08/09/2022 keta

დახურული დისკუსია – უსაფრთხოება და გეოპოლიტიკური ცვლილებები შავი ზღვის რეგიონში – შედეგები საქართველოსა და სამხრეთ კავკასიისთვის

2022 წლის 7 სექტემბერს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტისა (GIP) და გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს (DGAP) ორგანიზებით, გაიმართა დახურული დისკუსია – „უსაფრთხოება და გეოპოლიტიკური ცვლილებები შავი ზღვის რეგიონში – შედეგები საქართველოსა და სამხრეთ კავკასიისთვის“. ღონისძიება ჩატარდა DGAP-ის ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის გარშემო კვლევითი ორგანიზაციების ქსელის ფარგლებში, ევროკომისიის მხარდაჭერით. დახურული დისკუსია ინგლისურ ენაზე წარიმართა და მის ფარგლებში 25-მდე მოწვეულ ექსპერტს შესაძლებლობა ჰქონდა, ერთმანეთისთვის გაეზიარებინა შეხედულებები შავი ზღვის სივრცის უსაფრთხოების, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებებისა და ამ პროცესებში ევროკავშირის როლის შესახებ.

სამუშაო შეხვედრას მოდერაცია გაუწია რენატა სკარჯუტე-კერესელიძემ, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ. ღონისძიება გახსნა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის  დირექტორმა, პროფ. კორნელი კაკაჩიამ. ასევე, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს საერთაშორისო წესრიგისა და დემოკრატიის პროგრამის ხელმძღვანელმა დოქტ. შტეფან მაისტერმა, საერთაშორისო მშვიდობის ოპერაციების ცენტრის (ZiF) უკრაინის მედიაციის მრჩეველმა ვილფრიდ ილგემ, და საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა. მათ მოკლედ მიმოიხილეს სამუშაო შეხვედრის ძირითადი საკითხები. შეხვედრის პირველ ნაწილს მოჰყვა ღია დისკუსია მოწვეულ ექსპერტებს შორის.

დისკუსია შემდეგი საკვანძო შეკითხვების გარშემო წარიმართა:

  • რა გავლენას ახდენს რუსეთის ომი უკრაინაში შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე?
  • როგორ აღიქმება მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებები სამხრეთ კავკასიის რეგიონში და განსაკუთრებით საქართველოში?
  • რა გავლენას ახდენს ეს ცვლილებები რეგიონულ უსაფრთხოებასა და კავშირებზე?
  • როგორია თურქეთის როლი რეგიონში?
  • როგორ უნდა ადაპტირდეს ევროკავშირი ახალ სიტუაციასთან?

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ექსპერტებმა განიხილეს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და ყურადღება გაამახვილეს იმაზე, თუ როგორ შეცვალა ამ ომმა არა მხოლოდ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა, არამედ უშუალო გავლენა მოახდინა ევროკავშირის პოლიტიკაზე. რუსეთის სამხედრო აგრესიამ გეოპოლიტიკური ცვლილებები გამოიწვია ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოსა და შავი ზღვის რეგიონში. შავი ზღვის სივრცე რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირების ცხელ წერტილად იქცა და კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დარჩება რუსეთს, უკრაინას, თურქეთს, ევროკავშირსა და ნატოს შორის დაპირისპირების სივრცედ. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს შავი ზღვის, როგორც  ერთი მხრივ ევროპისა და აზიის, ხოლო მეორე მხრივ, რუსეთისა და ახლო აღმოსავლეთის დამაკავშირებელი რგოლის როლზე.

გარდა ამისა, სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს შავი ზღვის რეგიონის გაზრდილ როლს ევროკავშირის უსაფრთხოებაში უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. ექსპერტებმა ასევე ისაუბრეს იმაზე, რომ შავი ზღვის რეგიონი ევროკავშირისთვის თურქეთთან კომპლექსური ურთიერთობისა და რუსეთთან დაპირისპირების გადაკვეთის სივრცეს წარმოადგენს. თუმცა, ყოველივე ამის გათვალისწინებით, ევროკავშირისა და შავი ზღვის სინერგიამ ჯერ კიდევ ვერ მოახერხა რეგიონში უსაფრთხოების ძირითადი პრობლემების გადაჭრა. შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებმა განიხილეს შესაძლო სცენარები შავი ზღვის ფართო რეგიონისთვის, რომლის მიხედვითაც რეგიონს შეეძლება სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის სივრცის დანარჩენი სახელმწიფოების რეგიონული თანამშრომლობის მთავარ პლატფორმად იქცეს, რომლის ძირითადი ფოკუსი იქნება კავშირები (ენერგია, ტრანსპორტი) და უსაფრთხოება.

, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,