18/06/2020 magda

GIP-იმ დემოკრატიის ყოველწლიური კონფერენციის #GEODEM2020 რიგით მე-5 გამოშვება პირველი პანელით გახსნა

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულმა დემოკრატიის ყოველწლიურმა კონფერენციამ ამჯერად ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა. კონფერენციის რიგით მე-5 გამოშვება თემით – არჩევნები COVID-19-ის პირობებშიახალი გამოწვევა საქართველოს მყიფე დემოკრატიისთვის? ვებინარის ფორმატში ტარდება და ის სამ თემატურ პანელს მოიცავს.

17 ივნისს, #GEODEM2020 პირველი პანელით გაიხსნა, რომელიც COVID-19-ის პირობებში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას შეეხებოდა. დისკუსია შემდეგ შეკითხვების ირგვლივ წარიმართა:

  • რა გავლენას ახდენს COVID-19 წინასაარჩევნო გარემოზე საქართელოში? მიმდინარე გარემოებების გათვალისწინებით, შეუძლია თუ არა საქართველოს, ჩაატაროს სამართლიანი და კონკურენტუნარიანი არჩევნები და ამავდროულად, უზრუნველჰყოს საზოგადოებრივი ჯანდაცვა?
  • რა არის მთავარი გამოწვევები, რომლებმაც, შესაძლოა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას შეუშალოს ხელი?
  • როგორ შეუძლიათ საარჩევნო პროცესის დემოკრატიულობით დაინტერესებულ მხარეებს პანდემიის შედეგად შექმნილი ახალი გამოწვევების დაძლევა?
  • რისი გაკეთება არის შესაძლებელი იმის უზრუნველსაყოფად, რომ არჩევნების შედეგები ყველა მხარემ აღიაროს? რა ანიჭებს არჩევნებს ლეგიტიმურობას?

 

 პირველი პანელის მომხსენებლები იყვნენ:

  • თამარ ჟვანია, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე;
  • გიორგი წერეთელი, ევროპული საქართველო, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი
  • მამუკა ხაზარაძე, ლელო საქართველოსთვის
  • სალომე სამადაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

 

პირველ პანელს მოდერირებას საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დირექტორი საქართველოში, ჯონ დიპირო უწევდა. მისი თქმით, 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, საქართველო ისეთი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, როგორებიცაა ახალი საარჩევნო რეფორმა, დემოკრატიული პოლიტიკური გარემო, გაღრმავებული პოლიტიკური პოლარიზაცია და სხვა.  ამას ის სირთულეებიც ემატება, რაც დღეს, პანდემიით გამოწვეულმა საგანგებო მდგომარეობამ  შეუქმნა მსოფლიოს.

Covid-19-ის პირობებში საარჩევნო გარემოსთვის შექმნილი გამოწვევები დეტალურად განიხილა თამარ ჟვანიამ, პანელის პირველმა მომხსენებელმა, რომელმაც აღნიშნა, რომ სირთულეები არა მხოლოდ უშუალოდ არჩევნების ორგანიზების პროცესს შეეხო, არამედ სხვადასხვა საგანმანათლებლო-სასწავლო აქტივობასაც, რომელსაც ცესკო ინტენსიურად ახორციელებს. მისი თქმით, პანდემიით გამოწვეული გაურკვევლობის მიუხედავად, ცესკო სიტუაციური ანალიზის გათვალისწინებით სრულ მზადყოფნაშია, რათა გამართულად და უსაფრთხოდ ჩაატაროს არჩევნები დაგეგმილ დროს. როგორც თამარ ჟვანიამ თქვა, ამ ეტაპზე არავითარი დისკუსია ხმის მიცემის ელექტრონული წესით ჩანაცვლებაზე ან თარიღის შეცვლაზე არ მიმდინარეობს.  ცესკო აქტიურად მუშაობს ონლაინ პლატფორმების გამოყენებაზე ისეთი პროცესების მართვის გამარტივების მიზნით, როგორებიცაა ამომრჩევლის მიერ სიების გადამოწმება, პარტიების, დამკვირვებლებისა და კომისიის წევრების რეგისტრირება და დაკომპლექტება. ცესკო-ს თავმჯდომარის თქმით, ამჟამად, საარჩევნოდ პრიორიტეტული საკითხებია: პანდემიასთან დაკავშირებული რეკომენდაციების მაქსიმალურად გათვალისწინება, პარტიების მხრიდან საერთო კონსენსუსის მიღწევა საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით და ამომრჩევლის მაქსიმალური ინფორმირების უზრუნველყოფა ამგვარ სიტუაციაში უსაფრთხო ხმის მიცემის შესახებ.

გიორგი წერეთლის მოხსენება შეეხო იმ გამოწვევებს, რომლებიც  არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის, არამედ დემოკრატიის აღდგენას უკავშირდება პანდემიის პირობებში. იგი მიიჩნევს, რომ დემოკრატიზაციის პროცესებში ქართული კონტექსტის გათვალისწინება მნიშვნელოვანია, რადგანაც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დისკურსი საარჩევნო პროცესს ისედაც ართულებს. გარდა იმისა, რომ დღის წესრიგში დგას გაჭიანურებული საკანონმდებლო პროცესი, გამოწვევაა საარჩევნო ადმინისტრაციის მომზადებაც და პანდემიის პირობებში, სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა ხმის მიცემისა და მონიტორინგისთვის. გიორგი წერეთლის თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის  ორივე ასპექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ უნდა დავუმტკიცოთ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება შეგვიძლია.

სალომე სამადაშვილმა თავის მოხსენებაში, ყურადღება დამძიმებულ სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე გაამახვილა, რასაც იგი დამატებით რისკად მიიჩნევს ხელისუფლების მხიდან ამომრჩევლით მანიპულაციისთვის. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მან აქცენტი გააკეთა, არის ამომრჩევლის ნდობის დაბალი ხარისხი არჩევნების მიმართ. ამის საილუსტრაციოდ სალომე სამადაშვილმა, თქვა, რომ არჩვენებამდე 4 თვით ადრე ისიც კი არ არის გადაწყვეტილი, რა ფორმატით ჩატარდება არჩევნები და ამას ხელს უწყობს წინააღმდეგობრივი სახელისუფლებო განცხადებები და გაჭიანურებული საკონსტიტუციო პროცესები. სალომე სამადაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ პანდემიამ  არჩევნებზე გავლენა უკვე მოახდინა იმ მხრივ, რომ მან შეცვალა გარემოებები წინასაარჩევნო კამპანიისთვის და არათანასწორ მდგომარეობაში ჩააყენა ოპოზიციური ძალები. აქედან გამომდინარე, თავის მოტყუება იქნება, თუ ვიტყვით, რომ დღეს, საქართველოში პანდემიით გამოწვეული ტექნიკური პრობლემები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია არჩევნებისთვის, ვიდრე არსებული პოლიტიკური კონტექსტი და ამ სიტუაციასთან გასამკლავებლად საჭირო პოლიტიკური კონსენსუსი.

პირველი პანელის ბოლო მომხსენებელი მამუკა ხაზარაძე გახლდათ. მან ხაზი ინტერპარტიული თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა და თქვა, რომ ასეთ კომპლექსურ სიტუაციაში ერთი პარტიის მიდგომა არ არის საკმარისი და რომ სიტუაციასთან გასამკლავებლად  სხვადასხვა მხარის შეხედულებები უნდა იყოს გაზიარებული. მისი დაკვირვებით, ადამიანის ჯანმრთელობა პოლიტიზირების საგნად იქცა ხელისუფლების მხრიდან, – ხელისუფლება ყოველთვის იყენებს არჩევნებს და თავის რესურსებს პოლიტიკური მიზნებისთვის. შესაბამისად, ნებისმიერ არჩევნებს 30 წლის განმავლობაში ისტორიულად ახლავს ნეგატიური კონტექსტი. მამუკა ხაზარაძისთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობა სამართლიანი თამაშის წესების შესამუშავებლად. მან,ასევე, გააკრიტიკა ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ამომრჩევლის ირიბ მოსყიდვად შეაფასა. ეს გეგმა, მისი აზრით, არ არის მორგებული ეკონომიკის აღდგენაზე. მისი ინიციატივაა, რომ საერთაშორისო მონიტორინგი მხოლოდ უშუალოდ საარჩევნო პროცესით კი არ შემოიფარგლოს, არამედ წინასაარჩევნო გარემოც გახდეს დაკვირვების საგანი.

მომხსენებლების გამოსვლები დისკუსიითა და კითხვა-პასუხის სესიით გაგრძელდა. პირველ პანელზე დამსწრეების შეკითხვები ძირითადად შეეხებოდა არჩევნების ორგანიზების ტექნიკურ და ლოჯისტიკურ ალტერნატივებს, პანდემიის პირობებში პარტიების ამომრჩეველთან კომუნიკაციას, პარტიებს შორის კოორდინაციის საკითხს, ქართულ პოლიტიკურ გარემოში სიძულვილის ენას და სხვა.

კონფერენციის მეორე პანელი, ასევე ონლაინ პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით, 1 ივლისსთბილისის დროით 16:00 საათზე გაიმართება თემაზე – საერთაშორისო აქტორები და არჩევნები. ამ თემაზე სასაუბროდ კონფერენციის მეორე პანელი  საქართველოში დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს უმასპინძლებს.

რეგისტრაციისა და მეტი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე >>

უფრო დეტალურ ინფორმაციას პირველი პანელის მოხსენებების შესახებ GIP კონფერენციის დასრულების შემდეგ, შემაჯამებელ ანგარიშში გამოაქვეყნებს.

GIP-ის ყოველწლიური კონფერენცია ორგანიზებულია NED – დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის ფინანსური დახმარებით.

პირველი პანელის ჩანაწერის ნახვა ქართულ ენაზე შესაძლებელია  აქ >>

პირველი პანელის ჩანაწერის ნახვა ინგლისურ ენაზე შესაძლებელია  აქ >>

 

, , , ,