18/04/2022 GIP

COVID -19 პანდემიის გავლენა ახალგაზრდების დასაქმებაზე

ანა მამულაშვილი

Covid -19 პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკა უზარმაზარი გამოწვევების წინაშე დააყენა და მთელი რიგი პროცესებისა და აქტივობების შენელება გამოიწვია. ცხადია, საქართველო ამ კრიზის მიღმა არ დარჩენილა, პირიქით ეკონომიკური რეცესია საშუალო და დაბალშემოსავლიან ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე უფრო მეტად აისახა. დასაქმების და უმუშევრობის პრობლემა  დიდი ხანია ერთ-ერთ ყველაზე დიდ ეკონომიკურ გამოწვევად ითვლება. წლებია, რაც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ანგარიშებში, საქართველო ყველაზე მაღალი უმუშევრობის დონის მქონე ქვეყნების ოცეულში შედის. უმუშევართა შორის  ახალგაზრდები განსაკუთრებული მოწყვლადობით ხასიათდებიან.

პოსტ-პანდემიურ პერიოდში  ახალგაზრდებისთვის შრომის ბაზარზე წვდომა კიდევ უფრო გართულდა. ახალგაზრდებს პრობლემები შეექმნათ, არამხოლოდ უმუშევრობის, არამედ ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის მხრივაც, რაც სამომავლოდ მათი დასაქმების პერსპექტივებზეც აისახება. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში ბუნებრივად დგება  საქართველოში COVID-19 გავლენის მიმოხილვა ახალგაზრდების დასაქმების დონესა და ბარიერებზე რის ანალიზსაც ცდილობს წინამდებარე ბლოგი.

პანდემიის გავლენით შემცირებული სამუშაო ადგილები და გაზრდილი უმუშევრობა

კოვიდ პანდემიამდე საქართველოში ყველაზე მაღალი უმუშევრობის დონე ახალგაზრდებში ფიქსირდებოდა. კვლევების თანახმად, 2019 წელს, 15-29 წლის ახალგაზრდების აქტიურობის დონემ 60%-ს მიაღწია, ხოლო უმუშევართა სტატუსით სამუშაო ძალის 30,7% აღირიცხა. ახალგაზრდებში ასეთი მაღალი უმუშევრობის სავარაუდო მიზეზებია: 1) მათ მიერ შერჩეულ პროფესიებზე დაბალი მოთხოვნა შრომის ბაზარზე;  2) მათი კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შეუსაბამობა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან.

geostat.ge 2020

 

2016 წელს, საქართველოს მთავრობამ უმუშევრობასთან ბრძოლისთვის შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ზომების გატარება პრიორიტეტად დაისახა. შემუშავდა 2016-2018 წლების სტრატეგია, რომელიც განსაკუთრებულ აქცენტს მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის ახალგაზრდების შრომითი ინტეგრაციის, პროდუქტიული დასაქმებისა და შემოსავლების გენერირების შესაძლებლობების გაზრდაზე აკეთდებდა. 2020 წელს შეიქმნა სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, რომელმაც გააფართოვა დასაქმების ხელშეწყობის პროგრამები, დაიწყო შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის, კერძოდ ციფრული პორტალის www.worknet.gov.ge ადმინისტრირება.

ნიშანდობლივია, რომ 2020 წლის მაისიდან კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შემსუბუქების მიზნით შექმნილი სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთ განმახორციელებელ უწყებად დასაქმების სააგენტო განისაზღვრა. სააგენტოს მიერ პანდემიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის კომპენსაციის გაცემისა და ადმინისტრირების პროცესებში ჩართვამ მათი მუშაობა საგრძნობლად შეამცირა და ფაქტობრივად ფუნქცია შეუცვალა. შესაბამისად, ცხადია რომ ყველაზე კრიზისულ პერიოდში სააგენტომ ვერ უზრუნველყო უმუშევრობის კუთხით  ვითარების გაუმჯობესება.

COVID 19 პირობებში დასაქმების კუთხით არსებული პრობლემების გამწვავება პირველ რიგში ეპიდსიტუაციის არასწორი მართვისა და გამკაცრებული რეგულაციებით იქნა გამოწვეული. მაგალითისთვის, მოცემულ რეალობაში დისტანციური მუშაობა განსაკუთრებით აქტუალური გახდა, თუმცა ქართულ შრომის ბაზარზე ასეთ მეთოდთან მორგების ფუფუნება უმეტესობას არ აღმოაჩნდა. დასაქმებულთა დიდი ნაწილი იძულებული გახდა,  ,,სახლში დარჩეს” და უხელფასო შვებულებით ისარგებლოს ან დაკარგოს სამსახური. ამასთანავე აღსანიშნავია ისიც, რომ მომსახურების სფერო, სადაც ახალგაზრდების უმეტესი ნაწილია დასაქმებული დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას ნაკლებად ექვემდებარება, ხოლო დასაქმებულები  რეგულაციებიდან გამომდინარე მთელ რიგ პრობლემებს აწყდებიან.

საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევების თანახმად, კოვიდ პანდემიის პერიოდში ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა, კერძოდ 6 დასაქმებული ახალგაზრდიდან ერთმა დაკარგა სამსახური, ხოლო მათ, ვინც შეინარჩუნა სამუშაო ადგილი, 23%-ით შეუმცირდა სამუშაო საათები. დასაქმებულთა დიდმა ნაწილმა იძულებით ისარგებლა ან ახლაც სარგებლობს უხელფასო შვებულებით.

გაეროს ბავშვთა ფონდის შეფასებით, პანდემიამ ახალგაზრდებისთვის გლობალური შრომის ბაზარი შეცვალა სამი მიმართულებით: შემცირებული შემოსავლები და დასაქმება, დიდი სირთულეები სამუშაოს ძიებაში ან უკეთეს ადგილზე გადასვლაში და განათლების/ტრენინგების შეწყვეტა, რაც გავლენას ახდენს სამომავლო დასაქმების შესაძლებლობაზე. პირველი ორი ეკონომიკური პრობლემა პანდემიის დაწყებიდან  მალევე აისახა ადამიანთა ყოველდღიურობაზე, თუმცა ჯერ-ჯერობით შეუძლებელია განისაზღვროს განათლების ხარისხის შესუსტების გავლენა სამომავლო დასაქმების პერსპექტივებზე. იქიდან გამომდინარე, რომ ხარისხიანი განათლება აუცილებელია  მომავალში წარმატებით დასაქმებისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია არ მოხდეს ამ სფეროს შეფერხება, თუმცა საქართველოს არც ამ მიმართულებით უმუშავია ეფექტიანად.

ხარისხიანი განათლება, როგორც დასაქმების წინაპირობა COVID 19 პანდემიის პირობებში

როგორც დასაქმების კუთხით, ასევე განათლების სისტემაში, პანდემიამდეც ბევრი ხარვეზი არსებობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებები გადავიდნენ ციფრულ პლატფორმებზე, საგრძნობლად დაეცა განათლების ხარისხი. ამ შემთხვევაშიც ეპიდვითარების არაეფექტურ მართვასთან გვაქვს საქმე, რაც არასწორად დასახულ პრიორიტეტებს გულისხმობს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ქვეყანის მიდგომები რეგულაციების კუთხით მიმართულია პრობლემის მოკლევადიან მოგვარებაზე, ნაცვლად მდგრადი გადაწყვეტის გზების ძიებისა. რეალურად, განათლების სფეროს ჩრდილში მოქცევა პირდაპირ პროპორციულია სამომავლო ეკონომიკური კრიზისისა. მაგალითისთვის, გერმანიამ განათლება პრიორიტეტულ ადგილზე დააყენა და ყველაზე ნაკლებად საგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობა შეზღუდა, რაც ცხადია ახალგაზრდებისთვის სამომავლო დასაქმების პერსპექტივებზე დადებითად აისახება.

პანდემიამდე საქართველოში არ იყო დანერგილი დისტანციური სწავლების პრაქტიკა შემდეგი მიზეზების გამო: 1) არ იყო აღიარებული განათლების ფორმად და 2) საზოგადოებაში გავრცელებული იყო აზრი, რომ დისტანციური განათლება ნაკლებ ეფექტიანია და შესაბამისად საზოგადოების მხრიდან არ იყო ინტერესი და სურვილი, სახელმწიფოს სწავლების ელექტრონული ფორმა დაენერგა. აღნიშნულ სისტემაზე  გადასვლის შედეგად შეფერხდა სწავლების პროცესი და  მივიღეთ ხარისხიანი განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვები და ახალგაზრდები. შეიზღუდა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების პროცესი, მათ შორის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. უნივერსიტეტების დიდი ნაწილი პრაქტიკულ სწავლებას ახორციელებს ვირტუალურ სივრცეში. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საგანმანათლებლო პროცესში მეტი ყურადღება ექცევა თეორიას და მინიმუმამდეა შემცირებული პრაქტიკული სწავლება მაშინ, როდესაც თანამედროვე და პროგრესული სწავლების სისტემა  გულისხმობს მაღალ ინტერაქციასა და პრაქტიკული მეთოდოლოგიისთვის მეტი მნიშვნელობის მინიჭებას. ამ ყოველივეს თან ერთვის დისტანციური სწავლების ორგანიზებასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული პრობლემებიც. კერძოდ, სასწავლებლები არ იყო აღჭურვილი დისტანციური სწავლებისთვის საჭირო ტექნოლოგიებით, გამოვლინდა ბევრი პრობლემა ციფრული უნარების ნაკლებობის კუთხით. გარდა ამისა, წვდომა ინტერნეტსა და კომპიუტერებზე საქართველოში ჯერ კიდევ შეზღუდულია. სოციალურად დაუცველ და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს კი დამატებით სხვა პრობლემებთან ერთად, ეს სირთულე უფრო მწვავედ შეეხოთ, თუმცა სახელმწიფოს ამ კუთხით პასუხისმგებლობა არ აუღია. მაგალითად, 2019 წლის მონაცემებით, ინტერნეტზე წვდომა ჰქონდა შინამეურნეობების 79.3%-ს, საქალაქო დასახლებაში – 86.1%-ს, ხოლო სასოფლო დასახლებაში – 69.9%-ს, კომპიუტერებზე კი იგივე მაჩვენებლები-74.6% და 44.7%-ია.

დასკვნა

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ COVID-19 პანდემიამ უკვე არსებული სიტუაცია ახალგაზრდების დასაქმების კუთხით საგრძნობლად გააუარესა. მთავრობის ანტიკრიზისულმა გეგმამ გამოიწვია უმუშევრობის დონის ზრდა და პრობლემა ყველაზე მკვეთრად მოწყვლად ჯგუფებს შეეხო. ზოგადი მდგომარეობით სახელმწიფოს მხრიდან წარმოებული დასაქმების პოლიტიკა არაეფექტიანია, არ ხდება საკითხის სისტემურად შესწავლა და მასზე ქმედითი რეაგირების მოხდენა. საჭიროა მეტი ყურადღება დაეთმოს ახალგაზრდების დასაქმების საკითხს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია COVID-19 პანდემიის შედეგად მიღებული ზიანის დღის წესრიგში დაყენება, ვინაიდან ახალგაზრდების დასაქმების და სამსახურის დაკარგვასთან დაკავშირებული პრობლემები სამომავლოდ გამოიწვევს მთელი რიგი პროცესების შენელებას, რომელიც ქვეყანას არ მისცემს განვითარების საშუალებას.

ამასთანავე არავინ იღებს პასუხისმგებლობას ტრადიციულიდან ციფრულ საგანმანათლებლო მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაზე, რაც ასევე ნეგატიურ გავლენას ახდენს ახალგაზრდების განათლებასა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ყოველივე მომავალში მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორი გახდება მათი დასაქმებისთვის.

 

[ბლოგი მომზადდა “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო თემატური ჯგუფის – „ახალგაზრდების დასაქმება“  წევრის, ანა მამულაშვილის მიერ. პროექტი ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, USAID/Georgia-ის ფინანსური მხარდაჭერით]. 

Photo Credit

, , ,