპულირებას ცდილობენ ახალგაზრდაადამიანებზე. ახალგაზრდას,ყოველი ნაბიჯის გადადგმისას,წინაღობად ხვდებაკრიტიკადა იმის ნაცვლად, საზოგადოებამ კარგი და საჭირო პირობები შეუქმნას, აკომპლექსებს და მის სტიგმატიზირებას უწყობს ხელს. დათრგუნული, დაკომპლექსებული და გაკრიტიკებული ახალგაზრდას უჭირს შემხედრი ბარიერის დაძლევა და შესაბამისად,დიდი შანსია დაკარგოს ბრძოლის სურვილი.

2 – მუდმივი წინააღმდეგობა – ახალგაზრდას განვითარების გზაზე, უამრავი წინაღობა ხვდება. ყოველი მომდევნო წინაღობის გადალახვის შემდეგ, ახალ ბარიერთან გამკლავებაა საჭირო. ბარიერები შეიძლება იყოს, როგორც ბუნებრივი, ასევე ხელოვნური. ბუნებრივია, როცა ახალგაზრდას საკუთარ თავზე უწევს მუშაობა და გარკვეული უნარების დახვეწა, ხოლო ხელოვნურია, როცა თანამდებობაზე მყოფი პირები, ყველა ხერხს იყენებენ იმისთვის, რომ საკუთარი ადგილი შეინარჩუნონ და ახალგაზრდებს არ მისცენ საშუალება მათი ადგილი დაიკავონ. ისინი იყენებენ ყველა მათ ხელთ არსებულ მექანიზმს, რათა ახალგაზრდების როლი შეამცირონ, ფასადური გახადონ და მოუკლან ბრძოლის გაგრძელების სურვილი. ადამიანებს, რომლებიც წლებია ერთი და იგივე საქმიანობას ეწევიან, უჭირთ საკუთარი ცხოვრების შეცვლა და პერსპექტიულ და მონდომებულ ახალგაზრდებს უხურავენ ყველა კარს და ტოვებენ ყველა მნიშვნელოვანი პროცესის მიღმა, რათა თანამდებობაზე ყოფნა კიდევ უფრო გაიხანგრძლივონ.

3 – პოლარიზაციის მსხვერპლი – რა არის ის დიდი რისკი, რატომაც შეიძლება ახალმა თაობამ თავი შეიკავოს პოლიტიკაში პირველი ნაბიჯის გადადგმისგან? პოლარიზაცია არის ის დაბრკოლება, რომელმაც მთელი ქვეყანა მოიცვა და საზოგადოება დააპირისპირა. მუდმივად ხდება საზოგადოების დაყოფა და სტიგმატიზირება. მაგალითად, თუ ერთი პარტია ან პარტიის ლიდერიარ მოგწონს, მაშინ საზოგადოება თვლის, რომ მეორე პარტიის ან პარტიის ლიდერის გულშემატკივარი ხარ. ასეთ პირობებში, ახალგაზრდების უდიდესი ნაწილი თავს იკავებს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაბმისგან, რათა თვითონაც არ ჩაერთონ დაპირისპირებაში. ქართული საზოგადოების პოლარიზაცია იწყება 1991 წლიდან და დღემდე გრძელდება. პარტიების დაპირისპირებას უამრავი ადამიანი შეეწირა, ხოლო ასეთი მძლავრი დაპირისპირების დროს, ქვეყნის განვითარება და წინსვლა ნელდება, დგება პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისები, რაც მოსახლეობის სიდუხჭირესა და სიღარიბეს იწვევს.

„სად არის ჩემი ხმა საკრებულოში“? ახალგაზრდების მიერ ახალი თაობის ინტერესების ადვოკატირების მნიშვნელობა.

როგორც გამოიკვეთა, ახალგაზრდა სეგმენტს ადგილობრივ დონეზე არ ჰყავს ძლიერი და მყარი წარმომადგენლობა, რაც თავისთავად აისახება ახალგაზრდების აქტიურობაზე, ინიციატივებსა და ზოგადად, ახალგაზრდების საკითხების ირგვლივ ადვოკატირებაზე.

იმისათვის, რომ დღეს არსებული ბარიერები მარტივად გადასალახი გახდეს და ჩინოვნიკებიც შეწუხდნენ, საჭიროა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რომელიც მოიცავს ადგილობრივ დონეზე, წელიწადში ორჯერ მაინც, ინიციატივის წარდგენასახალგაზრდების მიერ, რომელიც დაეხმარება ახალაგზრდას შეისწავლოს ის სპეციფიკა, რასაც სამოქალაქო აქტივიზმი ჰქვია და ამასთან, მიიღებს გამოცდილებას სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის/ურთიერთობის.

ამასთან, ყველა მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ საკუთარი აზრის დაფიქსირება დაეხმარება ახალგაზრდას გახდეს გაბედული და უშიშარი, რათა პროტესტის გამოთქმას არ შეუშინდეს და შეძლოს თავისი პოზიციის ადვოკატირება. ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავების პროცესში ჩართვა, დაეხმარება გახდეს მეტად თავდაჯერებული და საკითხის მიმართ შეემატება ღირებული ინფორმაცია. იმისთვის, რომ ახალგაზრდამ გაზარდოს თავისი ცნობადობა, საჭიროა ადილობრივ დონეზე აქტიურობა, რითაც შეძლებს გახდეს ადგილობრივთა წარმომადგენელი, სანდო სახე და ამასთან, მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ხშირი კომუნიკაცია, რითაც შეძლებს, როგორც საკომუნიკაციო უნარების განვითარებას, ისე ნდობის გაჩენასაც, რაც პოლიტიკურ წინსვლისთვის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია.

„სად არის ჩემი ხმა საკრებულოში“ – ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თითოეული ახალგაზრდისთვის მნიშვნელოვანია, რათა ახალი თაობის უფლებები მეტად იყოს დაცული და გათვალისწინებული. აქტიური მოქალაქეები კი, ამის უზრუნველყოფას ზემოთჩამოთვლილი ნაბიჯების გადადგმით შეძლებენ.

დასკვნა

შექმნილი რთული და მძიმე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ახალგაზრდების გააქტიურება და პოლიტიკურ პროცესებში მათი ჩართულობის გაზრდა, პროცესების გამოსწორებასა და კრიზისის დასრულებას შეუწყობს ხელს. ფაქტია, რომ ახალგაზრდების ჩართულობა მცირე მასშტაბისაა და ასეთ პირობებში რთულია, ძირეული ცვლილებების განხორციელება. იმისათვის, რომ საქართველომ განაგრძოს დემოკრატიული განვითარება, საჭიროა მენტალობის შეცვლა და უფლებების დასაცავად დაუღალავი შრომა. აუცილებლობას წარმოადგენს აღნიშნული პრობლემის მოგვარება, რადგან განვითარებული სახელმწიფოები დიდ ყურადღებას უთმობენ ახალ თაობას, ახალგაზრდებს და აფასებენ მათ პოტენციალს. ყოველი ახალი გამოკითხვა გვაჩვენებს საზოგადოების სურვილს, რომ პოლიტიკა შეიცვალოს და შეიცვალონ მათი შემქმნელებიც. ეს არის ცალსახა გზავნილი ახალგაზრდებისთვის, რათა მეტად გააქტიურდნენ და საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობა აიღონ. ამასთან, ამომრჩევლებისგან გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, იზრდება მოლოდინი რომ პოლიტიკური პარტიებიც მეტ შესაძლებლობა მისცენ მათ წევრ ახალგაზრდებს და ამით, მნიშვნელოვნად გაძლიერდება ახალგაზრდების როლი, როგორც პარტიულ პოლიტიკაში, ასევე ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პროცესებში.

[ბლოგი მომზადდა “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო თემატური ჯგუფის – “ახალგაზრდების მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობაში ”  წევრის, მიხალის ირემაძის მიერ. პროექტი ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, USAID/Georgia-ის ფინანსური მხარდაჭერით]. 
, , , , , , ,