GIP-ისა და FES-ის ორგანიზებით გაიმართა საჯარო დისკუსია პოპულიზმისა და პოლარიზაციის შესახებ
22 ივლისს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ორგანიზებით გაიმართა საჯარო დისკუსია ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა პოპულიზმი, პოლარიზაცია და მათი გავლენა არჩევნებზე საქართველოსა და ევროპაში.
უკვე წლებია, პოპულიზმის მომძლავრება მიიჩნევა ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად დემოკრატიისთვის. მიგრანტთა კრიზისი, ბრექსიტი და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მომძლავრებული არალიბერალური დემოკრატიები წარმოადგენს მხოლოდ რამდენიმე შემთხვევას, რომელმაც მოიცვა პოლიტიკური დებატები და გარკვეული მოსაზრებით, ევროკავშირი თავის ზღვარზე მიიყვანა. პირველად მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ევროპაში თანამშრომლობის შესახებ საკვანძო გადაწყვეტილებებზე, როგორც ჩანს, გავლენას ახდენს სხვადასხვა პოპულისტური პარტიების გაძლიერება, რომლებიც ძირითადად, პოლიტიკური სპექტრის უკიდურეს მარჯვენა ფლანგს წარმოადგენენ. იმის ფონზე, რომ ტრადიციული პოლიტიკური პარტიების საარჩევნო მხარდაჭერა კლებულობს, მემარჯვენე პოპულისტების აღმასვლა თვალშისაცემია.
დებატები გახსნა ანდრეი კროუელმა (André Krouwel), ვრიჟეს უნივერსიტეტის (ამსტერდამი) შედარებითი პოლიტიკისა და კომუნიკაციების ასოცირებულმა პროფესორმა. თავის ვრცელ კვლევებზე დაყრდნობით, რომელიც შეეხება არჩევნებს ევროპაში, პროფესორმა კროუელმა განიხილა პოპულიზმი და პოლარიზაცია და ასევე, ისაუბრა იმაზე თუ რა შეიძლება იწვევდეს “ანტი-ისტებლიშმენტ” განწყობებს. კროუელის პრეზენტაციის შემდეგ, პანელზე განიხილეს ამგვარი ტენდენციებს გავლენა თანამედროვე საქართველოზე და თუ როგორ ზემოქმედებას იქონიებს ეს ყველაფერი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.
დისკუსიას მოდერატორობა გაუწია საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა კორნელი კაკაჩიამ. ასევე, მასში მონაწილეობა მიიღეს გია ნოდიამ (კავკასიის კვლევის საერთაშორისო სკოლის დირექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), მარინა მუსხელიშვილი (პოლიტიკური მეცნიერების პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და დავით უსუფაშვილი (შენების მოძრაობა).